„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შემუშავების არაინკლუზიური და დახურული პროცესით იმედგაცრუებულია

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შემუშავების არაინკლუზიური და დახურული პროცესით იმედგაცრუებულია.

როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, საქართველოს მთავრობამ სტრატეგია გასაჯაროებიდან ორ კვირაში ისე დაამტკიცა, რომ დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ დოკუმენტის საფუძვლიანი გაცნობის და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა.

„საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის (2014-2020) ვადა 2020 წლის ბოლოს ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის სამუშაო ვერსიაზე სამთავრობო უწყებები 2 წელზე მეტს მუშაობდნენ, სტრატეგიის სამუშაო ვერსია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 2022 წლის 23 აგვისტოს გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის შენიშვნების გასაზიარებლად წარდგენილი თავდაპირველი ვადა 31 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიზარდა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტის გასაცნობად მოცემული ვადა არაპროპორციულად მცირე იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამთავრობო უწყებებმა ამ დოკუმენტზე მუშაობას 2 წელზე მეტი მოანდომეს.

ზოგადი შენიშვნის სახით, დოკუმენტის შემუშავების მთელ პროცესს აკლდა ინკლუზიურობა. მიუხედავად იმისა, რომ 31 აგვისტოს, სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სტრატეგიის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე მნიშვნელოვანი იყო ყველა დაინტერესებულ მხარეს ქონოდა დოკუმენტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებების გამოთქმის და მათ შინაარსიან განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მთავრობამ სტრატეგია სათანადო განხილვების გარეშე 5 სექტემბერს დაამტკიცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გაანმარტებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სტრატეგიის სამუშაო ვერსია მოიცავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ფაქტობრივად ყველა ძირითად გამოწვევას. თუმცა, სტრატეგიის ეფექტიანობისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ამავე დოკუმენტის საფუძველზე დეტალური სამუშაო გეგმების შემუშავებაზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გამოთქვამს იმედს, რომ სტრატეგიის შემუშავების პროცესისგან განსხვავებით, სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი ინკლუზიური და ყველა დაინტერესებული მხარისთვის გახსნილი იქნება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო