მარიამ ქვრივიშვილი - Wizz Air-თან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის ახალი მიმართულებების დამატების კუთხით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის კიდევ უფრო ზრდას და მომავალი წლის გეგმებს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, კომპანიასთან თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება, მათ შორის, ახალი ავიამიმართულებების დამატების კუთხით.

„კომპანია Wizz Air-თან ჩვენ ძალიან წარმატებული და სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია 20-ზე მეტი ევროპული მიმართულებით ოპერირებს.

დღევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის განვითარებას, მათ შორის, ახალი მიმართულებების დამატებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე ერთობლივი ძალისხმევით მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო პროექტები“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის ზრდის პერსპექტივები და მომავალი გეგმები 2023 წლის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის.

საქართველოში გრძელვადიანი პოზიციონირების და უახლოეს წლებში კომპანიის ოპერირების გაფართოების პერსპექტივებზე ყურადღება გაამახვილა კომპანიის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვლადისლავ ილინმა.

„ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და განვითარება განვიხილეთ, კერძოდ, ჩვენი ოპერირების გაფართოება უახლოეს წლებში. განვიხილეთ ის შესაძლო მარშრუტები, რომელიც შეიძლება წამოვიწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაგიბრუნდებით სასიამოვნო სიახლეებით. ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლე ჩვენი მხრიდან იყო პროექტი „მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან“ ერთად, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვიყვანეთ 200 ინფლუენსერი, რათა გვეჩვენებინა თქვენი ქვეყნის სილამაზე და მიმზიდველობა. ჩვენ ამით საკუთარი წვლილი შევიტანეთ თქვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში. მოუთმენლად ველით ახალ შესაძლებლობებს, რომ საქართველოში ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოოთ“, - აღნიშნა Wizz Air-ის წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო