საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მთავრობის წევრებს სამოქმედო გეგმის დეტალები გააცნო.
„აღსანიშნავია, რომ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაფუძნებულია 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ წარდგენილ 10-წლიან გეგმაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს შეუწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას.
დოკუმენტში, სიტუაციური ანალიზის ჩატარების შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განსაზღვრულია სამი ძირითადი სექტორულ-პრიორიტეტული მიმართულება:
თავის მხრივ, დოკუმენტში, სექტორული პრიორიტეტების საფუძველზე, განსაზღვრულია 15 სტრატეგიული მიზანი და 28 ამოცანა.
სტრატეგია ასევე მოიცავს ევროკავშირის, გაეროს, მსოფლიო ბანკის, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ განათლებისა და მეცნიერების სექტორში გამოვლენილი გამოწვევების დასაძლევად შემუშავებულ რეკომენდაციებსაც.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, რომელიც თან ერთვის სტრატეგიას, ის წარმოადგენს პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად დროში გაწერილ კონკრეტულ, შესაბამის მიზნებზე ორიენტირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ აქტივობებს პასუხისმგებელი მხარეებისა და შესაბამისი შედეგების ინდიკატორების მითითებით. სამოქმედო გეგმა კვარტალური პრინციპით არის გაწერილი და მოიცავს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებულ განხორციელების სამწლიან პერიოდს.
მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. დოკუმენტი შემუშავდა პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“, მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“, UNDP Georgia-ს და ევროკავშირის პროგრამის Skills for jobs-ის ექსპერტების მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად. სამუშაო პროცესში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი დარგის სპეციალისტები, დონორი ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის 304-ე დადგენილებით შექმნილი 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრები.
პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების, საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ონლაინ ფორმატში გამართა საჯარო კონსულტაციები, რომელთა საფუძველზე მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია შემუშავდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.