სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საპილოტე პროგრამა ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის დახმარებით, ქალ ფერმერებს საშუალება ექნებათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% ( მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს. საპილოტე პროგრამა მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება; პროგრამაში რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ნატალია ხარატიშვილის განცხადებით, მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს, გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა.

„მოხარულები ვართ სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, რომელიც, პროგრამის ფარგლებში, ტექნიკურ დახმარებას უწევს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას; გაეროს ქალთა ორგანიზაცია კი, ქალების მხარდაჭერას ახორციელებს. ასე რომ, ეს შესანიშნავი პარტნიორობაა”, -განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავა.

„ამ პროგრამის დაწყებით სახელმწიფო ამბობს, რომ ქალები ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას არ აქვს ფართო მასშტაბი და საპილოტედ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ჩვენ კონცეტრირებულად დავიწყეთ ქალების საჭიროებებზე საუბარი და მათზე მორგებული პროგრამების ჩაშვება. ის რეკომენდაციები, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდან იქნა გაცემული მიწის მფლობელობასთან და თანადაფინანსებასთან დაკავშირებით, პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და ეს არის დასაწყისი და მხოლოდ დასაწყისი ქალებზე მორგებული სპეციალიზებული მიდგომების და პროგრამების გავრცელების“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

„საპილოტე პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაზრდას, სააგენტოს პროგრამებში მათ ჩართულობას, სპეციალური ინიციატივების შემუშავებას და, შედეგად, ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს