პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის

პარტიების აკრძალვის აბსურდული და ანტიკონსტიტუციური სარჩელი არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, ჩამოიშოროს გზიდან არა მხოლოდ ყველა ოპოზიციური პარტია და პოლიტიკური ოპონენტი, არამედ წაართვას ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს - საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს არჩევანი.

პოლიტიკური პარტია და მისი ამომრჩეველი ერთმანეთისგან ვერ იქნება განყენებული. ამიტომაც, ეს არის ძალადობა ამომრჩევლის ნებაზე და მიმართულია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური პროცესიდან გამოთიშვისკენ. ისტორია, პრაქტიკულად, მთელი ოპოზიციის აკრძალვას, მხოლოდ ტოტალიტარულ სისტემებში იცნობს. შესაბამისად, ეს პროცესი დიქტატურის გაფორმების მცდელობაა.

თუმცა, „ქართული ოცნების“ სარჩელში პარტიების აკრძალვისა და მისი შედეგების მიღმა, სხვა „ნაღმებიც“ არის ჩადებული. სარჩელში იკვეთება სახიფათო ლოგიკა: თითქოს 2004-2008 წლებში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა თავად „შექმნა ნიადაგი ოკუპაციისთვის“ და ხელი შეუწყო „საოკუპაციო ძალის პოლიტიკური პოზიციების გამყარებას“.

ეს არაა მხოლოდ შეფასება - ეს არის პასუხისმგებლობის გადატანა აგრესორიდან მსხვერპლზე.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გაიზიარებს, კონსტიტუციურ დონეზე შეიძლება დადგინდეს, რომ 2008 წლის ომი არ ყოფილა რუსეთის დამოუკიდებელი აგრესია, არამედ საქართველოს შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების „ლოგიკური შედეგი“. ასეთ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია წარმოდგენილი იქნება როგორც რეაქცია „პროვოკაციაზე“, ხოლო პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა−გადატანილი საქართველოზე.

ეს ქმნის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს: საქართველოს ნებისმიერი მცდელობა, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა-თუ ის არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს, შეფასდება როგორც აგრესიის ხელშეწყობა. ეს ავტომატურად გულისხმობს არსებული ოკუპაციის იურიდიულად გამყარებას და სტატუს-კვოს დაკანონებას.

საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ადგენს: თავდაცვითი ომი საქართველოს სუვერენული უფლებაა. ეს ნორმა არ წარმოადგენს ომის წახალისებას-ის სახელმწიფოს არსებობის მინიმალური კონსტიტუციური გარანტიაა.

“ქართული ოცნების” სარჩელში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მიჩნეულია “მილიტარიზმად” და “კონფრონტაციად”. ამ ლოგიკით, სახელმწიფოს ეუბნებიან, რომ თავი არ უნდა დაიცვას, რათა აგრესორი “არ გაღიზიანდეს”. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსაზრებას გაიზიარებს, გამოდის, რომ ჩვენ, რეალურად უარს ვიტყვით სახელმწიფოს თავდაცვის ფუნქციაზე და უსაფრთხოებას ილუზიით ჩავანაცვლებთ.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიული არჩევანი, მომავალში მშვიდობიანი ცხოვრებისა და განვითარების გარანტი და არა დეკორაციული ჩანაწერი.

ცნობილია, რომ ეს გზა რუსეთისთვის მიუღებელია. თუ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ფასდება მხოლოდ იმით, „გაღიზიანდება თუ არა რუსეთი“, მაშინ კონსტიტუცია ქაღალდზე რჩება, ხოლო რეალური ვეტო ქვეყნის პოლიტიკაზე კრემლში გადადის. ეს უკვე აღარ არის სიფრთხილე ან პრაგმატიზმი. ეს არის სუვერენული გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი გადაცემა სხვა სახელმწიფოსთვის.

სარჩელში მუდმივად გამოიყენება ცნება — „ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა“, თუმცა არც სარჩელში და არც ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებში, არ არსებობს არც ერთი კონკრეტული განმარტება, გეგმა ან მექანიზმი, თუ რას ნიშნავს ეს რეალურად.

ეს ცნება მხოლოდ რიტორიკულია და ემსახურება ერთ მიზანს — რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერი გამწვავების კონსტიტუციურ აკრძალვას.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, რუსეთთან “არგაღიზიანების პოლიტიკა” გადაიქცევა სავალდებულო კონსტიტუციურ წესად.

დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს ხელისუფლების კრიტიკის გარეშე. სარჩელში კი მმართველი პარტიის პოლიტიკის საერთაშორისო კრიტიკა „სახელმწიფო საბოტაჟად“ არის წარმოჩენილი.

სადაც ხელისუფლების კრიტიკა ღალატად ცხადდება, იქ იშლება ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის და დემოკრატია ფორმალურად ცოცხალია, შინაარსობრივად კი — გაუქმებული.

გიორგი სიორიძე

„ძლიერი საქართველო-ლელო“

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს