პაატა ზაქარეიშვილი ვადამდელ არჩევნებზე - ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს თუ მოხდება, მთლიანი ოპოზიცია კრახს განიცდის - ეს არჩევნები კი არ დაასრულებს „ნაციონალურ მოძრობას“, არამედ დამარხავს

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საზოგადოება არ არის მზად ვადამდელი არჩევნებისთვის. მისი თქმით, „ვადამდელი არჩევნები კი არ დაასრულებს „ნაციონალურ მოძრობასა“, არამედ დამარხავს, იმიტომ, რომ ხალხს ყელში აქვს ამოსული „ნაციონალური მოძრაობა“.

როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არგუმენტები არ არის დამაჯერებელი.

„ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს თუ მოხდება მთლიანი ოპოზიცია კრახს განიცდის, რადგან დღეს საზოგადოებაში ვადამდელი არჩევნების განწყობა არის არის. არაფერი არ ხდება ისეთი, რის გამოც საზოგადოება უნდა წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე. 2024 წლის არჩევნები არსად არ წავა, ის აუცილებლად იქნება, აქედან გამომდინარე ყოველ წელს არჩევნები, მხოლოდ გააღიზიანებს ამომრჩეველს. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დასრულდება ოპოზიციის კრახით. რატომ აკეთებს ამას ოპოზიცია არ მესმის. საზოგადოებაში „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ არის პოპულარული, მაგრამ სხვა პარტიებიდანაც არავინ არის პოპულარული.

ნიკა მელიას არცერთი არგუმენტი არ არის დამაჯერებელი. საქართველოს მოქალაქის დღის წესრიგში არის სიღარიბე, გაჭირვება, ფასების მატება, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევასთან, არც სახალხო დამცველის არჩევასთან, ევროკავშირში გაწევრიანებასაც კი არ აქვს კავშირი. ამიტომ, ასეთი ზერელე, წინდაუხედავი ანალიზი კარგს არაფერს მოუტანს, არც ოპოზიციას, მითუმეტეს, სახელმწიფოს. ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი აქტი, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ ვადამდელ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე თუ „ქართული ოცნების“ რეიტინგი იკლებს დასავლეთთან დაპირისპირების, სიღარიბის ზრდის ფონზე, რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების შანსი? ამასთან დაკავშირებით ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ ოპოზიცია ამ საკითხების სასარგებლოდ საზოგადოებას არაფერ სასარგებლოს არ სთავაზობს.

„ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ნეიტრალური მხარდამჭერი, იმიტომ, რომ მათ არ უნდათ „ნაციონალური მოძრაობა“. „ქართული ოცნება“ არაფერს არ აკეთებს, ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს, მაგრამ მისი მთავარი ამოცანაა მუდმივად ჰყავდეს გაბერილი თოჯინა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით - „თუ ჩვენ არ ვიქნებით ჩვენზე უარესი „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა კოალიციური მთავრობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავარია არა კოალიციური მთავრობის მოსვლა, არამედ რისთვის მოდის.

„რას გააკეთებს კოალიციური მთავრობა რომ მოვა? როგორ შეებრძოლება სიღარიბეს? უმუშევრობას? არა თუ მოვა, არამედ რისთვის მოვა? რისი გამკეთებელია ეს კოალიციური მთავრობა? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ, ამაზე არ არის ლაპარაკი. „ქართულ ოცნებას“ სიღარიბე კვებავს. როგორც მანქანას სჭირდება საწვავი ისე სჭირდება „ქართულ ოცნებას“ სიღარიბე, იმიტომ, რომ ძალიან იოლია ღარიბი ხალხის ყიდვა.

მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნებზე ლაპარაკი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგები. ეს არჩევნები კი არ დაასრულებს „ნაციონალურ მოძრობას“, არამედ დამარხავს, იმიტომ, რომ ხალხს ყელში აქვს ამოსული „ნაციონალური მოძრაობა“. ვერ იტანენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამათ უფრო მეტად ვერ იტანენ. უარყოფითი რეიტინგი უფრო „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. უბედურება ის არის, რომ ცუდ და უარესს შორის გვაქვს არჩევანი“,- განახადა ზაქარეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს