შს მინისტრის მოადგილე - პირველ ეტაპზე, დამრღვევს „დრიფტისთვის“ 30 ქულა დააკლდება და 300 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი - 500 ლარით დაჯარიმდება და 35 ქულა დააკლდება

პირველ ეტაპზე, დამრღვევს „დრიფტისთვის“ 30 ქულა დააკლდება და 300 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი - 500 ლარით დაჯარიმდება და 35 ქულა დააკლდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა “საქმეში” ისაუბრა.

მან განმარტა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამინისტრომ უკვე წარუდგინა პარლამენტს და რომელის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო.

მისი თქმით, „დრიფტი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ახალი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით შემოდის ჯარიმა და მართვის მოწმობაზე ქულების დაკლებაც.

„ე.წ. დრიფტიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. იმ საკანონმდებლო ცვლილების, რომელიც უკვე წარვუდგინეთ პარლამენტს და საშემოდგომო სესიაზე ეტაპობრივად დაიწყება მათი განხილვა, ერთ-ერთი კომპონენტი არის „დრიფტის“ აკრძალვა, შემოდის ჯარიმა და გარდა ჯარიმისა, ქულების შემცირება. იცით, რომ მართვის მოწმობაზე ყველას აქვს 100- ქულიანი სისტემა. პირველ ეტაპზე, როდესაც „დრიფტით“ დაკავდება ადამიანი, ჩამოაკლდება 30 ქულა და 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ შეჯახება მოჰყვა ან განმეორებით განახორციელა პირმა „დრიფტი“, ამ შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე აკლდება 35 ქულა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუდმივად ტარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით იმ ნორმების ანალიზი, რომლებიც დღევანდელ პრაქტიკაში არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნორმა პრევენციულ ხასიათს არ ატარებს, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით ხდება მისი განახლება და ახალი სტანდარტის დანერგვა.

„ჩვენ მუდმივად ვატარებთ იმ ნორმების ანალიზს, რომლებიც დღეს პრაქტიკაში არსებობს. სადაც კი რაიმე ტიპის ხარვეზია, სადაც არის შემთხვევები, რომ ჯარიმა დაბალია და პრევენციულ ეფექტს არ ატარებს, ასეთ დროს ვცდილობთ, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით ​განვაახლოთ და შევიმუშაოთ საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ეფექტური იყოს ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია და მეორე მხრივ, იგი იყოს აღსრულებადი“, -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება