პრემიერი - ხელისუფლებამ გავხსენით კარი ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით კი მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში

ჩვენ, მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ გავხსენით კარი ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით კი მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჩანს თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან, რომ ისინი პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს აყენებენ.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება სრულად მზადაა იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში არ არიან წარმოდგენილები.

პრემიერის თქმით, საქართველო და მისი ხელისუფლება მზადაა შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12-ვე პრიორიტეტი.

„მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ, ჩვენ, გავხსენით კარი ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის. სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია განსაკუთრებით კი მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო და დავადასტურო ჩვენი სრული მზაობა, ვიმუშაოთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის, მათთან, ვინც არიან და არ არიან პარლამენტში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. მაგრამ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბატონო ჯოზეფ, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ, ასევე, ოპოზიციური პარტიები უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალიან ცხადი მოტივაციაა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლება მზად არის შეასრულოს 12-ვე პრიორიტეტი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა