განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოში კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდა ქართველი მკვლევრების კომპეტენციების ზრდის მიმართულებით.

ხელმოწერის ცერემონიაზე მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვიწყებთ პარტნიორობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს – ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოს კვლევითი პოტენციალის გაძლიერებაში დაეხმარება.

მაღალი ხარისხის ინკლუზიურ განათლებასა და კვლევაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამბიციური მიზანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას. სამინისტროს პოლიტიკის ხედვა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებთან განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. მდგრადი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, კვლევისა და განვითარების (R&D) სისტემის გაუმჯობესება და ეფექტიანობის გაზრდა სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა.

საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს უდიდესი პრივილეგია – გვყავს ხანგრძლივი და სანდო ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, რომლებთანაც მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენ ამ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ.

არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა თანამედროვე კვლევისა და ინოვაციის (R&I) სისტემის განვითარებისა და ქვეყანაში კვლევითი საზოგადოების შესაძლებლობების ზრდის კუთხით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია - „ჰორიზონტი 2020“ და მისი შემდგომი პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“, რომელსაც საქართველო 2021 წლიდან შეუერთდა. წელს, საქართველო ასევე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრიც გახდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კვლევასა და კერძო სექტორს შორის კავშირის გასაძლიერებლად.

განსაკუთრებით მსურს გამოვყო, საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), რომელიც რეგიონში წარმოადგენს საერთაშორისო კვლევით და საგანმანათლებლო ცენტრს. უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს მიიღო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზანია, გახდეს ქვეყნის პირველი ჭეშმარიტად მეწარმეობაზე ორიენტირებული სასწავლებელი. უნივერსიტეტმა საფუძველი ჩაუყარა ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გახლდათ საერთაშორისო ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს დაარსება განათლებისა და ბიზნესის ლიდერებთან ერთად მთელი მსოფლიოდან.

ჩვენ მოხარული ვიქნებით ვითანამშრომლოთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის კვლევებისა და განვითარების, ტექნოლოგიების გაცვლის, სტარტაპებისა და ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერის კუთხით.

საქართველოს კვლევისა და განვითარების (R&D) სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით SDSU-თან მემორანდუმის გაფორმება სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან.

ბიზნესთან მუშაობისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის კუთხით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მდიდარი გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება მომავალში ხელშესახები შედეგების მიღწევაში.

მსურს, მადლობა გადავუხადო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ადელა დე ლა ტორეს მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ SDSU-ის წვლილს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის და გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში კვლევითი პოტენციალის გასაუმჯობესებლად STEM-ის მიმართულებით",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს SDSU-სა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მხარდაჭერისა და გაღრმავებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა