ინტერნეტში თაღლითობის კიდევ ერთი ახალი სქემა - როგორ დავიცვათ თავი მისგან

ინტერნეტთაღლითებმა სხვისი ფინანსების უკანონოდ დაუფლების მიზნით კიდევ ერთი ახალი, უფრო რთულად ამოსაცნობი სქემა შეიმუშავეს, რომელიც ისევ ელექტრონული კომერციის პლატფორმა Mymarket.ge-ის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

სქემა შემდგენაირად მუშაობს: Mymarket.ge-ის მომხმარებელს, რომელიც რაიმე ნივთს ყიდის, შენაძენის გაკეთების სურვილით უკავშირდება ყალბი მყიდველი. შემდეგ სთავაზობს თანხის გადარიცხვასა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობას, რისთვისაც უგზავნის ბმულს, რომლის გახსნის შემდეგაც გამოდის ველი - „თანხის მიღება“. მასზე ხელის დაჭერის შემდეგ მსხვერპლს სთავაზობენ მომსახურე ბანკის „არჩევას“, შემდეგ - ანგარიშის ნომრის შევსებასა და მიმღების დასახელებას. მონაცემების შეყვანის შემდეგ გადადის კიდევ ერთ ყალბ გვერდზე, სადაც მომხმარებლისა და პაროლის შეყვანას ითხოვენ. ინფორმაციის შეყვანის შემდეგ კი კიბერთაღლითებს წვდომა აქვთ დაზარალებულის საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც თანხას ითვისებენ.

თაღლითობის აღნიშნული სქემა უკვე არსებულ მეთოდებთან შედარებით კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ამიტომ ვებგვერდის მომხმარებელთა ნაწილი ტყუვდება. აქამდე Mymarket.ge-ის მეშვეობით კიბერთაღლითები გამყიდველებს უკავშირდებოდნენ Whatsapp-ის ან Viber-ის მეშვეობით და უგზავნიდნენ ბმულს, სადაც პირდაპირ პირადი მონაცემების შეყვანას ითხოვდნენ. ახალი სქემა კი კიდევ უფრო „დახვეწილი“ და რთულად ამოსაცნობია, ამიტომ მნიშვნელოვანია, პირადი მონაცემები მესამე პირს არცერთ შემთხვევაში არ გავუზიაროთ და ნებისმიერი საეჭვო შემოთავაზების მიღებისგან თავი შევიკავოთ.

კიბერთაღლითები სხვის ფინანსებზე წვდომის მოსაპოვებლად ასევე შემდეგ სქემებს იყენებენ:

  • ელექტრონული კომერციის ვებგვერდები

ინეტრნეტთაღლითები Mymarket.ge-ს მსგავსად სხვა ისეთ ელექტრონული კომერციის ვებგვერდებს იყენებენ, რომელთაც მომხმარებელი ენდობა. მათ შორის არის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების პლატფორმები, რომელთა შემთხვევაშიც სქემა თითქმის იდენტურია. განმცხადებელ პირს უკავშირდება ყალბი მყიდველი და ნდობის მოპოვების შემდეგ პირად საბანკო მონაცემებს სთხოვს, როგორიცაა: საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდი, CVV კოდი, რომელიც ბარათის უკანა მხარესაა მითითებული, ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის ორივე მხარის ფოტოსურათი და ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდი. იმისათვის, რომ მყიდველმა ნივთის საფასური ჩაგირიცხოთ, ამისთვის საკმარისია მხოლოდ ანგარიშის ნომერი, სხვა საბანკო მონაცემის მესამე პირისთვის გაზიარება საჭირო არ არის.

ასევე, თაღლითებმა სუბიექტის თანხა შეიძლება მასშტაბური ვებგვერდების გაყალბებული მისამართებითაც მიითვისონ. როგორც წესი, ისინი ვებგვერდის მისამართში ერთ ასოს ცვლიან, რათა მომხმარებელი არ დააკვირდეს და თავისი საბანკო მონაცემები ანდოს. მაგალითად, Aliexpress.com-ს ნაცვლად Aliexpresi.com. რეკომენდებულია, მომხმარებელი კარგად დააკვირდეს, საძიებო სისტემაში რამდენად სწორად შეიყვანა ვებგვერდის დასახელება და ბმულზე გადასვლის შემდეგ რომელიმე ასო ხომ არ არის შეცვლილი.

  • ყალბი გათამაშებები ავტორიტეტული კომპანიებისა და ორგანიზაციების სახელით

ელექტრონულ ფოსტაზე ან „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ ინეტრნეტთაღლითები პერიოდულად გზავნიან ან ასპონსორებენ ყალბ გათამაშებებს, რომლებიც ავტორიტეტული კომპანიების სახელით „ტარდება“. იმისათვის, რომ სუბიექტმა მასში მონაწილეობა მიიღოს, უნდა გადავიდეს შეთავაზებულ ბმულზე და შეიყვანოს თავისი პირადი მონაცემები. ამისათვის მას შეიძლება რამდენიმე საფეხურის გავლა მოუწიოს, რაც სუბიექტის დაბნევას და მისი ეჭვების გაქარწყლებას ემსახურება. ინტერნეტბანკის მომხმარებლისა და პაროლის ან რომელიმე ყალბ ვებგვერდზე ბარათის მონაცემების შეყვანის შემდეგ კი ინეტრნეტთაღლითები სწრაფად ეუფლებიან დაზარალებულის თანხას.

მნიშვნელოვანია, ინტერნეტმომხმარებელს ახსოვდეს, რომ ავტორიტეტული კომპანიები და ორგანიზაციები გათამაშებებსა და აქციებში ჩასართავად სუბიექტებისგან მსგავს პირად ინფორმაციას არ ითხოვენ. ამასთან, აუცილებელია, გათამაშების რეალურობა იმ კომპანიასთან გადამოწმდეს, რომლის სახელითაც ის ტარდება.

ამასთან, რეკომენდებულია, ადრესატმა არ გახსნას ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული საეჭვო მეილები, რომლებსაც ინეტრნეტთაღლითები ბანკისთვის ან რომელიმე სხვა კომპანიისთვის მიმსგავსებული მისამართით გზავნიან და მისი ნამდვილობა გადაამოწმოს.

იმისათვის, რომ ჩამოთვლილი და სხვა სქემებისგან მომხმარებელმა თავი დაიცვას, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია ჰქონდეს ინეტრნეტთაღლითების მეთოდებზე და თავისი საბანკო მონაცემები მესამე პირზე არცერთი შეთავაზების შემთხვევაში არ გასცეს, რადგან ტრანზაქციის განხორციელებას მხოლოდ ანგარიშის ნომერი და რიგ შემთხვევებში, SWIFT კოდი ესაჭიროება.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ