ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხანიშვილი ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდსს შეხვდა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, შეხვედრის უმთავრესი პოლიტიკური მსჯელობის საგანი ევროკავშირის რეგულაციების შესრულების დინამიკა იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

გიორგი ხანიშვილმა ქალაქ რიგაში, 8-10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD-2022, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოფენები ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

„სოფლის მეურნეობის დარგში სხვადასხვა მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გვეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის და ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ვფიქრობ, ლატვიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ევროკავშირის ასოცირების მიმართულებით დადებითი ნაბიჯების გადასადგმელად მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ლატვიის რესპუბლიკასთან ექსპორტისა და იმპორტის პოტენციალზეც ისაუბრა და გასული წლის დადებითი ტენდენციისა და მიმდინარე წლის მზარდი მონაცემების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში საქართველოსა და ლატვიას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ.

„შეხვედრის ბოლოს, გიორგი ხანიშვილმა და კასპარს გერჰარდსმა, სამინისტროებს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობისა და საკვების წარმოების კუთხით სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საკვები პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე ევროკავშირის რეგულაციებთან და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით გამოცდილების გაზიარებას.

კასპარს გერჰარდსმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი უწყებებს, სურსათის უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ლატვიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის