ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები აშშ-ში NASA-ს სასწავლო ცენტრს სტუმრობდნენ

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდების - „მედეორის“ და „ელფების“ წევრები აშშ-ში, ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ. ამის შესახებ „ათასწლეულის ფონდი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში, ჰიუსტონის ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ოფიციალურ ვიზიტორთა ცენტრში, ახალგაზრდა გამომგონებლები ნასას საქმიანობას დეტალურად გაეცნენ, ნასას კოსმონავტებს და მეცნიერებს შეხვედნენ და სხვადასხვა პროტოტიპების შექმნაში აქტიურად ჩაერთნენ.

„პანდემიის გამო, გამარჯვებული გუნდები ნასაში გამგზავრებას ორი წელი ელოდნენ. აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და მხარდაჭერით, წელს გამარჯვებულმა გუნდებმა, ჯამში ათმა მონაწილემ აშშ-ში, ნასას უნიკალურ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ნასას საქმიანობას დეტალურად გაცნობოდნენდა ინფორმაცია უშუალოდ ნასას მეცნიერებისგან და თანამშრომლებისგან მიეღოთ. „ათასწლეულის ფონდი“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორგანიზებას აგრძელებს, რათა ეს უნიკალური შესაძლებლობა უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ“, - აღნიშნა „ათასწლეულის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა ნასას ცენტრის ყველაზე საინტერესო და ისტორიული ადგილები, კერძოდ აპოლო 11-ის მისიის საკონტროლო ცენტრი დაათვალიერეს. კრისტოფერ კრაფტის მისიის საკონტროლო ცენტრი ის ადგილია, საიდანაც ნასას გუნდი აპოლო 11 მთვარეზე მოგზაურობას აკვირდებოდა. მონაწილეებმა, ასევე კოსმონავტების რეალური გადამზადების ცენტრი, სხვადასხვა ლაბორატორიები და სიმულაციების ოთახები დაათვალიერეს.

„კვირის კულმინაციას ნასას ყოფილ ასტრონავტთან, მარკ პოლენსკისთან შეხვედრა წარმოადგენდა. მარკ პოლანსკი 13.5 წელი აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობდა, ნასას კოსმონავტი 1996 წლიდან გახდა. მას კოსმოსში სამი მოგზაურობა აქვს შესრულებული, სადაც ჯამში 1000 საათამდე გაატარა. მარკ პოლანსკიმ მონაწილეებს მისი კარიერის შესახებ მოუყვა, თუ რა გზა გამოიარა ნასას ასტრონავტობამდე, რა იყო ყველაზე რთული დასაძლევი კოსმოსში და რისი ეშინოდა ყველაზე მეტად.

მონაწილეებმა Saturn V რაკეტა იხილეს, რომელიც სრულად აღდგენილია და რეალური ფრენისთვის სერთიფიცირებული ნაწილებისა და ტექნიკისგან შედგება. მონაწილეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ასტონავტების მომზადების სავარჯიშო და უწონადობის სიმულაციიის შეგრძნებისთვის, წყალქვეშ რამდენიმე დავალება შეასრულეს.

მონაწილეები პროფესორ ტეს კასველს შეხვდნენ, რომელმაც მათ HERA-ს პროგრამის შესახებ მოუყვა, რომელიც დედამიწაზე შექმნილი კოსმოსური ჰაბიტატის ანალოგია. პროფესორმა კასველმა HERA-ზე სამ კოლეგასთან ერთად ერთი თვე იცხოვრა და მონაწილეობდა კვლევაში, რომელიც დახურულ და სტრესულ სიტუაციებში ასტრონავტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იკვლევს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის განმავლობაში ახალგაზრდა გამომგონებლებმა სხვადასხვა დავალებაზე იმუშვეს, კერძოდ კოსმოსური რაკეტის მინი-მაკეტის კონსტრუქცია და მარსზე ასტრონავტებისთვის საჭირო ჰაბიტატი შექმნეს, ასევე ააწყვეს მარსმავალი რობოტი და მის კოდირებასა და პროგრამირებაზე იმუშავეს.

„ეს ერთი კვირა ის განუმეორებელი გამოცდილება იყო, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდით ოდესმე თუ მივიღებდით. ამ ერთ კვირაში უამრავი ცოდნა მივიღეთ. შეხება უამრავ ძალიან ჭკვიან და ჩვენთვის სამაგალითო ადამიანებთან გვქონდა. შევხვდით როგორც კოსმონავტებს, ისე იმ ადამიანებს, რომლის სახელებიც სამწუხაროდ, რაკეტის გაფრენის დროს არ სჩანს ხოლმე. ყველას გირჩევთ, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ, შექმნათ გუნდი, გაიცნოთ ახალი ხალხი, განავითაროთ თქვენი თავი, თქვენი იდეები და ვინ იცის, იქნებ ხვალ თქვენც აქ აღმოჩდნეთ”, - აცხადებენ მონაწილეები.

კვირის ბოლოს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს პროგრამის დასრულების სერთიფიკატები და ჯილდოები საზეიმოდ გადაეცათ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.

კონკურსში დღეისათვის 2.500-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს