EBRD საქართველოს ჯანდაცვის სექტორში 35 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ჯანდაცვის სექტორში 35 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

EBRD-ის ინფორმაციით, ფინანსური პაკეტი ხელს შეუწყობს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისა“ და „ევექსი ჰოსპიტლების“ განვითარებას 25 მილიონ აშშ დოლარამდე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG) რეფინანსირებისთვის და მინორიტარი აქციონერების აქციების გამოსასყიდად; დამატებითი 10 მილიონი აშშ დოლარი „ევექსს“ საავადმყოფოების განსაახლებლად, სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად და რეფინანსირებისთვის; პაკეტი ასევე მოიცავს ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) შემცირების და ექთნების ტრენინგის პროგრამებს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი“ (GHG) და მისი შვილობილი კომპანია, სს „ევექსი ჰოსპიტლები“ (ევექსი) ერთად აუმჯობესებენ საქართველოში ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას. 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტის ფარგლებში, EBRD გადასცემს 25 მილიონ აშშ დოლარამდე სესხს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG) და 10 მილიონ აშშ დოლარამდე სესხს „ევექსს“.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) თანხას გამოიყენებს წინა სესხის რეფინანსირებისთვის, რომელიც უკვე წარმატებით მოხმარდა კოვიდ-19-თან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სესხის არასავალდებულო ტრანში ნაწილობრივ დააფინანსებს GHG-ის ფარმაცევტული ბიზნესის მინორიტარი აქციონერების აქციების გამოსყიდვას.

„ევექსისთვის“ გაცემული სესხი კი მისცემს კომპანიას საშუალებას განაახლოს 15 კლინიკა და შეიძინოს თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა. სესხი, ასევე, ნაწილობრივ უზრუნველყოფს ადგილობრივი კერძო ობლიგაციების ფინანსირებას.

EBRD და კორეის მთავრობა ფინანსურ პაკეტს განავრცობენ ტექნიკური თანამშრომლობით, რითიც დაეხმარებიან GHG-ს და „ევექსს“ პროფესიონალი ექთნებისთვის შეიმუშაონ შიდა სერტიფიკაციის სასწავლო პროგრამები. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებული ცოდნისა და უნარების დეფიციტის აღმოფხვრას. ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური დეპარტამენტი ასევე გააგრძელებს GHG-თან ურთიერთობას ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) შემცირების პრაქტიკის მხარდასაჭერად.

GHG არის უმსხვილესი ოპერატორი საქართველოს ჯანდაცვის სექტორში და ეროვნული ლიდერი ჯანდაცვის სერვისების, ფარმაცევტული პროდუქციის, სამედიცინო დაზღვევისა და დიაგნოსტიკის სფეროში. ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული „ჯორჯია კაპიტალის“ შვილობილი კომპანიაა. GHG და „ევექსი“ EBRD-ს კლიენტები 2016 წლიდან არიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ, რომელიც ამ კვირაში კავკასიას სტუმრობს, ხელი მოაწერა შეთანხმებას.

„შესანიშნავია თბილისში ყოფნა და ამ ხელშეკრულების პირადად ხელმოწერა ჩვენს დიდი ხნის კლიენტებთან ერთად. ჩვენი მხარდაჭერით მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

მოხარული ვართ ხელი შევუწყოთ მათ საქმიანობას და მომავალში კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საქართველოს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ.

GHG-ის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი გოგიას განცხადებით კი, მორიგი ხანგრძლივი ფინანსირების ტრანზაქცია EBRD-სთან ხელს შეუწყობს ჯგუფის მდგრად განვითარებას.

„ძალიან მოხარული ვარ განვაცხადო, რომ GHG-მ და „ევექსი ჰოსპიტლებმა“ წარმატებით დაასრულეს მორიგი ხანგრძლივი ფინანსირების ტრანზაქცია EBRD-სთან, რაც ხელს შეუწყობს ჯგუფის მდგრად განვითარებას. მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ დიდი ხნის პარტნიორს - EBRD-ს, რომელიც ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს ბიზნესებს განვითარებაში, და ამასთანავე უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა“,- განაცხადა გოგიამ.

EBRD-მა საქართველოში დღემდე 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტის ფარგლებში, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის ძირითადი საინვესტიციო სფეროები მოიცავს ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs).

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა