გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკს 22 ახალი ავტომობილი შეემატა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკს 22 ახალი ავტომობილი შეემატა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ავტომობილები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ დაათვალიერეს. პიკაპის ტიპის 22 ახალი ავტომობილი დედაქალაქის და რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ.

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნული ელჩი პიტერ ფიშერი ესწრებოდა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, ფაქტობრივად, გასამმაგდა. იმისათვის, რომ დეპარტამენტმა დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების სრულფასოვნად და ოპერატიულად შეასრულოს, შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი და თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობები უმნიშვნელოვანესია. დღეს არსებული მდგომარეობით, ჩვენი გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფები შესაბამისადაა აღჭურვილი, თუმცა, ტექნიკური გაძლიერების და განახლების მიმართულებით მუშაობა რეგულარულად მიმდინარეობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე ტექნიკურ გადაიარაღებას ვახორციელებთ, რაც ფოტოხაფანგების, ვიდეო რეგისტრატორებისა და კონტროლის სხვა თანამედროვე მექანიზმების დანერგვას გულისხმობს. ჩვენი საბოლოო მიზანია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობა მაქსიმალურად ეფექტიანად შევძლოთ და გარემოზე ზიანი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა გერმანიის მთავრობას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„კაცობრიობა მდგრადობის კრიზისის წინაშე ვდგავართ. გერმანიასა და საქართველოს გარემოსა და კლიმატის დაცვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტყის მენეჯმენტის სფეროში ძალიან ძლიერი პარტნიორობა აქვთ. ამ თანამშრომლობის დასტურია მანქანების გადაცემა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის, რაც სატყეო სექტორის რეფორმის ნაწილია. ტყეების მდგრადობა არის მრავალი სხვა კლიმატური ცვლილების გამოწვევის დაძლევისთვის და ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის გასაღები“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა.

სამინისტროს ინფორმაციით, 10 ერთეული „მიცუბიში L-200“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოში (GIZ) პროექტის - ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia-ს ფარგლებში იქნა შეძენილი. ხოლო 12 ერთეული ავტომობილის შესაძენად სახელმწიფო საბიუჯეტო თანხები მობილიზდა.

„ახალი „მიცუბიში L-200“ აღჭურვილია „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებას იძლევა. ტექნიკური გაძლიერება საპატრულო ეკიპაჟებს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანი კონტროლი განახორციელონ როგორც უკანონო ტყითსარგებლობის, ისე უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის მიზნით“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემატა, ხოლო 2021 წელს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟებისათვის 5 ერთეული „მიცუბიში L-200“ იქნა შეძენილი.

ღონისძიებას პროექტის „ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ დირექტორი ლუტს იარჩინსკი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს