საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი ქვეყნის საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პრობლემებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი იწყებს ქვეყანაში საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პრობლემების კვლევას, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი - "საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და რეგიონების (მხარეების) საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პრობლემების კვლევა“, ხუწლიანია და 2022 - 2026 პერიოდს მოიცავს.

„პროექტის ფარგლებში ცენრტის მეცნიერ-თანამშრომლები შეისწავლიან საქართველოს რეგიონების ბუნებრივი და ადამიანური რესურსების პოტენციალს, შეიმუშავებენ ეკონომიკური შეფასების თანამედროვე მეთოდიკას, მოამზადებენ ახალი დისციპლინის - „რესურსმცოდნეობა“ - საგანმანათლებლო კურსებისთვის შესაბამის სილაბუსს, ასევე, შეიმუშავებენ საქართველოს რეგიონების ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო ძალების ელექტრონულ პლატფორმას.

პროექტის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაო ითვალისწინებს კვლევებს ორი ძირითადი მიმართულებით, მათ შორის: სამთამადნო მრეწველობაში (მადნეულის სამთო-მამდიდრებელი კომბინატი) გამდიდრების თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევა - „მადნეულის საბადოს პირველადი და დასაწყობებული სპილენძ-თუთიის კოლჩედანური მადნების გამდიდრების კომბინირებული ტექნოლოგიური სქემის დამუშავება“, რომლის შედეგად შემუშავდება ძნელად გასამდიდრებელი სპილენძ-თუთიის მადნებიდან და წარმოების ნარჩენებიდან სპილენძისა და თუთიის მაღალხარისხიანი პროდუქტების მიღების კომბინირებული ტექნოლოგიური სქემები და მეორე, ტყიბული-შაორის ნახშირის საბადოზე არსებული პრობლემების კვლევა - „ტყიბულ-შაორის ნახშირის საბადოს ე.წ. „ფუჭი ქანების“ - არგილიტების, თიხების, მამდიდრებელი ქარხნის ე.წ. „კუდების“, ნაცრის შესწავლა სამშენებლო მასალებისა და სასუქების წარმოების შესაძლებლობის დადგენის მიზნით“, რაც ხელს შეუწყობს საწარმოს საერთო ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებასა და რეგიონის მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლების ამაღლებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუ-ის ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დირექტორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ლომსაძის თქმით, საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების კვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

„ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. კვლევის შედეგად შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები მოემსახურება რესურსების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) განსაზღვრას როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. პროექტი ხელს შეუწყობს მიწის - ბუნებრივი რესურსისა და წარმოების ფაქტორის - ეფექტიანობის ამაღლებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური (სასურსათო) უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნის ეკონომიკის ახალი დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფის განმსაზღვრელი პირობაა. ასევე, გაანალიზებული და დაზუსტებული იქნება უახლესი მონაცემები წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ საქართველოს რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წყლის ეკოლოგიური მდგომარეობისა და დაბინძურების ხარისხის, ასევე თანამედროვე წყალგამწმენდი ტექნოლოგიების შეფასებას. შესწავლილი იქნება სამეურნეო წყალმოხმარების არსებული მდგომარეობა. შეფასდება წყალმომარაგების, წყალარინების სისტემების სრულყოფილი ფუნქციონირების, წყლის დანაკარგების შემცირების, რეგიონების წყლით უზრუნველყოფის ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორები. კვლევის შედეგად რეგიონულ დონეზე რაციონალური წყალმოხმარების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში წყალდამზოგველი სწორი პოლიტიკის გატარებას. კვლევის შედეგები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ტყეების (განსაკუთრებით მთის ზონაში) მდგრადი განვითარების პრობლემების გადაჭრას, ტყეების დაცვითი და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებას, რაც სასიკეთოდ წაადგება ქვეყნის და მთლიანად პლანეტის კლიმატის გაჯანსაღებას. პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს წიაღისეულის საბადოებზე და მოქმედ საწარმოებში არსებული მდგომარეობის შესწავლა-ანალიზი-შეფასება და წინადადებების შემუშავება საწარმოო ციკლში პროდუქციის გამდიდრების თანამედროვე მეთოდების შერჩევის, წარმოების ნარჩენების (ე.წ. „კუდების“) და გამოუყენებელი ე.წ. „ფუჭი ქანების“ შემდგომი გადამუშავების მიზნით, ასევე საწარმოს ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების შერბილების მიმართულებით და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება“, - აცხადებს ზურაბ ლომსაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შემუშავებული ელექტრონული პლატფორმაზე აიტვირთება ქვეყნის რესურსული პოტენციალის შესახებ სრული ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს რესურსული პოტენციალის ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიურად ჩართვისთვის ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და მიზნობრივ გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა საფუძვლად დაედება სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური განვითარების კომპლექსურ ანალიზს, პროგნოზებისა და მიზნობრივი პროგრამების ჩამოყალიბებას. მისი გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი 1978 წლიდან იკვლევს ქვეყანაში არსებულ მიწის, წყლის, ტყის, სასარგებლო წიაღისეულის, სათბობ-ენერგეტიკულ, ჰიდრო, მზის, ქარის, გეოთერმულ და მინერალური წყლების რეკრეაციულ, ტურისტულ და ადამიანურ რესურსებს - მათი აღწერის, შეფასებისა და რაციონალური გამოყენების მიმართულებით; განახლებადი ინფორმაციის საფუძველზე აფასებს რესურსების თანამედროვე მდგომარეობას, აყალიბებს მათი ეფექტიანი და კომპლექსური გამოყენების კონცეპტუალურ მიდგომებს, შეიმუშავებს სათანადო წინადადებებსა და რეკომენდაციებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა