ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი „მინისტრი“ მარატ პავლოვი წარუდგინა. ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, „პრეზიდენტმა“ შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს
მოაწერა.
ალან გაგლოევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარატ პავლოვი დიდი ხნის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა თავდაცვის დეპარტამენტთან და მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა „რესპუბლიკის“ თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაში.
მანვე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის საკითხებიც ახლად დანიშნული მინისტრის კომპეტენციაშია.
თავის მხრივ, მარატ პავლოვმა მადლობა გადაუხადა ალან გაგლოევს ნდობისთვის და განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური უზრუნველყოფის დონის ამაღლებას და წელს იგეგმება სამხედრო და თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების ფულადი შემწეობის ინდექსირება“, - განაცხადა მან.
სხვა ბრძანებულებით, გაგლოევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი - „რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ვიქტორ ფიოდოროვი.