სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს შეეძლებათ.

„თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ.

„მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ. მინდა, მივულოცო მათ სტუდენტობა და ვუსურვო წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა), ასევე, გაიცემა ფინანსური წახალისება სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული მაგისტრანტებისთვის (თბილისის მერიის სტიპენდია).

პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წელს 3 964 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის 2 962 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 1 038 წარჩინებულ მაგისტრანტზე თბილისის მერიის სტიპენდია გაიცა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.Tbilisi.gov.ge

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია