ქართველ მეხანძრე-მაშველებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სამთო სამაშველო სწავლება ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში, სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციებისა და სამთო სამაშველო წვრთნები გაიარეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწავლებები ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და რაჭაში მიმდინარეობდა. წვრთნებში მონაწილეობდა 50 მეხანძრე-მაშველი, ასევე, ჩართული იყო საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია.

„ამერიკელმა ინსტრუქტორებმა წყალზე სამაშველო კურსის მონაწილეებს სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების განხორციელების, აგრეთვე, წყლიდან ადამიანის დროულად და უვნებლად გამოყვანის მიმართულებით პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს. სწავლების ფარგლებში, მაშველები გადამზადდნენ სპეციალური საბაგირო მაგისტრალების მომზადების, ძლიერ დინებაში წყალზე მცურავი საშუალებებისა და სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებითაც.

სამთო სამაშველო სწავლების ფარგლებში, ამერიკელი ინსტრუქტორებმა მაშველებს ჩაუტარეს როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული წვრთნები. სწავლება მოიცავდა ისეთ სავარჯიშოებს, როგორიცაა: სიმაღლიდან დაშვების ოპერაციები, დაზარალებულის უძრავად შეკვრის პრაქტიკა, მუშაობა თოკებსა და ნასკვებზე და ა.შ.

დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი და საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრნენ.

კურსების დასრულების შემდეგ, ქართველ მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
ახალ სტრატეგიულ პერიოდში „პაშა ბანკი საქართველო“ მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი მთავარი არჩევანი ადგილობრივი კორპორატიული მომხმარებლებისთვის