იაგო ხვიჩია „ლელოს“ ინიციატივაზე - საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, ოღონდ მონაწილეობას არ მივიღებთ, ნუ დამავალებენ - „ლელოსთან“ საერთოდ რა მინდა? ისინი სამყაროს სხვანაირად უყურებენ

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას, განცხადებით, “ლელოს“ ინიციატივას, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, „გირჩი“ მხარს დაუჭერს, მაგრამ სამუშაო პროცესში, მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას ეს თემა არ აინტერესებს და არ სჯერა, რომ ოპოზიციას, რაღაც კონკრეტული საქმის მიღწევა და გამოძიება შეუძლია.

მისი თქმით, ეს სასამართლოს კომპეტენციაც კი არ არის, „საქმე პოლიტიკურ მოწყობას ეხება“.

„საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობა, რომ მიმდინარეობს, ეს გასაკვირი არ არის. ბევრ საკითხზე ისედაც მიმდინარეობს თანამშრომლობა, როგორც სომხეთთან, ან აზერბაიჯანთან, ან თურქეთთან. მე არ ვიცნობ ქართულ სპეცსამსახურებს და მათ სპეციფიკას, მაგრამ მგონია, რომ ეს ასე იქნება. თანამშრომლობა და შეხვედრა ჩემთვის არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.

ჩვენ ვეთანხმებით საგამოძიებო კომისიას, როგორც ოპოზიციის მიერ დაყენებულ ინიციატივას. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს შეთანხმება, რომ ვინც მხარს დაგვიჭერს ჩვენს ინიციატივებზე კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ჩვენც მხარს დავუჭერთ, ოღონდ მონაწილეობას არ მივიღებთ. ნუ დამავალებენ, მე არ მაინტერესებს ეს თემა. არ მგონია, რომ საგამოძიებო კომისიით ამ თემის ასე გარკვევა შეიძლება. მგონია, რომ ეს არის პოლიტიკის ნაწილი, სადაც ეს კომისია ან გამოვა ან არ გამოვა. არ მჯერა, რომ ამ ოპოზიციას, რაღაც კონკრეტული საქმის მიღწევა და გამოძიება შეუძლია. მე არ მინდა გავიდე, ისეთ საქმეში, სადაც ტყუილად გავილანძღები.

მე ხომ ვეთანხმები ამ კომისიას, რატომ გინდათ, რომ „ლელოს“ წევრებთან ერთად ვიმუშაო? რა უნდა დავადგინო? რისი დადგენა შეიძლება იმით, რომ ვახტანგ გომელაური შეხვდა? ამის იქით მეტს რას ვადგენთ? „ლელოსთან“ საერთოდ რა მინდა?! როდესაც ოპოზიციური რაღაცა ხდება, იქ არ მეძახიან. არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც უნდა გვქონდეს. ისინი ( „ლელო“) სამყაროს სხვანაირად უყურებენ. ამ კომისიამ ვერაფერი, რომ ვერ გამოიკვლიოს და ბოლოს სასაცილო, რომ აღმოჩნდეს?! მე იმას მაინც ვიტყვი, რომ ამაში არ ვმონაწილეობდი.

პარლამენტში ხომ არ უნდა ვარჩევდეთ გოგაშვილი როგორ გამდიდრდა. სასამართლო უნდა იყოს, სადაც გაირკვევა ვინ როგორ იშოვა ფული. გვინდა, რომ საპარლამენტო კომისიას დავადგენინოთ საქმეები და თან ისეთი საქმეები, რომლებიც მარტო სასამართლოს კომპეტენციაც კი არ არის, საქმე პოლიტიკურ მოწყობას ეხება“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიამ გადაცემაში, ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არ სჯერა პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი რევოლუციების.

მისი შეფასებით, უნდა გაჩნდეს იდეა, რომლის გამოც უნდა მოხდეს რევოლუცია.

„მე არ მჯერა პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი რევოლუციების. მე მჯერა რომ პოლიტიკოსების მოვალეობაა ხალხს დაეხმაროს რევოლუციის მოწყობაში, თუ მაინცდამაინც რევოლუცია გინდა. რევოლუციას არ აწყობს ერთი კაცი, არც ორი, არც ხუთი. თუ რევოლუციის გარდა სხვა გზა არ არის, სწორად მივიდნენ იქამდე, რომ რევოლუციის მერე ერთმანეთი არ დახოცონ. უნდა გაჩნდეს იდეა, რომლის გამოც პოლიტიკოსები ვიტყვით რომ ამის გამო უნდა მოხდეს რევოლუცია. სანამ ამას არ იტყვიან, მე არც ერთი რევოლუციის მომწყობის არ მჯერა“, - განაცხადა გადაცემაში იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარტია „ლელო" ინიციატივით გამოვიდა, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, "ლელო" დღესვე დაიწყებს კონსულტაციებს სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რომ პარლამენტის წევრების ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეგროვდეს.

ინფორმაციისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ვლადიკავკაზში აირზენას ჩარტერით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაფრენის შემდეგ, ინფორმაციის გაჟონვის დაზღვევის მიზნით, „ორივე პილოტი მოსმენაზე დასვეს“.

მისი თქმით, პილოტებს ორი თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

გოგაშვილის განცხადებით, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის იმ ეპიზოდზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღეს გაავრცელა, კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა