ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აფხაზეთი სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობით

აფხაზეთი სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობით. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო განიხილავს რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე.

„ყველას კარგად გვესმის, რას ნიშნავს მეორე ფრონტი. ეს ჩვენთვის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, როგორც თანათავმჯდომარეები, უპასუხებთ და უნდა უპასუხოთ მსგავს საფრთხეებს, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ტუჟბამ.

მანვე განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი სერიოზულ ყურადღებას აქცევს საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს, საქართველოს მაღალი რანგის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ეხება აფხაზეთს, უსაფრთხოების საკითხებს და კონფლიქტის განუახლებლობას.

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ე.წ. ელჩმა კან ტანიამ.

მისი აზრით, საქართველოში არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც პოლიტიკური თვალსაზრისით, ნებისმიერი ნაბიჯი გააუარესებს მდგომარეობას.

„თუ საქართველო მეორე ფრონტს გახსნის, დანარჩენ სახელმწიფოებრიობას სერიოზული რისკის ქვეშ დააყენებს. თუ მეორე ფრონტს არ გახსნის, მაშინ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც დასავლელი მფარველების ვასალები არიან, მათ იმედს გაუცრუებენ. საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი ორს შორის. აშკარაა, რომ ისინი ირჩევენ უმცირესს, ორ ბოროტებას შორის - საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის წინააღმდეგია. იმისათვის, რომ როგორმე იმართლოს თავი თავისი ხალხის წინაშე, დასავლელი კოლეგების წინაშე, მათ შორის უკრაინის წინაშე“, - განაცხადა ტანიამ.

ის ეთანხმება ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლებს, რომლებიც მიჩნევენ, რომ არ უნდა მოდუნდნენ, არამედ უნდა გააძლიერონ თავდაცვის პოტენციალი, ვიდრე საქართველოში „რევანშისტული განწყობები არსებობს, ვიდრე საქართველოს აქვს ტერიტორიული პრეტენზია“.

კან ტანიას მიაჩნია, რომ ჟენევის დისკუსიები ახლა უკიდურესად აქტუალურია. ის დარწმუნებულია, რომ დროა ხელი მოეწეროს დოკუმენტს საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რათა შემცირდეს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მაგალითი მისცეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინელი მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეგვიძლია გამოკითხვა ჩავატაროთ და ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას,"- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო