ოპოზიციონერი დეპუტატები - შეიმჩნიეთ ფემიციდი, შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ - ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი

შეიმჩნიეთ ფემიციდი, შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ - ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი,- პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ქალმა დეპუტატებმა მამაკაც პოლიტიკოსებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდეს პრიორიტეტად გამოაცხადონ ფემიციდის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა.

ბრიფინგი ფემიციდის პრობლემასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ, ანა ბუჩუკურმა, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ გამართეს.

„დღეს ქალი დეპუტატები ვეხმაურებით იმ შემაშფოთებელ და საზარელ ტენდენციას, რომელიც კვლავ დაბრუნდა ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის ქალთა მკვლელობები ქალობის გამო. საზოგადოება უკვე შეშფოთებულია არაერთი შემთხვევით, როცა ქალების მოკვლა ხდება და ამაზე ვეღარ ვხედავთ სახელმწიფოს იმ ხარისხის რეაგირებასაც კი, რაც წინა წლებში გვქონდა. შეიმჩნიეთ ფემიციდი, შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი და მანამ სანამ, პოლიტიკოსი მამაკაცები, გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცები და ხშირად ქალებიც დუმილით ვხვდებით ამ საშინელ ტენდენციას, ეს ტენდენცია გაგრძელდება და ამას ვერ მოერევა მხოლოდ თუნდაც, ეფექტური ცალკეული რეაგირებები პოლიციის მხრიდან და ვერც მხოლოდ პარლამენტის გენდერულ საბჭოში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი საკანონმდებლო პროცესი. ეს არ არის არც მხოლოდ გენდერული საბჭოს, არც მხოლოდ შსს-ს, არც მხოლოდ ერთი რომელიმე სახელმწიფო უწყების საქმე. ვიდრე არ შეიმჩნევთ ფემიციდს და ამაზე ყველა ხმამაღლა არ გააკეთებთ განცხადებას, რომ ეს არის დასაგმობი, მიუღებელი და ყველა სახელმწიფო უწყება, საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია არ გავერთიანდებით ამ პრობლემის დასასრულებლად, ის გაგრძელდება და შეიწირავს ქალების სიცოცხლეს, დაანგრევს ბავშვების ცხოვრებას და დაამახინჯებს საზოგადოების ცხოვრებას. ამიტომ მოგიწოდებთ დღესვე, განსაკუთრებით პოლიტიკოს მამაკაცებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეიმჩნიეთ ქალებზე ძალადობა, დაგმეთ ფემიციდი და დღესვე გადავდგათ ეფექტიანი, შედეგეზე ორიენტირებული ნაბიჯები, რომელიც არის გაჩერებული. ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოების ერთიანობით ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდეს წარსულს",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ბრიფინგზე "რესპუბლიკური პარტიის"თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა გამოაცხადოს ფემიციდის პრობლემა ნომერ პირველ პრიორიტეტად.

"მისი პასუხისმგებლობაა, პრიორიტეტად გამოაცხადოს ეს, რომლისთვისაც ყველაფერი პირველ ადგილზეა, გარდა ქალების სიცოცხლისა ამ ქვეყანაში",- განაცხადა სამნიძემ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა კი აღნიშნა, რომ ნდობის ხარისხი სახელმწიფოს მიმართ შემცირებულია და ამიტომ შემცირებულია მიმართვიანობა სახელმწიფო უწყებებისთვის ამ საკითხზე. სახელმწიფოსთვის რომ ფემიციდი არ არის დღეს პრიორიტეტული, ამაზე ისაუბრა ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ და აღნიშნა, რომ რეგიონებში ქალთა თავშესაფრები იხურება.

"სამეგრელოში, სადაც იყო ასეთი თავშესაფარი, ჩათვალეს, რომ ეს არ არის პრიორიტეტული მუნიციპალიტეტისთვის და ძალადობის მსხვერპლი ქალები რჩებიან ქუჩაში",- აღნიშნა წითლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა