ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026

აკრძალვა-არაკრძალვა - საკითხავი, აი, ეს არის: როდის გამოიტანენ განაჩენს ოპოზიციური პარტიების დაშლაზე

ვახტანგ ძაბირაძე - პარტიების სრული აკრძალვა “ოცნებასაც” არ აწყობს, ამიტომ რაღაც შუალედურ გადაწყვეტილებას მოიფიქრებს”

სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, სავარაუდოდ, განახევრდება - “სიიდან მინიმუმ 200 000 ადამიანი კიდევ ამოვარდება”

* * *

აკრძალვა-არაკრძალვა - საკითხავი, აი, ეს არის: როდის გამოიტანენ განაჩენს ოპოზიციური პარტიების დაშლაზე

“ერთ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყება. სასამართლოდან პროცესების თარიღების შესახებ უკვე დაუკავშირდნენ სარჩელში მოხსენიებული პარტიების წარმომადგენლებს, რომელთა ინფორმაციით, სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროცესების ფორსირებულად დანიშვნას და სასამართლოს მოსალოდნელ შესაძლო გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, 2026 წლის 24 სექტემბერს განაახლა. შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილვის ბოლო ვადამაც 9 თვით გადაიწია. თუმცა, მერე მმართველმა პარტიამ განხილვის იანვრამდე დაჩქარება მოითხოვა. 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განახლებული სარჩელი განსახილველად მიიღო. ახალ სარჩელში “ქართული ოცნება” 5 ოპოზიციური გაერთიანების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს. ესენია - “ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველო - ლელო”, “ფედერალისტები”, “გახარია საქართველოსთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აკრძალვა-არაკრძალვა - საკითხავი, აი, ეს არის: როდის გამოიტანენ განაჩენს ოპოზიციური პარტიების დაშლაზე.

“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მანანა კობახიძემ პირადი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტი 13 ოქტომბერს. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მისი მოთხოვნა თვითგანრიდების (აცილების) შესახებ, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, მმართველი პარტიის მოლოდინია, რომ “საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, აგენტურის საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება და ოპოზიციური ველი ოკუპაციისგან გათავისუფლდება”, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი “არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება”. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის თქმით, “სხდომები ჩვეულებრივად ისეთი იქნება, როგორც სასამართლოში ხდება-ხოლმე - მოსამართლე თავის პოზიციას წარადგენს, მოპასუხე - თავის პოზიციას, შეიძლება მოიწვიონ ექსპერტები და ა.შ. სასამართლოზეა დამოკიდებული სხდომას როგორ წარმართავს და თვითონ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს პარტიების თაობაზე საბოლოო განაჩენი როდის უნდა გამოაცხადოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ხმალაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც მმართველ პარტიას სურს, ხოლო მანანა კობახიძის მიერ სასამართლოს დატოვების სხვადასხვა მიზეზეზი შეიძლება იყოს. “შეიძლება იყოს ის, რომ ის არ იზიარებს აკრძალვის პოზიციას. შეიძლება იყოს ის, რომ, ვთქვათ, უფრთხის სანქციების დაწესებას. არ ვიცი, სხვადასხვა შეიძლება იყოს მიზეზი”, - ამბობს კონსტიტუციონალისტი. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ამ საკითხის ირგვლივ ოპოზიციაში არსებული ისტერია, მოსალოდნელი გადაწყვეტილებით არის განპირობებული. მიიჩნევს, რომ ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ და ეს სარჩელი კანონიერ მოთხოვნებს შეესაბამება - “დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა იყოს პოლიტიკურ ველზე არც საქართველოში და არც არასდროს ყოფილა დემოკრატიულ სივრცეში, დასავლეთში”, - განაგრძობს გამოცემა.

“სხვადასხვა ამაზრზენი შეფასებები, მათ შორის, მაგალითად, ანი წითლიძისგან, რომ ის ანწუხელიძის და აგვისტოს ომის გმირებს ადარებს ნაცმოძრაობის პარტიას, ესაა ფსკერზე ფსკერი, მეტი არაფერი. ასეთი უტიფარი თავხედობა რუსული ოკუპაციის ხელშემწყობი პოლიტიკური ორგანიზაციისგან, სრული სიბინძურეა და ზუსტად ამიტომ უნდა აიკრძალოს ის პარტია, რომელიც არის უსამშობლოდა ზუსტად აგვისტოს ომის დროს გაუგონარი ღალატის ჩამდენი პოლიტიკური ორგანიზაცია სააკაშვილის თამადობით. ეს ინსინუაციები იქნება, კიდევ უფრო ამაზრზენი პოლიტიკური შოუ იქნება სასამართლოს სხდომების დროს, ამიტომ გასაკვირი არ არის, ასეთი ბინძური შაპიტო ქართველ ერს უნახავს და კიდევ ერთხელ დაინახავს მათ რეალურ სახეს. მე ნამდვილად ვერ შევალ საკონსტიტუციოს კომპეტენციაში, მაგრამ საზოგადოებიდან დაკვეთა რომ არის, ხუთივე აიკრძალოს და გააქრონ ეს ანტიქართული სტრუქტურები ველიდან, ეს ფაქტია. ამას პოლიტიკური ანალიზი არ სჭირდება, ეს არის ფაქტი და რა თქმა უნდა, შეტანილი სარჩელი შეესაბამება კანონიერ მოთხოვნებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე წერს, რომ ბრძოლას არ შეაჩერებენ. “მალე გაგვაუქმებენ თუ გვიან - ჩვენთვის არაფერი იცვლება. კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა არ შეჩერდება! ვერც იდეას მოკლავთ, ვერც ბრძოლისუნარიანობას და ვერც ერთ ჩვენგანს! მითუმეტეს ვერც ნაციონალურ მოძრაობას! მხოლოდ კი არ გადავრჩებით - საბოლოოდ გავიმარჯვებთ კიდევაც”. “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე. ამბობს, რომ პროცესი, სადაც ასეთი რამ არათუ რეალურად ხდება, არამედ უბრალოდ, დაშვებაც კი შესაძლებელია, უკვე პოლიტიკური პროცესი არ არის”, - დასძენს გამოცემა.

“თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, ანუ ყველას, “ფედერალისტების” გარდა, 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და რეჟიმისვე ბუღალტერიით, 800 ათას ხმაზე მეტი აქვთ აღებული, უფრო ცხადად დაინახავთ, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ 800 ათას ადამიანს უუქმებს არჩევანს და ართმევს ხმას. ამ განუკითხაობის ლეგიტიმაციას და პოლიტიკურ პროცესად წარმოჩენას “ფედერალისტები” ჩვენი პარტიის ასაკრძალთა სიაში დამატებამდეც არ ვაპირებდით. ჩვენი გზა გადის ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე სახალხო მხარდაჭერით - მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე და ამ წინააღმდეგობის უკეთ ორგანიზებასა და გაფართოებაზე იქამდე, ვიდრე მოქალაქის ხმა რეჟიმის წასაქცევ წონას არ შეიძენს. ეს აუცილებლად მოხდება, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ფოკუსშიც საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესებია. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია “ფედერალისტებისთვის” რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი”, - მიიჩნევს თამარ ჩერგოლეიშვილი და დასძენს -“რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ - ყველა ფრონტზე”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - პარტიების სრული აკრძალვა “ოცნებასაც” არ აწყობს, ამიტომ რაღაც შუალედურ გადაწყვეტილებას მოიფიქრებს”

“ოპოზიცია პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესის პარალელურად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს და მოვლენების შესაძლო განვითარების საპასუხო ნაბიჯების განსაზღვრას გეგმავს, ამავდროულად მიიჩნევენ, რომ პროცესმა ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო დონეზეც პოლიტიკური ვითარების შეფასება უნდა შეცვალოს და ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მოქმედების აუცილებლობის წინაშე დააყენოს. ოპოზიციური სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გაძლიერება და შიდა პოლიტიკური პროცესების გამოცოცხლებაა. არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა ქუჩის პროტესტის გააქტიურებასაც შეუწყოს ხელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მოსალოდნელია თუ არა მასშტაბური საპროტესტო მუხტი? – რა მოჰყვება პარტიების აკრძალვას / ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ სრული აკრძალვა „ოცნებასაც“ არ აწყობს, ამიტომ რაღაც შუალედურ გადაწყვეტილებას მოიფიქრებს.

“მთავარ კითხვად რჩება, შეძლებს თუ არა ოპოზიცია საზოგადოებრივი უკმაყოფილების მობილიზებას და საპროტესტო ტალღის იმ მასშტაბამდე გაზრდას, რომელიც ხელისუფლებაზე რეალურ პოლიტიკურ ზეწოლას მოახდენს. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პარტიების აკრძალვამ შესაძლოა შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს, თუმცა შიდა მასშტაბური საპროტესტო მუხტის გაჩენას ამ ეტაპზე ნაკლებად ელოდება. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ამ პარტიების გაუქმება შესაძლოა თავადაც არ იყოს ხელსაყრელი, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ შუალედური გადაწყვეტილება მიიღონ. “ძალიან გამიკვირდება, რომ რაღაც ახალი გეგმა აღმოაჩინონ. დიახ, პროცესების გამოცოცხლებაში შეიძლება აქციების გამართვას გულისხმობენ. აქციების გამართვა, რა თქმა უნდა პროცესს გამოაცოცხლებს, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რაღაც არ ველი, რომ ეს ძალიან მასშტაბური აქციები იქნება და დიდი თავშეყრა”, - ამბობს ძაბირაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “დღეს საზოგადოებაში საკმაოდ ნიჰილისტური განწყობაა პარტიების და ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ და ახლა რაღაც ისეთი არაორდინალური უნდა მოხდეს, რომ საყოველთაო აღელვება გამოიწვიოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცხადია, შიგნიდან უკმაყოფილება იქნება, გარედანაც იქნება შეფასებები, მაგრამ ამან რომ მასშტაბური პროტესტი გამოიწვიოს, რაღაც არ ველი. გარედან იქნება ალბათ დაჩქარებული სანქციები, იქნება მკაცრი განცხადებებიც, უფრო ხისტიც. იანვარში იქნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ და საკმაოდ რთულს და მძიმეს “ქართული ოცნებისთვის”, მაგრამ “ოცნება” ახლა ამას შეგუებულია და შიგნით არსებულ ბალანსს ეს ვერ შეცვლის, ჯერჯერობით სამწუხაროდ “ქართული ოცნება” ისევ ინარჩუნებს კონტროლს სიტუაციაზე. ვთქვათ, გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს პოლიტიკური პარტიები, აქედან მერე რა მოგება ექნება “ოცნებას”? ეს ხომ ქვეყნის შიგნით პროცესებს უფრო გაართულებს? სხვა მხრივ ვერაფერს იზამს. პერსონალურ რეპრესიებს “ქართული ოცნება” ვერ დაიწყებს, მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები მიდის ახლა 4 ოქტომბრის აქტივისტებთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე მიმართულებით წავიდეს ყველაფერი, ეს ხომ რეალურ ვითარებას ქვეყნის შიგნით ვერ შეცვლის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“შეიძლება “ქართულ ოცნებას” უფრო სხვა რამ აქვს ხედველობაში. ძალიან გააქტიურდა ჩვენი მეზობელი რუსეთი და შესაძლოა “ოცნება” სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებზე წავიდეს. მაგრამ ამ რიგგარეშე არჩევნებიდანაც რისი მიღება სურს “ოცნებას”, რომ პარლამენტის უმრავლესობაში სულ ორჯონიკიძეები იყვნენ? დღეს გასაგებია, ჩუმად არიან, წყნარად არიან, მაგრამ იმ კრიტიკულ ზღვარს, რასაც ორჯონიკიძეობა ჰქვია, ძნელია გაუძლოს ადამიანმა. ვფიქრობ, რომ რაღაც გამოსავალს იპოვიან და შუალედურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებას” დღეს ამ პარტიების აკრძალვა არაფერში არ აწყობს, მთელი ეს 14 წელი ხელისუფლებას სწორედ იმითი ინარჩუნებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ეძახის ყველას, თუ ახლა მაგასაც გააუქმებს, მე ხომ ვერ დავიძახებ ამ “ნაციონალურ მოძრაობას”? შეიძლება რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მიიღონ, უფრო ველოდები, რომ კიდევ დამატებითი პარტია მოიძებნოს, რომ ეს სხდომები კიდევ გადავადდეს, ვნახოთ რა იქნება, თუმცა არ მგონია, რომ სრულ გაუქმებაზე მიდგეს საქმე”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, სავარაუდოდ, განახევრდება - “სიიდან მინიმუმ 200 000 ადამიანი კიდევ ამოვარდება”

“სოციალური შემწეობის მიმღებთა წრე შესაძლოა, განახევრდეს. სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გრძელდება. ბოლო თვეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო დახმარების მიმღებთა წრე ეტაპობრივად ვიწროვდება და ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა თვიდან თვემდე მცირდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სიის შემცირებაზე გარკვეული გავლენა იქონია სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა, მათ შორის, დასაქმების პროგრამამ, არაფორმალურმა შემოსავლებმა, მიგრაციამ და საბანკო კონტროლმა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში, სექტემბერში, საარსებო შემწეობა 23 241 ადამიანს შეუწყდა, წელს 9 თვეში კი ბაზიდან ჯამში 163 111 პირი ამოიღეს. 2026 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 356-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი სექტემბერში 547 115-ს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარში კი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი იღებდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, სავარაუდოდ, განახევრდება / “რაოდენობა კიდევ გადაიხედება, სიიდან მინიმუმ 200 000 ადამიანი კიდევ ამოვარდება”.

“სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაამკაცრა და გააციფრულა შემოსავლების კონტროლი. თუ ადრე სოციალური აგენტის ვიზიტზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, ახლა სისტემა ავტომატურად ხედავს საბანკო ბრუნვებს, მობილური ოპერატორების ხარჯებს, ქონების ან ავტომობილის შეძენას. ამ ფილტრმა მართლაც ჩამოაშორა სისტემას ის ადამიანები, რომლებიც ფორმალურად ითხოვდნენ დახმარებას, მაგრამ რეალურად სხვა შემოსავლის წყარო ჰქონდათ. ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე თვლის, რომ მოსალოდნელია შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 300-350 ათასამდეც შემცირდეს. ეკონომისტ რამაზ გერლიანის აზრით, სერიოზული სამუშაოა გასატარებელი განსაკუთრებით რეგიონების მიმართულებით, რომ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდობას მუშაობის მეტი მოტივაცია გაუჩნდეთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც წესი, სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან პირებს სახელმწიფო სთავაზობს დასაქმებას, მაგალითად, გამწვანებაზე, დასუფთავებაზე, ინფრასტრუქტურაზე და სხვ. ან სთავაზობს კერძო სექტორში ვაკანსიებს. გარდა ამისა, ბოლო წლებში ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის ზრდამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები - განსაკუთრებით მომსახურების, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში, სადაც ნაწილობრივ სოციალურად დაუცველი მოსახლეობაც არის ჩართული. 710 000 ადამიანი საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღები იყო, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელი მოსახლეობის 19%. ეს არის წარმოუდგენელი მაჩვენებელი და კარგია, რომ ამ მიმართულებით მიდგომა გამკაცრდა. მოსალოდნელია, რომ არსებული სტატისტიკა განახევრდება და ოპტიმალურ ზღვრამდე მივა, რაც დაახლოებით 300-350 ათასი ადამიანია. ქვეყნის მაკროეკონომიკური და დინამიკური მაჩვენებლები აცდენილია ერთმანეთს. ამან გამოიწვია მოსახლეობის მენტალური ლტოლვა სიღარიბისკენ. დადასტურებული ფაქტია, რომ სოციალურ დახმარებას იღებდა ისიც, ვისაც ამის საჭიროება არ ჰქონდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ კაპანაძე.

“მათ შორის ბევრი ისეთიცაა, ვისაც დახმარების მიღების შემდგომ პერიოდში სოციალური მდგომარეობაა გაუუმჯობესდა, მაგრამ დახმარება არ შეჩერებია. რაოდენობა კიდევ გადაიხედება. სამომავლოდ დახმარების მიმღებთა რიცხვი განახევრდება, სიიდან მინიმუმ 200 000 და მეტი ადამიანი კიდევ ამოვარდება. სახელმწიფომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაამკაცრა და გააციფრულა შემოსავლების კონტროლი... გარკვეული გავლენა შეეძლო მოეხდინა მიგრაციასაც. ქვეყნიდან ემიგრაციის მაღალი ტემპის გამო, ბევრი ოჯახი ფიზიკურად ტოვებს ქვეყანას ან იწყებს საზღვარგარეთიდან გზავნილების მიღებას, რაც ოჯახის ქულების გადამოწმებისას, სააგენტოს მიერ შემოსავლების ბაზების კონტროლით, შემწეობის შეწყვეტის მიზეზი ხდება. სიების გადახედვა არის აუცილებელი ღონისძიება, გადამოწმება პერიოდულად უნდა ხდებოდეს. ზოგ შემთხვევაში ბენეფიციარების სოციალური პირობები იცვლება. ვიღაცას ეზრდება ან კარგავს შემოსავალს, ეს ყველაფერი უნდა აისახოს. შეიძლება არაპოპულარული ღონისძიებაა, მაგრამ საჭირო”, - დაასკვნის ნოდარ კაპანაძე.

“ეკონომიკურად და მენტალურადაც ძნელია, რომ ადამიანს უარი უთხრა დახმარების გაცემაზე, მაგრამ ამან სტიმული უნდა მისცეს დამოუკიდებელი შემოსავლის მიღებას, რათა დასაქმებულთა რიგებში ჩადგეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონებს, ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. დადასტურებული ფაქტია, რომ სოციალურ დახმარებას იღებს ისიც, ვისაც ამის საჭიროება არ აქვს. მათ შორის ბევრი ისეთიცაა, ვისაც დახმარების მიღების შემდგომ პერიოდში სოციალური მდგომარეობაა გაუუმჯობესდა, მაგრამ დახმარება არ შეუჩერებია. არ გამოვრიცხავ, რომ სიას ადამაინების ეს კატეგორია გამოაკლდა. მნიშვნელოვანია, როგორ გაიცემა შემწეობა, კარგი იქნება, თუკი პრეტენდენტი გააკეთებს განცხადებას, რის შემდეგაც სოცაგენტი მივა ადგილზე და დეკლარაციას შეავსებს. ამით უფრო თვალსაჩინო სურათი გამოიკვეთება”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ გერლიანი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში