საქართველოში 2026 წლამდე 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გარდა სკოლებისა, იგეგმება ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაც.
„წინა კვირაში გვქონდა შეხვედრა ბატონ მიხეილ ჩხენკელთან და დეტალურად გავიარეთ 800 სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. მოგეხსენებათ, იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამის საორიენტაციო ღირებულება, დაახლოებით, 1 მილიარდ ლარს შეადგენს. სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება ტენდერი 80 ახალ სკოლაზე და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე. დანარჩენი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდება 2023-2024 წლებში. 800 სკოლის რეაბილიტაცია 2026 წლამდე დასრულდება. გვინდა, 2024 წლამდე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოვასწროთ. ეს არის ჩვენი გეგმა. ამას გარდა, დავავალე შესაბამის უწყებებს და ვამუშავებთ ბაღების ანალოგიურ პროექტს. გვინდა, რომ ახალი პროგრამა გამოვაცხადოთ. მოგეხსენებათ, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში და სოფლებში ბაღები სავალალო მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, სკოლების გარდა აუცილებელია საბავშვო ბაღებიც გამართული, ევროპული სტანდარტის იყოს. ღირსეულ პირობებში უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები. ამ პროგრამას უახლოეს რამდენიმე კვირაში მოვამზადებთ და წარმოგიდგენთ ინფორმაციას დეტალურად, თუ რას ვგეგმავთ და როდის დაიწყება ბაღების რეაბილიტაციის პროგრამაც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.