საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „ინოვაციური ტექნოლოგიების - ბეტონის ტილოს გამოყენება წყლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარზე, რომელიც სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტისა და ქართული კომპანია „მომავლის ტექნოლოგიების“ ორგანიზებით ჩატარდა, ძირითადი მომხსენებელი ბრიტანული კომპანია United Concrete Canvas-ის ინჟინერ-ტექნოლოგი იან ვუდკოკი იყო.

სემინარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სტუ-ის პროფესორი თამაზ შილაკაძე, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი, კომპანია „მომავლის ტექნოლოგიების“ დირექტორი დავით ჯორბენაძე, საქართველოში მოქმედი მელიორაციის, წყალმომარაგების, სამშენებლო და საპროექტო კომპანიების მენეჯერები ესწრებოდნენ.

United Concrete Canvas-ის ინჟინერ-ტექნოლოგმა, იან ვუდკოკმა სემინარის მონაწილეებს ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებული ბეტონის ტილოს, იგივე გეოსინთეტიკური მაცემენტირებელი კომპოზიტური საგების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. როგორც ბრიტანელმა ინჟინერმა აღნიშნა, ბეტონის სხვადასხვა ზომის, ფართობისა და სისქის ელასტიკური ტილოები საერთაშორისო პრაქტიკაში, სხვადასხვა დარგში უკვე ფართოდ გამოიყენება და მისი საექსპლუატაციო ვადა, თვისებების დაკარგვის გარეშე, 50 წელია.

პრეზენტაციისას იან ვუდკოკმა ბეტონის ტილოს ისეთ ტექნიკურ მახასიათებლებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: ტრანსპორტირების სიმარტივე, სამუშაოების ჩატარების ადგილებში 2 წელზე მეტი ვადით შენახვის შესაძლებლობა, იოლი მონტაჟი ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში და დაგების მაღალი სიჩქარე - მათ შორის წყალქვეშ, დატენიანების შემდეგ 24 საათის განმავლობაში სიმტკიცის აკრება, დარტყმების, ცვეთისა თუ განივი რღვევის მიმართ მაღალი მდგრადობა და 100%-იანი ყინვაგამძლეობა. იან ვუდკოკის განმარტებით, ბეტონის ტილოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გამორეცხვის დაბალი სიჩქარე, რისი გათვალისწინებითაც ამ ინოვაციური პროდუქტის გამოყენება ეფექტურად არის შესაძლებელი წყალსადენებში. გარდა ამისა, ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით, სამშენებლო კომპანიებს 95%-მდე ნაკლები მასალის გამოყენება მოუწევთ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის განცხადებით, სემინარის ორგანიზატორთა მიზანია, ბეტონის ტილოების საქართველოს პირობებში გამოყენების მიზანშეწონილობა დაინტერესებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს თეორიულად და პრაქტიკულად გაუზიარონ.

„საქართველოში ბეტონის ტილოს გამოყენება გააქტიურებული ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების მართვის მიზნით არის მიზანშეწონილი, მაშინ, როცა ძლიერდება ნიადაგის ზედაპირის დეფორმაციები, ხდება გრუნტის ინტენსიური დაძვრა-ტრანსპორტირება. ჩვენი ქვეყანა არის ბუნებრივი კატასტროფების ცოცხალი ლაბორატორია - ყოველწლიურად ხდება ბუნებრივი კატასტროფები: წყალმოვარდნები, ღვარცოფები, ეროზიები, წყალდიდობები, მეწყრული პროცესები. სენსიტიური უბნები განსაკუთრებით ჭარბობს საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორიებზე, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, მცეთა-მთიანეთსა და კახეთში. ეს პროცესები, თავის მხრივ, იწვევს ნიადაგ-გრუნტის დეგრადაციას, კალაპოტურ ეროზიებს, მთის ფერდობებიდან ქვათა ცვენას და ა.შ. როგორც ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ბეტონის ელასტიკურ ტილოებს მსოფლიოში უკვე წარმატებით იყენებენ სატრანსპორტო და ენერგოდერეფნების უსაფრთხოების, საინჟინრო ეკოლოგიის, მთიან ლანდშაფტებში განთავსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული ძეგლების დაცვის, მელიორაციის, ირიგაციის, სადრენაჟე ქსელების, წყალმომარაგება-წყალარინების, ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით. დაფენილი ტილო წყლის ზემოქმედებით აღწევს ბეტონის სიმტკიცეს და იღებს ნებისმიერი ზედაპირის კონფიგურაციას. რაც მთავარია, ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ამ კომპოზიტური მასალის გამოყენება გაცილებით რენტაბელური და ტექნიკურადაც მარტივი პროცედურაა. მსგავსი ინოვაციური ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს არა მხოლოდ წარმოებაში, არამედ სასწავლო პროგრამებში, რათა ახალგაზრდებმა მათი გამოყენება სამოქალაქო და ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში შეძლონ“, - აღნიშნა გივი გავარდაშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის საცდელ ლაბორატორიაში ბრიტანული კომპანია United Concrete Canvas-ის წარმომადგენელებმა ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებული ბეტონის ტილოს დაგების დემონსტრირება რეალურ დროში ჩაატარეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს თამაზ შილაკაძის შეფასებით, აუცილებელია, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მხრივ, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რასაც ჩვენს ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების გონივრულად და სწორად დანერგვა მოჰყვება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მასთან არსებული წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ინიციატივით, ამ ტიპის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი მოეწყო და მას დარგის სპეციალისტები, კომპანიების წარმომადგენლები და მეცნიერები დაესწრნენ. ეს ნიშნავს, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების ასათვისებლად ქმედითი ნაბიჯები იდგმება. რაც დღეს ვიხილეთ, მართლაც ძალიან საინტერესოა. ჩემი აზრით, მიმართულება სწორია და ამ ინოვაციური ტექნოლოგიის გონივრულად დანერგვა საქართველოს პირობებში შესაძლებელია, თუმცა პირველ რიგში, აუცილებელია იმ ობიექტების დეტალური შესწავლა მოხდეს, სადაც ბეტონის ტილოების გამოყენება დაიგეგმება. ზოგადად, ყველა ინოვაციური ტექნოლოგია სწორად უნდა იქნას გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, ამ სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს დადებითი შედეგები მოჰყვება, რადგან ეს კონკრეტული ინოვაციური მიმართულება, დროის ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლებელს ხდის დასახული მიზნის განხორციელებას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მსგავსი ტექნოლოგიები ჩვენმა ქვეყანამაც გონივრულად უნდა გამოიყენოს“, - აღნიშნა თამაზ შილაკაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა