სერგი კაპანაძე NDI-ის კვლევაზე - ეს სურათი აწყობს „ქართულ ოცნებას“ - ასეთ აპათიურ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას უკეთესად მართავს, უკეთ მანიპულირებს

საბოლოო ჯამში ეს სურათი აწყობს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას - ასეთ აპათიურ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას უკეთესად მართავს ანუ უკეთ მანიპულირებს, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არცერთი არ გამოხატავს.

სერგი კაპანაძის განცხადებით, NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებულმა უკიდურესად პოლარიზებულმა მდგომარეობამ საზოგადოებაში ჩამოაყალიბა ძალიან დიდი იმედგაცრუების გრძნობა.

„ჩემი აზრით კვლევა აჩვენებს იმას, რაც ყველამ კარგად იცის. ქვეყანაში არსებულმა ამ უკიდურესად პოლარიზებულმა მდგომარეობამ, რომელიც არის შედეგი განადგურების პოლიტიკის, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია ყველა ოპონენტის მიმართ, საზოგადოებაში ჩამოაყალიბა ძალიან დიდი იმედგაცრუების გრძნობა. ამ მიდგომის შედეგად, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩეული, არც მათი პოლიტიკით არ არის კმაყოფილი ხალხი და რა თქმა უნდა, არც ოპოზიციის ქმედებებით არ არის კმაყოფილი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დაპირისპირება, სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ცდება საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს და არ არის ფოკუსირებული საზოგადოების მთავარ მოთხოვნებზე. იქ იყო თუ რა არის მთავარი თემები, ეკონომიკა, ინფლაცია, სიღარიბე, ამაზე არ არის ფოკუსირებული, ამიტომ მოსახლეობას აქვს განცდა, რომ მათ პრობლემებზე პოლიტიკური სპექტრი და პოლიტიკური ელიტა არ საუბრობს და ამისი გამოძახილია სწორედ ეს კვლევა.

ყველაფერში ჩანს, რომ ქვეყანაში არის ძალიან დიდი უკმაყოფილება, მაგრამ ეს უკმაყოფილება არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად იზრდება რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია.

შეიძლება ცინიკურად ჟღერს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს სურათი აწყობს „ქართულ ოცნებას“. ხელისუფლებას, რომელსაც ბერკეტები აქვს, რომელიც ორიენტირებულია პოლარიზებაზე, რომელსაც შეუძლია ოპონენტები გაანადგუროს, მედიები დახუროს, ასეთ აპათიურ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას უკეთესად მართავს ანუ უკეთ მანიპულირებს. ალბათ ასე თვლიან, რომ უფრო აქვთ შანსი, რომ ამის მერე საარჩევნო შედეგები მათთვის იყოს უკეთესი. მთელი მათი პოლიტიკა იმაზეა სწორედ მიმართული, რომ არა ხალხის პრობლემებზე ისაუბროს, არამედ შექმნას მტრის ხატი და აჩვენოს, რომ სხვები არიან უარესები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე გადაცემაში არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, რამდენიმე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური შემოსავლები კითხვის ნიშნებს აჩენს.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსურად ყველაზე უფრო გამჭვირვალე სექტორია და მათზე თავდასხმა დასავლეთის დემონიზების კამპანიის ნაწილია.

„ეს არის ტყუილი, ამ ქვეყანაში არასამთავრობო სექტორი არის ალბათ ყველაზე უფრო გამჭვირვალე ფინანსურად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. ყველა ორგანიზაციაში, მათ შორის ჩვენთან, ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია უბრალოდ ღიადაა ხელმისაწვდომი, განსხვავებით მაგალითად პოლიტიკური პარტიებისგან, „ქართული ოცნებისგან“, რომელიც რამდენიმე ათეულ მილიონს ხარჯავს.

როგორც წესი პრინციპი არის ხოლმე, რომ წყარო ვინც არის, მასთან ხარ ანგარიშვალდებული. კერძო კომპანიის ფინანსები არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საჯაროდ ყველასთვის, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე დონორი ვინც არის ან მეპატრონე ვინცაა მისთვის. ხოლო საჯარო სამსახური, მათ შორის პარტია, ფინანსდებიან საჯარო ფინანსებით, ჩვენი და თქვენი ფულით, ამიტომ მათი გასაჯაროების მოთხოვნა არის სწორი.

რატომ ხდება ეს შეტევა არასამთავრობო სექტორზე, ყველასთვის არის ცნობილი, ეს არის დასავლეთის დემონიზების კამპანია”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არც ერთი არ გამოხატავს. კითხვაზე: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56%-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39%-მა თქვა, რომ „კი“, 4%-ის პასუხია - „არ ვიცი“, ხოლო 2 %-მა პასუხზე უარი თქვა.

ამასთან, აღნიშნული კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა