თბილისის საკრებულოში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს უმასპინძლეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში კამპანიის - ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების და ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი პირების მიღება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

სტუმრებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და საკრებულოს წევრებმა უმასპინძლეს.

საქართველოს ქალთა ნაკრები ინდოეთის ქალაქ ჩენაიში დასრულებულ 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. ნაკრებმა პირველობა უკრაინელ მოჭადრაკეებთან გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლით მეორე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა, 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ, საუკეთესო შედეგი აჩვენა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მეცხრედ მოიპოვა მედალი საჭადრაკო ოლიმპიადაზე.

„ დღეს თბილისის საკრებულოში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ვუმასპინძლეთ, რომლებმაც 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჩვენს მოჭადრაკეებს კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებას და მადლობას ვუხდი საქართველოს სახელით არაერთი საპატიო ჯილდოს მოპოვებისთვის. მჯერა, ჩვენს ეროვნულს ნაკრებს წინ ბევრი გამარჯვება ელოდება და ქართველი მოჭადრაკეები საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს”,-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

2022 წლის მსოფლიო 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობისთვის საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს ნანა ძაგნიძეს, ნინო ბაციაშვილს, ლელა ჯავახიშვილს, სალომე მელიას და მერი არაბიძეს, ასევე ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გუნდის კაპიტანს დავით ჯოჯუას და ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს სიგელები გადაეცათ.

„ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მასპინძლობა საკრებულოში ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის. მიხარია, რომ ჩვენი კამპანიის „ წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში, გვქონდა შესაძლებლობა, ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდებისთვის სამახსოვრო საჩუქრები გადაგვეცა და მადლობა გადაგვეხადა ყველაფერი იმისთვის, რასაც ისინი ქართული სპორტის განვითარებისთვის აკეთებენ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიება კამპანიური ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს