ვახტანგ ძაბირაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის უფრო დაპირისპირების შემოდგომა იქნება, ვიდრე თანამშრომლობის, სამწუხაროდ, ეს დაპირისპირება უფრო ხელისუფლების სასარგებლოდ შეიძლება წარიმართოს, ვიდრე ოპოზიციის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნა და პარლამენტი მუშაობას შეუდგა. პარლამენტმა ევროპული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად უნდა იმუშაოს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ, რაც დღეს ჩანს, მათ შესრულებას კარგი პირი არ უჩანს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად პროცესი აშკარად სულ უფრო გაუგებარი ხდება, რადგან ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავებულია და ვერ ხერხდება მათზე პოზიციების შეჯერება.

ასეთ ფონზე თქვენ რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ ევროპული პრიორიტეტების შესასრულებლად პარლამენტი აქტიურად იმუშავებს და შედეგიც დაიდება და ქვეყანა მიუახლოვდება ევროპულ პერსპექტივას?

- ამ თემაზე პარლამენტში განხილვები ალბათ აქტიური იქნება, რადგან ოპოზიციის ნაწილი, რომელიც პარლამენტში აგრძელებს მუშობას იქნება აქტიური, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ პარლამენტში განხილვები უზრუნველყოფს 12-ვე რეკომენდაციების შესრულებას, ალბათ, ძალიან ოპტიმისტი უნდა იყო, რომ ეს დაიჯერო.

საუბარი იმაზე, რომ პარლამენტში განხილვები უზრუნველყოფს 12-ვე რეკომენდაციების შესრულებას, ალბათ, ძალიან ოპტიმისტი უნდა იყო, რომ ეს დაიჯერო

უფრო სწორად იქნება დაპირისპირებები, ოპოზიციის მხრიდან იქნება მცდელობები, რომ დაპირისპირებების შედეგად საპროტესტო მუხტი როგორმე აიწიოს. ამას ემატება ის განცხადებები, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის „ნაცმოძრაობის“ მხრიდან კეთდება.

შეიძლება ითქვას, რომ აბსურდული სიტუაცია მივიღეთ. ორივე მხარე, როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაცმოძრაობა“ საუბრობს პროდასავლურ ორიენტაციაზე, ორივე ამბობს, რომ გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მოწოდებებსა და აზრს ანგარიშს არც ერთი არ უწევს.

ასე რომ, წლევანდელი შემოდგომა პოლიტიკურ ძალებს შორის უფრო დაპირისპირების შემოდგომა იქნება, ვიდრე თანამშრომლობის. სამწუხაროდ, ეს დაპირისპირება უფრო ხელისუფლების სასარგებლოდ შეიძლება წარიმართოს, ვიდრე ოპოზიციის.

პოლიტიკურ ძალებს შორის უფრო დაპირისპირების შემოდგომა იქნება, ვიდრე თანამშრომლობის. სამწუხაროდ, ეს დაპირისპირება უფრო ხელისუფლების სასარგებლოდ შეიძლება წარიმართოს, ვიდრე ოპოზიციის

- თბილისში მაკკეინის ინსტიტუტისა და ატლანტიკური საბჭოს ინიციატივით საინტერესო კონფერენცია „დიდება უკრაინას“ ჩაატარა. კონფერენციის არა ერთმა მონაწილემ მოუწოდა ოპოზიციას აქტიურად ითანამშრომლოს მმართველ გუნდთან ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად რათა ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.

წელს პირველად ამ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს. მეტიც, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობაიძემ და აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ კონფერენციის მონაწილეებზე თქვეს, რომ ისინი „რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული“ პირები არიან.

მათ მოწოდებებზე ოპოზიციამ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პასუხი ასეთი იყო - ხელისუფლება არ აპირებს 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესრულებას, ხელისუფლება არ დგამს რეალურ ნაბიჯებს ნატოსთან დასაახლოებლად და მმართველ გუნდთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს.

ასეთ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა?

- სამწუხარო სწორედ ისაა, რომ არცერთი მხარე თანამშრომლობაზე არ ფიქრობს, არც ხელისუფლება და არც ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა „ნაცმოძრაობა“. ერთიც და მეორეც ისევ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში არიან, როგორც 2012 წლის არჩევნების შემდეგ.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ნაცმოძრაობამ“ პარლამენტში კიდეც რომ დაიწყოს მმართველ გუნდთან თანამშრომლობა, ხელისუფლება თავის ქმედებებში კორექტივებს შეიტანს, მაგრამ, ფაქტია, რომ ოპოზიცია პროცესს ვერ იწყებს. ვგულისხმობ, მათ ხელთ არსებულ ერთადერთ საშუალებას - პროტესტის დაწყებას.

როდესაც ოპოზიცია თავის სტრატეგიას პროტესტზე აგებს, აშკარად არ ითვალისწინებს იმ განწყობებს, რომელიც საზოგადოებაში რეალურად არსებობს. მეც მგონია, რომ 12 პუნქტიდან ხელისუფლებამ 3-4 პუნქტი თუ შეასრულა, ისიც ძალიან დიდი მიღწევა იქნება, მაგრამ, აუცილებელია ეს პროცესი იყოს ორმხრივი. ოპოზიციას მხოლოდ პროტესტი შედეგს ვერ მოუტანს.

ოპოზიციური სპექტრი ვერ ახერხებს თავისი ელექტორატის აყოლიებას. რადგან ოპოზიცია ისევ საპროტესტო აქციების ნარატივში ჯდება, ჩნდება კითხვა - ახლა რა შეიძლება მოხდეს პოლიტიკურ პროცესში, რომ საპროტესტო ელექტორატი ქუჩაში გამოვიდეს?

პროტესტები იყო ბევრი დაწყებული „გავრილოვის ღამიდან“, დამთავრებული გაყალბებულ არჩევნებით და კიდევ სხვა მიზეზებით, ორი წელია ოპოზიცია მარტო საპროტესტო აქციებზე საუბრობს.

ოპოზიციას საზოგადოებაში მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ ოპოზიციური სპექტრი ვერ ახერხებს თავისი ელექტორატის აყოლიებას. რადგან ოპოზიცია ისევ საპროტესტო აქციების ნარატივში ჯდება, ჩნდება კითხვა - ახლა რა შეიძლება მოხდეს პოლიტიკურ პროცესში, რომ საპროტესტო ელექტორატი ქუჩაში გამოვიდეს? რა შეიცვალა - ოპოზიციამ რამე ახალი იდეა აქვს? საგარეო ურთიერთობები ძალიან მკვეთრად შეიცვალა?

- „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა. უცნაური ამ ინიციატივაში ისაა, რომ თუ ხელისუფლება ამ ინიციატივას დათანხმდა, მაშინ ვადამდელი არჩევნები ისევ 120/30-ის პრინციპით უნდა ჩატარდეს და არა მხოლოდ პროპორციული სისტემით. ასეთ ვითარებაში პარლამენტში ძალთა თანაფარდობა ბევრად არც შეიცვლება.

თქვენ როგორ შეაფასებდით მელიას ამ ინიციატივას? სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ ისევ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს?

- გაუგებარია, რატომ ჰგონია „ნაცმოძრაობას“ რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დათანხმდება. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობაში“ ვარაუდობენ, რომ თუ ვადამდელ არჩევნებს მიაღწიეს, არჩევნებსაც მოიგებენ. ვინც ვადამდელ არჩევნებს მოიგებს, ის მოიგებს შემდეგ არჩევნებს, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს.

არაა გამორიცხული, „ნაცმოძრაობა“ ვარაუდობდეს, რომ არჩევნებში დამარცხება მას საშუალებას მისცემს ამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს იქნება ახალი და დიდი საპროტესტო აქციების დაწყების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობა“ ვერ გამოვიდა 2003 წლის აჩრდილიდან. „ნაცმოძრაობა, ახლა არა 2012-შია, არამედ ისევ 2003 წელშია ჩარჩენილი.

როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობა“ ვერ გამოვიდა 2003 წლის აჩრდილიდან. „ნაცმოძრაობა, ახლა არა 2012-შია, არამედ ისევ 2003 წელშია ჩარჩენილი

ვადამდელი არჩევნების თემას სააკაშვილის გარეშე ვერ განვიხილავთ. „ნაცმოძრაობის“ ელიტაში და არა ამომრჩევლებში მუდმივად მიდის საუბარი როგორ განვითარდება პროცესები სააკაშვილის ირგვლივ - დარჩება ციხეში, თუ საზღვარგარეთ გაუშვებენ სამკურნალოდ. როგორც ჩანს, ეს თემა იქნება განმსაზღვრელი „ნაცმოძრაობის“ შიგნით ურთიერთობების დალაგების და მოქმედებების დაგეგმვის.

ფაქტია, რომ მელიას და სხვებსაც უნდათ იმუშაონ იმ ელექტორატზე, რომელიც რეალურად სააკაშვილის ელექტორატია. ზუსტად ისეთივე რამ ხდება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, რადგან „ოცნების“ ელექტორატი რეალურად ივანიშვილის ელექტორატია. რადგან ასეთი ვითარებაა, ვაგრძელებთ ამ აბსურდულ ვითარებაში ყოფნას.

ოპოზიცია ამბობს, რომ 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით გარკვეული პროექტები აქვთ მზად. თუ აქვთ, ჯერ უნდა მოხდეს მათი საკანონმდებლო ინიციატივების დარეგისტრირება და შემდეგ მათზე მსჯელობა. ანუ, პროცესი სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს.

ჩემი აზრით, ოპოზიცია ვერ აცნობიერებს იმას, რომ თუ დღეს საპროტესტო ელექტორატი ოპოზიციას უჭერს მხარს, მას ასევე ძალიან არ უნდა ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნა არსებული შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. როცა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ასეთი განწყობაა, საუბარი იმაზე, რომ იქნება „ცხელი შემოდგომა“ და საპროტესტო ტალღა აგორდება, ეს ქვეყნის საქმეს ვერ უშველის.

ოპოზიცია ვერ აცნობიერებს იმას, რომ თუ დღეს საპროტესტო ელექტორატი ოპოზიციას უჭერს მხარს, მას ასევე ძალიან არ უნდა ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნა არსებული შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. როცა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ასეთი განწყობაა, საუბარი იმაზე, რომ იქნება „ცხელი შემოდგომა“ და საპროტესტო ტალღა აგორდება, ეს ქვეყნის საქმეს ვერ უშველის

ოპოზიციამ უნდა შეცვალოს აქტიურობის მიმართულება. ოპოზიციამ ოპოზიციის ელექტორატი უნდა დაარწმუნოს, რომ ისინი არიან ხელისუფლების ალტერნატივა და არ აპირებენ ქვეყანაში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებას არასტაბილური გარემოს შექმნას.

თუ პოლიტიკური პროცესი ამ მიმართულებით განვითარდა, შემდეგ შეიძლება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში დებატებში მონაწილეობა და პარალელურად ხელისუფლებაზე ზეწოლისათვის საპროტესტო აქციების გამოყენება.

ამისთვის სულაც არაა საჭირო მასშტაბური აქციების პარლამენტთან გამართვა. აქციები შესაძლოა იყოს იმის შესატყვისი, რომელიც აქტიური ელექტორატია. თუ ამის უზრუნველყოფა ოპოზიციამ შეძლო, ეს იქნება პროცესის დასაწყისი.

- ხელისუფლებაც ამბობს, რომ მოძრაობს ევროპული მიმართულებით, მაგრამ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რომ არსებობს რეალური პრობლემები, ფაქტია,

ისიც ვნახეთ, რომ მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა მოსმენებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნები და უპრობლემოდ დაძლია ამ კანონზე პრეზიდენტის ვეტო.

ყველა თანხმდება, რომ ევროპასთან დაახლოების საკითხებში გადამწყვეტი სიტყვა ხელისუფლებას ეთქმის, მაგრამ ბევრჯერ ვნახეთ, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესში ხელისუფლების როლი ხშირ შემთხვევაში ფასადურია.

ამის კარგი მაგალითია მმართველი გუნდის მიერ არა პროკურატურაში სერიოზული რეფორმების ჩატარებაზე ზრუნვა, არამედ იმაზე, კიდევ ერთი წლით როგორ იქნას არჩეული გენპროკურორი.

როგორ შეაფასებდით 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხში ხელისუფლების ქმედებებს?

- ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს და მეტს არც არაფერს აკეთებს. ხელისუფლება ხედავს რომ ოპოზიციამ 10 წელია ვერ ცვლის თავის დღის წესრიგს, თავად მის მიერ გაკვალულ დღის წესრიგს წარმატებით მიჰყვება. რაც უფრო მეტი დრო გადის ვადამდელი არჩევნების მიმართ აშკარად ნიჰილისტური განწყობები ჭარბობს. ხელისუფლება იმ ელექტორატზე აგრძელებს მუშაობას, რომელსაც არასტაბილურობა აფრთხობს.

რაც უფრო მეტი დრო გადის ვადამდელი არჩევნების მიმართ აშკარად ნიჰილისტური განწყობები ჭარბობს. ხელისუფლება იმ ელექტორატზე აგრძელებს მუშაობას, რომელსაც არასტაბილურობა აფრთხობს

კომუნისტების დროს ოპოზიციამ კარგად გამოიყენა საზოგადოების განწყობები საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად. 80-იანების ბოლოს საზოგადოების უმრავლესობამ, ვინც აქციებში იღებდა მონაწილეობას წესიერად არც იცოდა რა ცვლილებებს ითხოვდა ოპოზიცია, მაგრამ რა უნდოდათ იცოდა პოლიტიკოსების გარკვეულმა წრემ.

ეს იმიტომ გავიხსნე, რომ თუ ოპოზიციას უნდა რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, ამისთვის დეპუტატებმა პარლამენტში უნდა იმუშაონ, ხოლო გარეთ ხალხი ახდენდეს ხელისუფლებაზე ზეწოლას. ამის გაკეთება არ არის იოლი საქმე. თუ ხალხი რეალურად უჭრეს მხარს ოპოზიციას, ამის გაკეთება შესაძლებელია.

თუ ოპოზიციას უნდა რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 12- პუნქტიანი რეკომენდაციები, ამისთვის დეპუტატებმა პარლამენტში უნდა იმუშაონ, ხოლო გარეთ ხალხი ახდენდეს ხელისუფლებაზე ზეწოლას. ამის გაკეთება არ არის იოლი საქმე. თუ ხალხი რეალურად უჭრეს მხარს ოპოზიციას, ამის გაკეთება შესაძლებელია

ხელისუფლება ხედავს, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს საპროტესტო ელექტორატის მობილიზებას და მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს. ხელისუფლებისთვის სააკაშვილი დღეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ იგი მშვიდადაა.

რაც შეეხება დასავლეთს. ძალიან ყურადღებით უნდა იმის მოსმენა და გააზრება, რასაც დასავლეთი ოპოზიციას ეუბნება. დასავლელი პარტნიორები არ საუბრობენ მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთობებზე. ისინი ითვალისწინებენ იმ საერთაშორისო ვითარებასაც, რაც არის დღეს მსოფლიოში.

ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ, ხელისუფლება კი ამ ვითარებაში მშვიდად მიჰყვება ამ პროცესს. ღარიბაშვილი ბრიუსელშია. ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, რაც ხელისუფლებას აძლევს ხელს.

- ხელისუფლებას კი აძლევს ხელს, მაგრამ, მკაფიოდ არ ჩანს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა ევროპული ინტეგრაციისკენ მიჰყავს?

- ხომ, არ ჩანს, მაგრამ, ჩანს ასევე ის, რომ ეს დასავლეთის დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ ცვლის. კულუარებში რა საუბრები მიდის სხვა თემაა, მაგრამ დამოკიდებულება რაც საჯაროდ არის გაცხადებული, არ ჩანს, რომ დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ფაზაშია შესული.

არ ჩანს, რომ დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ფაზაშია შესული

შესაძლოა, დასავლეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს საქართველოში სტაბილურობა ბევრი ფაქტორების გამო. უპირველესად იმის გამო, რომ ევროპას მოუწევს მძიმე ზამთრის გადატანა.

თუ ვინმეს უნდა საქართველოში დღეს არასტაბილური გარემო შეიქმნას, ეს რუსეთია. რუსეთმა ევროპას შეუწყვიტა გაზის მიწოდება. არის იმედი რომ ევროპას აზერბაიჯანი ორჯერ მეტ გაზს მიაწვდის, ვიდრე შარშან აწვდიდა.

- ევროპა კი ცდილობს არ იყოს დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე, მაგრამ ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში რუსული ნავთობის ექსპორტი 6-ჯერ გაიზარდა...

- საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ნავთობპროდუქტებზე შეიძლება 2 თვეში შეიცვალოს. ევროპა რომ რუსული გაზზე არ იყოს დამოკიდებული, ამას შესაძლოა წლები დასჭირდეს.

ვფიქრობ, დასავლეთისთვის საქართველოში, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ოპოზიციამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ვიმეორებ, ეს ზამთარი ევროპისთვის იქნება ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი. თუ ევროპამ დიდი პროტესტების მიღმა შეძლო ზამთრის გადატანა, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და მთლიანად დასავლეთის დიდი გამარჯვება იქნება.

შესაძლოა, ამიტომაცაა დასავლეთი ცდილობს საქართველოში პროცესები რადიკალური სცენარით არ განვითარდეს. ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ, რომ მარტო არ დარჩეს.

დასავლეთი ცდილობს საქართველოში პროცესები რადიკალური სცენარით არ განვითარდეს. ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ, რომ მარტო არ დარჩეს

ჩვენი დასავლეთთან ურთიერთობა და დასავლური ორიენტაცია, დემოკრატიზაცია ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ომი. თუ გაიმარჯვებს დასავლეთი, მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ხელისუფლება ვინ იქნება, საქართველო გახდება ევროპის სრულუფლებიანი წევრი.

თუ რუსეთმა გაიმარჯვა, ევროპას და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსაც რა ეშველება. ვიცი, რომ ჩვენ არაფერი არ გვეშველება.

მაგრამ, ძალიან დიდი ალბათობით ჯერ არ მომხდარა, ერთი ქვეყანა, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, რუსეთი დღეს ისეთი ძლიერი არ არის, რომ დანარჩენ მსოფლიოს დაპირისპირებოდეს და მოეგოს.

- ისეთი პირი უჩანს, რუსეთ-უკრაინის ომი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში ომის ფონზე საქართველოში საშინაო პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესი გაყინულია და ეს კი დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება...

- დიახ, გეთანხმებით, პოლიტიკური პროცესი გაყინულია. ასეთი ვითარება ყველაზე მეტად აწყობს ხელისუფლებას. ამიტომ არსებული უძრაობის პერიოდი ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციამ უნდა შეცვალოს. ოპოზიცია კი ამ მოცემულობას არ ცვლის.

- არ ცვლის, თუ ვერ ცვლის?

- იმის მცდელობასაც ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციას საშინაო პოლიტიკაში გაყინული პოლიტიკური პროცესის დინამიკური პროცესით შეცვლა უნდა.

2024 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. თუ დღევანდელი ვითარება პოლიტიკაში იქნება შენარჩუნებული, დიდია იმის ალბათობა, რომ არსებული 5% ბარიერის პირობებში „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს.

თუ დღევანდელი ვითარება პოლიტიკაში იქნება შენარჩუნებული, დიდია იმის ალბათობა, რომ არსებული 5% ბარიერის პირობებში „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს

ვისაც ამაში ეჭვი ეპარება. შეუძლიათ ნახონ 1995 წლის არჩევნების შედეგები. არჩევნების შედეგები დათვლადია, არითმეტიკაა. მათემატიკაც არაა, არითმეტიკაა.

ოპოზიცია, იგივე „ნაცმოძრაობა“ ვერ ხვდება, რომ ხელი უნდა შეუწყოს მესამე ძალის გაჩენას. ამას ვხედავთ, რომ არ აკეთებს. ვიდრე ასეა, ხელისუფლება ცდილობს პატარა პარტიებს „ნაციონალებთან“ ერთად ერთი გუნდი ერქვას.

აი ასეთი პრობლემებით შეხვდა ქართული პოლიტიკური სპექტრი ახალ პოლიტიკურ სეზონსა და საშემოდგომო სესიის გახსნას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა