სახალხო დამცველის არჩევა - ახალი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
რუსეთმა ევროპას გაზი ისევ შეუწყვიტა - “შანტაჟია, ქვეყნები ზამთრისთვის რეზერვებს ავსებენ და პუტინი ცდილობს პროცესი შეაფერხოს”
მსოფლიო ზაპოროჟიეში ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექციის მოლოდინშია - რა შედეგით დასრულდება ოპერაცია
* * *
სახალხო დამცველის არჩევა - ახალი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
“ევროპული რეკომენდაციების მეთორმეტე პუნქტზე შეთანხმება, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას ეხება, შეიძლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ევროპული რეკომენდაციის მიხედვით, სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა მიენიჭოს და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ. როგორ უნდა შეირჩეს სახალხო დამცველი, ამ თემაზე მმართველმა გუნდმა კონსულტაციები უკვე გამართა საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან და არასამთავრობო სექტორთან. საზოგადოებას კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ, რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზურობას, ასევე იმას, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც იყოს მაქსიმალური ხასიათით და ოპონენტების აზრებიც იყოს გათვალისწინებული”, - აცხადებენ ”ოცნებაში”. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები ემთხვევა, თუმცა, ახლა გადამწყვეტი იქნება მთელი პროცესის განმავლობაში შენარჩუნდეს პარტიების კონსტრუქციულობა”. - წერს გზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სახალხო დამცველის არჩევა - ახალი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
“გამართლდება თუ არა არასამთავრობოების მოლოდინი, ძნელი სათქმელია, რადგან ოპოზიციის ნაწილმა, “ლელომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ნაცმოძრაობამ” განხილვების პროცესში მონაწილეობა არ მიიღო. მათი განცხადებით, მხარს არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისი პარტია პარალამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრებს არ დაესწრება და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდეგნილ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. “ნაციონალრი მოძრაობა" მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ისინი კანდიდატის შერჩევაზე უკვე მუშაობენ და მათ შერჩეულ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. ჩვენი ფრაქცია მზადაა, წარადგინოს ეს კანდიდატი, ჩვენ ვართ ერთადერთი დიდი ოპოზიციური ფრაქცია”, - აცხადებს დეკანოიძე. პარტია “მოქალაქეების” ერთ- ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი არ იზიარებს ოპოზიციონერი კოლეგების მოსაზრებას და აცხადებს, რომ სახალხო დამცველი შერჩეული უნდა იყოს იმ წესით, რაც ასახულია 12-პუნქტიან გეგმაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება სამი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, რომ პროცესში არ მონაწილეობენ, ისინი აზიანებენ პროცესს, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს. ისინი “ქართულ ოცნებას” აძლევენ არგუმენტს, რომ თუ ეს პროცესი წარუმატებლად დასრულდება, ყველაფერი ოპოზიციას დაბრალდება. ჩემთვის გაუგებარია ამას რატომ აკეთებენ”, - ამბობს იოსელიანი. “ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებელს” ერთი დირიჟორი ჰყავთ, და რომ პროცესებიდან გათიშვა და ზურგის შექცევა არის აბსოლუტურად დესტრუქციული. “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ რაც არ უნდა სწორი ფორმატი შესთვაზოს მმართველმა გუნდმა, დესტრუქციულ ოპოზიციას კონსტრუქციულ განხილვებში მონაწილეობას მაინც არ მიიღებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ახლა როგორ სახალხო დამცველსაც ვხედავთ, მისი პოზიციებიდან, განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ის არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანი, რომლის მონაცემებიც უნდა ავიღოთ, რათა სწორი წარმოდგენა გვქონდეს, როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი. ამის საპირისპიროდ ისეთი უნდა ავირჩიოთ, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიემხრობა. მაგრამ, როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი განხილვების პროცესში არ მონაწილეობს, ეს ნიშნავს რომ რაც არ უნდა სწორი ფორმულა შევთავაზოთ, კონსტრუქციულ განხილვაში მონაწილეობას მაინც არ მიღებს”, - აცხადებს გია ვოლსკი. პოლიტოლოგი რამაზ საყვარალიძე არ გამორიცხავს, რომ სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას უფრო გააღრმავებს, რაც პროცესს გააჭიანურებს. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანოს კანონში, ანუ ამ გზით გადაჭრას პრობლემა, რაც პოლიტოლოგის აზრით, საზოგადოების და დასავლეთის თვალში ცუდად იქნება აღქმული”, - დასძენს გამოცემა.
“სახალხო დამცველის არჩევა ოპოზიციის გვერდის ავლით ვერ მოხდება და შეთანხმება კანდიდატთან დაკავშირებით გაძნელდება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი ჰაერში დარჩება გამოკიდებული. ოპოზიციას კი ამ შემთხვევაში ექნება მიზეზი ეს საკითხი უფრო დრამატულად წარმოაჩინოს, როგორც საზოგადოების ისე დასავლეთის თვალში. რომ ეს არის ავტორიტარული სახელმწიფო და სახალხო დამცველსაც კი არ ირჩევს. მე ვფიქრობ, რომ კადიდატის შერჩევასთან დაკავშირებით გამოსავალი იქნება, თუ პროცესში ჩაერთვება საზოგადოება, კანდიდატი წარმოდგენილი იქნება აკადემიური წრეებიდან და არა მხოლოდ პარტიებისა და არასამთავრობო სექტორს მხრიდან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“არ ვიცი რა გეგმას წარმოადგენს “ოცნება”, მაგრამ სჭირდება 90 მანდატი, თავისი რაოდენობა არ ეყოფა და დასჭირდება ოპოზიციის მანდატები. ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს “ოცნების” მიერ დასახელებელ კანდიადატს, ამიტომ შეიძლება ხელისუფლებამ საკანონმდელო ცვლილებები შეიტანოს კანონში და ეს გზა აირჩიოს, რაც ძალიან ცუდად იქნება აღქმული. რაც შეეხება სიტუაციის გამწვავებას, ამ საკითხთან მიმართებაში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ეს სულ არის და ახლა სახალხო დამცველს დაარქმევ თუ სხვას, მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, დიმიტრი გელოვანის პოვნა გაჭირდება, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც რომ მოეწონოს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
რუსეთმა ევროპას გაზი ისევ შეუწყვიტა - “შანტაჟია, ქვეყნები ზამთრისთვის რეზერვებს ავსებენ და პუტინი ცდილობს პროცესი შეაფერხოს”
“ვლადიმერ პუტინის მორიგი შანტაჟი ევროპას - რუსეთმა მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების მიზეზით მთლიანად შეაჩერა. საგარეო პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპა ახლა ზამთრისთის რეზერვებს ავსებს და მოსკოვმა ახლავე გადაკეტა, რომ სიცივეში დასავლეთზე ზეწოლის ბერკეტი ჰქონდეს. ამასთან, არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პუტინს უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა სურდეს, რადგან აცნობიერებს, რომ რუსულ ძალებს წინსვლის საშუალება აღარ აქვთ. ევროპის ქვეყნებს აიძულებს, რომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას და ცეცხლი შეწყვიტოს, რათა დროებით ის ტერიტორიები მაინც შეინარჩუნოს, რაც ოკუპირებული აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთმა ევროპას გაზი ისევ შეუწყვიტა - “შანტაჟია, ქვეყნები ზამთრისთვის რეზერვებს ავსებენ და პუტინი ცდილობს პროცესი შეაფერხოს”.
“როგორც “ბიბისი” წერს, რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, “გაზპრომი” განმარტავს, რომ მილსადენზე შეზღუდვები სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა და სამ დღეს გაგრძელდება. გაზის მიწოდება კი კომპანიის თქმით, 3 სექტემბრის 04:00 საათიდან აღდგება. ამავე მიზეზით რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება ათი დღით ივლისშიც შეუწყვიტა. ივნისის შუა რიცხვებიდან, “გაზპრომმა” ევროპის მომარაგება 40%-მდე შეამცირა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სანქციების გამო, კანადამ ტურბინები არ დაუბრუნა, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. გავრცელებული ცნობებით, ტურბინები კანადიდან გერმანიაში ივლისის შუა რიცხვებში ჩაიტანეს, რუსეთს კი ჯერ კიდევ არ წაუღია. “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ის მილსადენით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით მიეწოდება. ის 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეუძლია. როგორც რონდელის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, ეს შანტაჟია, რადგან ახლა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ზამთრისთვის რეზერვებს ავსებს და ამით პუტინი ცდილობს პროცესი შეაფერხოს, რათა ზამთრისთვის პოლიტიკური ბერკეტი ჰქონდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანას გაზის შესანახი ძალიან დიდი რეზერვუარები გააჩნია, რომლებსაც ახლა ისინი ავსებენ, რომ ზამთარში ასეთი რისკის წინაშე არ დადგნენ. ამიტომაც პუტინმა ახლავე შეუჩერა, რომ რეზერვუარები ვერ გაავსონ და ზამთარში ზეწოლის პოლიტიკური ბერკეტი ჰქონდეს. ევროპა კი ცდილობს ზამთრისთვის თავისი რეზერვები მაქსიმალურად გაავსოს. რამდენიმე ალტერნატიული გზა არსებობს, აზერბაიჯანთანაც ჰქონდათ მოლაპარაკებები, ევროპაში გაზის დიდი ნაწილი ნორვეგიიდანაც შედის. ამის გარდა ამერიკიდან თხევად გაზს იღებს და როგორც ჩანს, მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის გარდა ალტერნატიული გზა ეკონომიაა, ანუ ენერგოდაზოგვის ტექნოლოგიების მაქსიმალური განვითარება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“ალტერნატიულ გზებზე გადასვლა ფორსირებულად უნდა მოხდეს, ასე რა თქმა უნდა ევროპას ზამთარში მაინც გაუჭირდება, მაგრამ გადაიტანენ - უბრალოდ უფრო ძვირი დაუჯდებათ. მაგრამ ახლა რუსეთმა გაზიც ისე გააძვირა, რომ შეიძლება ევროპისთვის მაღალი ფასის გადახდა პრობლემა აღარც იყოს. ეს რა თქმა უნდა შანტაჟია, პუტინი ეუბნება, რომ ზამთარში გაზი მაინც დაგჭირდებათ და ვერ მიიღებთო. დარწმუნებული ვარ, რომ ზამთარში ევროპა არ გაიყინება”, - დაასკვნის გოგოლაშვილი. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რუსეთის მიერ გაზის გათიშვა რეალურად მორიგი გაფრთხილებაა ევროპისთვის. მისი თქმით, პუტინი ახლა ევროპის ქვეყნებზე ზეწოლას იმ მიზეზით ცდილობს, რომ უკრაინას დათმობებზე წასვლა აიძულონ”, - განაგრძობს გამოცემა.
“რეალურად ეს მორიგი გაფრთხილებაა, ევროპას მიანიშნებს, რომ ზამთარში გათბობის ამბავი მის ხელშია. ევროპის ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები გაუჩნდება, რაც მოსახლეობაში სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს, რადგან ფასები მატულობს. ზოგიერთი ქვეყანა, მრეწველობები და მთელი რიგი ინდუსტრიები რუსულ ენერგიაზე არიან დამოკიდებულები. ბუნებრივია, რომ ეს რუსეთმა მშვენივრად იცის და ახლა ევროკავშირის ლიდერებზე ზეწოლას ცდილობს, რომ მათ თავის მხრივ უკრაინა აიძულონ დათმობებზე წამოვიდეს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ეს მინიშნებაა კიდევ ერთხელ, რომ ზამთარი არც ისე შორსააო. რუსეთის ხელმძღვანელობა ხვდება, რომ ამ ომში რამე სტრატეგიულ გარდატეხას უკვე ვეღარ შეიტანენ და ერთადერთი რასაც ელოდებიან ისაა, რომ ზამთარი მოვა, ყველაფერი დალაგდება და ევროპის ქვეყნები უკვე იძულებულები იქნებიან რუსეთს "მიუჩოჩდნენ" იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მათგანი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“როგორც ვიცი ახლა გერმანიამ გაზის რეზერვების 85% უკვე შეავსო, ასევე იმედი აქვს, რომ კანადა და სხვა ქვეყნები დაეხმარებიან. რუსეთი ამით ცდილობს, რომ ევროპის ქვეყნების მოსახლეობების საზოგადოებრივ აზრზეც მოახდინოს გავლენა, რადგან უბრალო მოსახლე შესაძლოა უკრაინას მხარს უჭერდეს, მაგრამ როცა გაზი გაუძვირდება და ეს საკუთარ ჯიბეს და ბიზნესს დაარტყამს, იქ შესაძლოა საზოგადოებრივი აზრი უკვე შეტრიალდეს და რუსეთსაც სწორედ ამის იმედი აქვს, რომ ამით მიზანს მიაღწევს რომ სკეპტიკოსების რიცხვი გაიზრდება. რუსეთს სურს, რომ უკრაინასთან კონფლიქტი გაყინოს, შემდეგ კი ვიცით როგორც ხდება, რომ საბოლოოდ ანექსიით მთავრდება ხოლმე და ეს უკრაინელებმაც და ევროპელებმაც მშვენივრად იციან თუ რას ნიშნავს, აქ უკვე პრინციპებზეა საუბარი”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“უკრაინა, რა თქმა უნდა, ამ დათმობაზე ვერ წავა, დასავლეთის ქვეყნების ვერც ერთი ხელისუფლება უკრაინას მორალურად ვერ გაამტყუნებს და ვერ მოუწოდებს, რომ რაღაც მოლაპარაკებებისკენ წავიდეს. ეს ხალხი არა მხოლოდ თავიანთი დამოუკიდებლობისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ახლა მნიშვნალოვანია, რომ უკრაინამ ამ ომში გარდატეხა შეიტანოს, თუნდაც ხერსონის აღებით თავიანთ მოსახლეობას და დასავლეთს იმედის ნაპერწკალი გაუჩინოს. რაც შეხება ალტერნატიულ გზებს, ეს დიდი ხანია მოსინჯეს, გერმანიის კანცლერი კანადაში იყო ჩასული, თუმცა, კონკრეტული გარანტიები ვერ მიიღო. ასევე ნორვეგიაზე და აღმოსავლეთის ქვეყნებზე იყო საუბარი, ტრანსპორტირება ხარჯებს აძვირებს, მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ ეს მოახერხა. რუსეთისთვისაც ევროპისთვის გაზის შეწყვეტა მტკივნეულია, ინფრასტრუქტურა უკვე გაყვანილია და ახალი მყიდველების მოძებნა რთულია. რამდენიმე დღის წინ იყო იმაზე საუბარი, გაზსადენში რომ გაზი მიდის ამას ვერ აჩერებს და ფაქტობრივად ისე წვავს, ამიტომ რეალურად მასაც დიდხანს დაგროვება არ შეუძლია”, - თვლის “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი.
“გერმანიამ რეზერვების 85% შეავსო, თუმცა სხვა ქვეყნებს ეს ცოტა უჭირს. მაგალითად უნგრეთისთვის და სხვა რამდენიმე ქვეყნისთვის რუსულ გაზზე უარის თქმა ასე ადვილი არაა. რუსეთიც სწორად ამას ელოდება, იცის, რომ ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა ადვილი არ იქნება. სადღაც ორ წელიწადში ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მაინც მოხდება, მთავარია, რომ დასავლეთმა პრინციპული გადაწყვეტილება მიიღოს და ერთხელ და სამუდამოდ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებაზე უარი თქვას. ეს მხოლოდ უკრაინის შემთხვევაში არ უნდა ქნას, არამედ ეს მთლიაონობაში სტრატეგია უნდა იყოს, რომ რუსეთი იზოლაციაში მოაქციოს. ამ კუთხით საინტერესოა რა მოხდება, ძალიან ბევრი ქვეყანა ეწინააღდეგება, მართალია, საერთო სახეს ინარჩუნებენ, მაგრამ არიან ქეყნები, რომლებიც ამ საკითხს ცოტა სკეპტიკურად უყურებენ”, - დასძენს კაკაჩია.
მსოფლიო ზაპოროჟიეში ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექციის მოლოდინშია - რა შედეგით დასრულდება ოპერაცია
“ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხუთშაბათს დილით მივლენ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ მარიანო გროსისა და მისი დელეგაციის წევრებს შეხვდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვიზიტი მნიშვნელოვანია და თუ აეს-ის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საფრთხე არის, შესაძლოა საგანგებო განცხადება გააკეთონ და რუსეთს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვონ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევში გუშინ ჩავიდა, კიევიდან ელექტროსადგურისაკენ კი ოთხშაბათს გაემგზავრა. “როგორც იცით, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი: უნდა შევაფასოთ იქ არსებული რეალური სიტუაცია, რათა ხელი შევუწყოთ მდგომარეობის დასტაბილურებას. ეს ოპერაციები ძალიან რთულია, ჩვენ მივდივართ საომარ ზონაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, - აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მსოფლიო ზაპოროჟიეში ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექციის მოლოდინშია - რა შედეგით დასრულდება ოპერაცია.
“უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი იმედი გამოთქვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უსაფრთხოების კორიდორების გავლით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მიაღწევს და ყველაფერს გააკეთებს “გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად”. გარდა ამისა, ზელენსკი ელექტროსადგურის “სასწრაფო დემილიტარიზაციის” მოწოდებით გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ზაპოროჟიეს აეს-ი მარტიდან რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, თუმცა, უკრაინული პერსონალი კვლავ იქაა დასაქმებული და ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ელექტროქსელთან არის დაკავშირებული. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანია და თუ ინსპექციამ საფრთხის არსებობა დაადგინა, არაა გამორიცხული, რომ განცხადება გააკეთონ და რუსეთს უთხრან ტერიტორია დატოვოს, ორივე მხარეს კი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კომპეტენციაა, რომ სხვადასხვა ბირთვულ ობიექტზე დაესწროს და შესაბამისი დასკვნა გააკეთოს. ამავე სააგენტოს წარმომადგენლები ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში, ირანის ბირთვულ ობიექტებს აკვირდებოდნენ. ასევე, ერაყში, როცა გავრცელდა ხმა, რომ სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს ბაქტერიოლოგიური იარაღი მზადდებოდა. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, ინსპექციამ უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა რადიაციის გაჟონვის საფრთხე, ან რა შემთხვევაში იარსებებს და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს. ზაპოროჟიეს აეს-ი უკრაინის სამხრეთით მდებარეობს და ევროპაში ერთ-ერთი უმძლავრესია, მისი პოტენციალი ჩერნობილის ელექტროსადგურისას რამდენჯერმე აღემატება. თუ რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა გაჟონა, შესაძლოა საფრთხე შეექმნას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის რეგიონს. უარესი სცენარის შემთხვევაში, შესაძლოა ღრუბელმა საქართველომდეც მოაღწიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ ატომური ენერგიის საერთაშოირისო წარმომადგენლებმა დაათვალიერონ და რუსეთს მოსთხოვონ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, რადგან მის სიახლოვეს რუსული ჯარები დგანან. ან ჯერჯერობით დემილიტარიზებულ ტერიტორიად გამოცხადდეს. თუ დაადგინეს, რომ სიტუაცია საშიშია, შესაძლოა რუსეთს მოსთხოვონ, რომ ელექტოსადგურის ტერიტორია დატოვოს. ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვონ, რომ მის სიახლოვეს აფეთქებები აღარ მოხდეს. რუსეთს ეს სიტუაცია აწყობს, რადგან უკრაინასაც და დასავლეთსაც აშანტაჟებს, რათა თუ აეს-ი აფეთქდება, უკრაინულ მხარეს დაბრალდეს”, - დასძენს ჩიტაძე.