რამაზ საყვარელიძე - თუ ასე გაგრძელდა, ქრონიკულად გვექნება ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემა, რაც სახიფათოა იმ ქვეყანაში, სადაც ადვილად აღმოცენდება ხელისუფლების დამხობის, ანუ რევოლუციის იდეა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ენ-დი-აი-ს ბოლო გამოკითხვის შედეგებით გვინდა თქვენთან დავიწყოთ საუბარი.

ვიდრე კონკრეტიკაზე გადავალთ, გვერდს ვერ აუვლით, ენ-დი-აი-ს ბოლო გამოკითხვის შედეგებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლების რეაქციას. უფრო სწორად იმის მტკიცებას, რომ ენ-დი-აი-ს გამოკითხვები სანდო არაა. როცა ენ-დი-აი-ს გამოკითხვით 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ უპირატესობა იყო, მაშინ სანდო იყო და ახლა აღარაა სანდო?

ფაქტია, რომ ენ-დი-აი-ს ბოლო გამოკითხვის შედეგები ცუდია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის. ეს კი ცუდია ქვეყნისთვის, რადგან, ქართულ პოლიტიკურ სცენა აშკარად ტოვებს უსახურობის განცდას.

როგორ შეაფასებდით ენ-დი-აი-ს ბოლო გამოკითხვის შედეგებს, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ მხარს 25% უჭერს, „ნაცმოძრაობას“ - 8%, 1-1% აქვთ გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“, ხოლო 56% ამბობს რომ მხარს არცერთს არ უჭერს?

- ენ-დი-აის მიმართ უნდობლობა გასაგებია, მრავალი წელია მისი კვლევის შედეგები ძალიან ცდებოდა არჩევნების შედეგებს და ამას ხშირად იხსენებენ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, თუ არ აწყობთ მონაცემები. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ყველა მონაცემი დაფიქრებას იმსახურებს, მით უფრო, თუ მონაცემებში გარკვეული ტენდენცია ისახება.

2021 წელს ენ-დი-აის კვლევაში „ოცნებას“ 31% ჰქონდა, ენმ- 5%, სხვა პარტიებს - 9%, არცერთს - 25%. დღევანდელ შედეგში იგივე მიმართებებია პარტიებს შორის, ოღონდ პროცენტებია განსხვავებული. განსაკუთრებით თვალში საცემია მათი რაოდენობის გაზრდა, ვისთვისაც მიუღებელია მთელი პოლიტიკური სპექტრი. ეს შედეგი ცოტა საეჭვო მეჩვენება - მეორე ფრონტის გახსნის საკითხს, რაც უკრაინის ომის დაწყებიდან დადგა, გულგრილების რიცხვი უნდა შეემცირებინა.

ამასთანავე, დასაფიქრებელია ყველა პარტიით უკმაყოფილოთა ეს რიცხვი. გეთანხმებით, მოსახლეობის მიერ პარტიების მიუღებლობა ცუდია ქვეყნისთვის, მაგრამ კატასტროფა ჯერ არ არის. დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტია იმარჯვებს ამომრჩევლის 36%-ის მხარდაჭერით, საშუალოდ. ეს ლეგიტიმურობის 50%-ზე მნიშვნელოვნად დაბლაა და ამომრჩევლის ზურგშექცევა დასავლეთშიც აწუხებთ. ჩვენც ანალოგიური მდგომარეობისკენ მივდივართ, ოღონდ ჩვენ ჩვენი თავისებურებები დაგვემატება და მათში ვხედავ საფრთხეს.

თავისთავად ცხადია, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქრონიკულად გვექნება ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემა, რომელიც გაზრდის ხალხის დაუმორჩილებლობის ალბათობას, რაც სახიფათოა იმ ქვეყანაში, სადაც ადვილად აღმოცენდება ხელისუფლების დამხობის, ანუ რევოლუციის იდეა.

თუ ასე გაგრძელდა, ქრონიკულად გვექნება ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემა, რომელიც გაზრდის ხალხის დაუმორჩილებლობის ალბათობას, რაც სახიფათოა იმ ქვეყანაში, სადაც ადვილად აღმოცენდება ხელისუფლების დამხობის, ანუ რევოლუციის იდეა

მეორეც - არჩევანის გაკეთებაზე უარის თქმა არის ფსიქოლოგიური მიგრაცია, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლა. ადამიანი უკმაყოფილოა პოლიტიკოსებით და იმის მაგივრად, რომ იბრძოლოს სიტუაციის გაუმჯობესებისთვის, თავს არიდებს სიტუაციას.

ეს პასიური სტრატეგია პოლიტიკურ სტრესს ჩატოვებს პიროვნებაში. მოსახლეობის პოლიტიკურმა სტრესმა შეიძლება კატასტროფისკენ წაიყვანოს ქვეყანა - პირველი მსოფლიო ომის შედეგად გაჩენილმა პოლიტიკურმა სტრესმა გერმანელებს ჰიტლერი აარჩევინა.

და მესამე - ოპოზიციური პარტიების პოპულარობის შემცირების ფონზე მოსახლეობის მხრიდან არჩევნების ზურგშექცევა გაამყარებს მმართველი პარტიის გამარჯვებას, რადგან მას ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება, თუნდაც, ადმინისტრაციული რესურსი.

ეს ისევ მიგვაახლოვებს ერთპარტიულ მმართველობას. ყოველივე ამას დაემატება ის, რაც თქვენ სავსებით სამართლიანად ბრძანეთ - ქართული პოლიტიკა დაკარგავს სახეს, პულსს, მიმზიდველობას. ტონუსდაკარგულ პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ უფრო გაძნელდება ახალი ძლიერი პარტიების შექმნა და კიდევ უფრო უალტერნატივო გახდება მმართველი პარტია, რომელიც მარტოდ დარჩენილი მოწყენილი იხეტიალებს სახელისუფლო დერეფნებში.

სხვათა შორის, როცა ერთი პარტია უალტერნატივოა, ახლებს აჩენს „უსქესო გამრავლება. მოგეხსენებათ, დაბალგანვითარებულ ორგანიზმებს ახასიათებს - მმართველი პარტია იშლება და მისი ნაწილები ბრძოლას უცხადებენ ერთმანეთს.

გავიხსენოთ, ერთი პარტიის ნაწილებმა გააჩინა ჩვენთან 90-იანების სამოქალაქო ომი და 2003-ის ვარდების რევოლუცია. განვითარების ეს გზა დესტაბილიზაციას გულისხმობს, რაც ბევრ რისკს შეიცავს ქვეყნისთვის.

ამიტომ, კონკურენტუნარიანი პარტიები აუცილებელია ქვეყნის ნორმალური პოლიტიკური ევოლუციისთვის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ამომრჩეველი ზურგს შეაქცევს პოლიტიკას.

კონკურენტუნარიანი პარტიები აუცილებელია ქვეყნის ნორმალური პოლიტიკური ევოლუციისთვის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ამომრჩეველი ზურგს შეაქცევს პოლიტიკას

- ენ-დი-აი-ს ბოლო გამოკითხვის შედეგები იმასაც ნიშნავს, რომ სახელისუფლებო გუნდი და ოპოზიცია სულ ტყუილად ახმარს დიდ ენერგიასა და რესურსებს საინფორმაციო სივრცეში თავის აქტიურობას. ასეა, რადგან ოპოზიციის შემთხვევაში კვლევის შედეგები კატასტროფულად კრიტიკულია, ხოლო ხელისუფლების შემთხვევაში ცუდი.

ასეთი ვითარება აჩენს განცდას, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესი გაუქმებულია. ორივე მხარის ხმაურიანი, ხშირ შემთხვევაში სკანდალური განცხადებები პოლიტიკური პროცესის მხოლოდ იმიტაციაა და სხვა არაფერი.

შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ შიდა პოლიტიკაში ასეთი ვითარება იმის ბრალია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებზე „შუა“, ბევრჯერ გაიკრიფა. სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკა ასეთ დღეშია?

- მართლაც, როგორც ჩანს, გამოიფიტა ქართული პოლიტიკა და, გეთანხმებით, მიზეზების მოძებნაა საჭირო. თქვენ ერთ-ერთ ვერსიად წამოაყენეთ 2012 წლის არჩევნების წინ ივანიშვილის მიერ ნათქვამი „შუა უნდა გაიკრიფოსო“.

შეიძლება იმაზეც ფიქრი, რომ ამ ფორმულამ იმოქმედა, მაგრამ მყის კონტრარგუმენტი გახსენდება ადამიანს - ამერიკაში ორ პარტიას შორის პოლიტიკური ველი რამდენი ხანია გაკრეფილია, მაგრამ იქ არ იფიტება პოლიტიკა. იფიტება კი არა, მსოფლიოს პოლიტიკური პარადიგმა იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს აშშ-ში.

დაძაბულობა იყო 2020-ში და 120 წლის რეკორდი დაამყარეს ამომრჩევლებმა. დღეს ისევ დაძაბულობაა იმავე ძალებს შორის, რომელიც პიკის მიაღწევს 2024-ში.

აშშ-ს მაგალითიც საკმარისია საიმისოდ, რომ საქართველოში პოლიტიკური გამოფიტვის მიზეზი მოქმედ პარტიებშიც ვეძებოთ. კონკრეტულ მიზეზებს არ ჩამოვთვლი, მათზე ბევრი იწერება ბოლო ხანს, სადაც ჩანს რას უწუნებენ ადამიანები მმართველ პარტიას და რას უწუნებენ ოპოზიციურ პარტიებს.

თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში რითიმე უკმაყოფილო ვართ, ამაში დამნაშავე, უპირველეს ყოვლისა, არის ოპოზიცია, რომელმაც ხელისუფლების შეცვლის საშუალება მოუსპო მოსახლეობას თავისი, ხშირად, უპასუხისმგებლო მოქმედებებით

მეორე მხრივ, ჩვენთან ყველაფერზე პასუხს სთხოვენ ხელისუფლებას. ამ დროს ვიცით, რომ თუ ხელისუფლება მისი შემცვლელი ოპოზიციის სუნთქვას ვერ გრძნობს საფეთქელთან, ის გაუმჯობესებას არ ეცდება. აქაც კონკურენციაა პროგრესის მექანიზმი. ოპოზიცია კი ვერ ეწევა ხელისუფლებას და ყოველ ჯერზე უფრო მეტად ჩამორჩება მას.

ესე იგი, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში რითიმე უკმაყოფილო ვართ, ამაში დამნაშავე, უპირველეს ყოვლისა, არის ოპოზიცია, რომელმაც ხელისუფლების შეცვლის საშუალება მოუსპო მოსახლეობას თავისი, ხშირად, უპასუხისმგებლო მოქმედებებით. უპირველეს ყოვლისა - უკრიტიკობით საკუთარი მოღვაწეობის მიმართ როგორც წარსულში, ისე ამჟამად. დანარჩენი დეტალიზაცია შორს წაგვიყვანს.

- ამ თემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის კომენტარებმა აჩვენა, რომ კვლევის შედეგებისგან დასკვნის გამოტანა ყველა პოლიტიკურ ძალას უჭირს.

ბრძანეთ, როგორც ჩანს, საზოგადოების დიდ ნაწილს „არავინ ეგულებათ სახელისუფლოდ.“ ეს კი, შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილს დაკარგული აქვს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების იმედი.

ეს ხომ არა იმის მიზეზი, რომ ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ ნაწილი ტოვებს ქვეყანას, ასევე დიდი ნაწილი ემიგრაციაში წასასვლელად ემზადება?

- სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური პირობები უდავოდ დიდ როლს ასრულებს იმაში, რომ ადამიანი წავიდეს სხვა ქვეყანაში. მეორე მხრივ, 90-იან წლებში საქართველოში სინათლე და სითბო არ იყო, ურთიერთობებს იარაღით არკვევდნენ, მილიონი კუპონი ღირდა პური და ა.შ. იმ დროს მიგრაციის ისეთი ტალღა, როგორც ახლაა, არ იყო.

იმ დროს ჯოჯოხეთად ქცეული ქვეყნის ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაგან ბევრს იარაღი არც ენახა, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად წავიდნენ აფხაზეთში და წელიწადზე მეტ ხანს აკავებდნენ რუსებს და აფხაზების სხვა მომხრეებს. მათ ზურგს უმაგრებდა საკუთარი ქვეყნის დიდი სიყვარული და მისი მომავლის რწმენა.

სამწუხაროდ, მარტო ეკონომიკაში ეძებენ მიგრაციის მიზეზებს. ამ დროს, ქვეყნისათვის ზურგის შექცევის მიზეზები ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც დევს. ფსიქოლოგიურ მხარეს ნაკლებად ვუწევთ ანგარიშს და შედეგიც სახეზეა

ამიტომ, მიგრაციის მიზეზებს ჩემი პროფესიიდან, ფსიქოლოგიიდანაც დავამატებდი ფაქტორს - ოპტიმიზმს.

ოპტიმისტი ებრძვის სირთულეებს. პესიმისტი გარბის სირთულეებიდან. იქნებ მიგრაციის დღევანდელი გაზრდის მიზეზი ისიც იყოს, რომ პესიმისტებიც გავხდით ამდენ წუწუნში. სამწუხაროდ მარტო ეკონომიკაში ეძებენ მიგრაციის მიზეზებს. ამ დროს, ქვეყნისათვის ზურგის შექცევის მიზეზები ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც დევს. ფსიქოლოგიურ მხარეს ნაკლებად ვუწევთ ანგარიშს და შედეგიც სახეზეა.

- სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტი მუშაობას შეუდგა. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ, იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულება დაგვავალა.

ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციების მიღება გადაგვივადა, მაგრამ, რასაც ამ თემაზე პარლამენტში ვადევნებთ თვალს, დიდი იმედი იმისა, რომ ქვეყანა ევროპული რეკომენდაციებს შეასრულებს, არ არსებობს.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მოსმენების კანონთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა იმდენად გაუგებარი ცვლილება შეიტანა, რომ არაა გამორიცხული მასზე თავადაც მოუწიოთ უარის თქმა.

რაც შეეხება დეპოლიტიზაციას, ვხედავთ, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელისუფლებო გუნდი ხშირ შემთხვევაში თავად ხდება პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი.

როგორ შეაფასებდით ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხან „ეშმაკობებს,“ ხან ტაქტიკურ მანევრებს? გაქვთ განცდა, რომ მმართველი გუნდის ევროსაბჭოს დავალებებს შესრულებს?

კითხვას ასე იმიტომ ვსვამ, რომ 2 რეკომენდაციის მიღებას ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება, ყველა დანარჩენის მიღება თავადაც შეუძლიათ...

- თუ 12 პუნქტიან დავალებას ვერ შევასრულებთ, შეიძლება ეს გახდეს იმის საფუძველი, რომ ისევ გვითხრან უარი კანდიდატობაზე. ეს მოვლენა თბილისის ქუჩებში გამოიყვანს ბევრ ხალხს. ქუჩაში შეგროვილი ხალხი მავანმა შეიძლება დაძრას ხელისუფლებისკენ და დაამხოს იგი, როგორც ბარიერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ხელისუფლებას ეს სცენარი არ აწყობს, ოპოზიციას - აწყობს.

აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ეცდება არ შესრულდეს 12 პუნქტი. ხელისუფლება ეცდება - შესრულდეს.

- რატომ აყოვნებს მმართველი გუნდი ბარიერის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას?

იმიტომ ხომ არა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შემდეგი არჩევნებისთვის ვერ მოახერხონ ჩამოყალიბება როგორ მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ არჩევნებში, ვისაც უნდათ ბლოკებში გაერთიანება, ახლა დაიწყონ ამაზე მუშაობა ...

- როგორც მახსოვს, მმართველმა გუნდმა ადრე განაცხადა, რომ ბარიერის საკითხს განიხილავდნენ იმისდა მიხედვით, როგორ მოიქცეოდა ოპოზიცია პოლარიზაციის დაძლევის პროცესში.

ამ საკითხის მიბმა სხვა საკითხებზე გულისხმობს, რომ ბარიერი კიდევ დიდ ხანს არ იქნება განხილვის საგანი.

- სუს-ის უფროსის მოადგილის გოგაშვილის თითქმის ყველა გავრცელებული განცხადება, რომ სკანდალურია, აღარავის დავობს. ხელისუფლებამ „ლელოს“ ინიციატივა გოგაშვილის განცხადება-ბრალდებების შესასწავლად შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, არ გაიზიარა.

არადა, გოგაშვილთან დაკავშირებით რატომ არ იმუშავა სპეცსამსახურში მიღების, სამსახურის გავლის წესმა? სად არის პარტიული ლიდერების, სპეცსამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა? პასუხგაუცემელი რჩება.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება არ ავლენს ინტერესს გოგაშვილის განცხადებებზე საზოგადოებას პასუხგაუცემელი კითხვები არ ჰქონდეს?

- ჯერ სამართალდამცავებმა უნდა დაასრულონ მუშაობა და მერე შეიძლება საპარლამენტო კომისიის შექმნაც და კითხვებზე პასუხიც. ბუნებრივია, თავად ხელისუფლება არ იჩქარებს, თუ გოგაშვილის აღზევებაში მას მიუძღვის ბრალი.

საპარლამენტო დონეზე ამ საქმის ატანა უკვე ოპოზიციის წყალობით უნდა მოხერხდეს, მაგრამ ოპოზიციას გაუჭირდება მიაღწიოს კომისიის შექმნას, რადგან ოპოზიციის შიში ხელისუფლებას არა აქვს და არ დაუთმობს, იცის, რომ „ნაციონალებს“ ხალხი არ მოიყვანს ხელისუფლებაში.

შედეგიანი რომ გახდეს ოპოზიცია საპარლამენტო ბრძოლებში, მაგისთვისაც საჭიროა ახალი ოპოზიციური კონკურენტუნარიანი პარტიები, როგორც ხელისუფლების ალტერნატივა. ალტერნატივის მომწიფებამდე აზრი არა აქვს ხელისუფლების კრიტიკას, თუ მას ვერ შეცვლის არჩევნებზე მოსახლეობა.

შედეგიანი რომ გახდეს ოპოზიცია საპარლამენტო ბრძოლებში, მაგისთვისაც საჭიროა ახალი ოპოზიციური კონკურენტუნარიანი პარტიები, როგორც ხელისუფლების ალტერნატივა. ალტერნატივის მომწიფებამდე აზრი არა აქვს ხელისუფლების კრიტიკას, თუ მას ვერ შეცვლის არჩევნებზე მოსახლეობა

ამ კრიტიკის დახვავებით მხოლოდ ნეგატიური ემოციის გაღვივება ხდება, რომელიც ადამიანებს გულებს დაუხეთქავს, ოღონდ სიტუაციას ვერ შეცვლის. ნებისმიერი სიტუაციის მიმართ უკმაყოფილების გამოთქმა ადვილია, უფრო რთულია სიტუაციის ისე შეცვლა, რომ კმაყოფილი იყო. იმედია, სიტუაციის შეცვლის სირთულეების დაძლევასაც ვისწავლით.

- უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, უკრაინისთვის აშშ-სა და ევროპის უპრეცედენტო დახმარებას, რომლის მიზანია უკრაინა გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას თან ისე, რომ ომის შემდეგ კრემლს აღარ შეეძლოს მეზობლების მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოება და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისთვის პრობლემების შექმნა, გვერდს ვერ აუვლით.

ასეთ ფონზე, ვხედავთ, რომ საქართველოს სახელისუფლებო გუნდი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას. რომ არა ივანიშვილ-ღარიბაშვილის სამშვიდობო პოლიტიკა, ახლა ქვეყანა ომში იქნებოდა ჩართული.

ამგვარი რიტორიკის ფანზე, კარგია, რომ ჯერჯერობით ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ თვლიან, რომ საქართველო ხელს არ უწყობს რუსეთს მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ჩვენი ხელისუფლების განცხადებები ქვეყნის ინტერესებს ვნებს, თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა?

- თქვენ და მე ვარდების რევოლუციის მოწმეები ვართ. გვახსოვს, ჯორჯ ბუშს გაუჩნდა ხავერდოვანი რევოლუციებით ავღანეთამდე მისვლის იდეა. თავად თქვა თბილისში გამოსვლისას და ცდილობდა ელჩი რიჩარდ მაილსი შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლას სააკაშვილის ხელისუფლებით. გამოუვიდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ სოროსმა დაწერა - ექსპერიმენტი დადებითი შედეგით დასრულდაო. ამ ამბის მომსწრეს დაუჯერებლად არ მიმჩნია, რომ ამერიკის საელჩოს ხელმძღვანელობისგან ანალოგიური დავალება მეორე ფრონტის გახსნიანად ახლაც მიეღო, რომელიმე მაღალჩინოსანს თუ გაუჩნდებოდა ეს იდეა, რატომ - ცალკე თემაა.

ახლა ვხედავთ, რომ დეგნანის უკმაყოფილებაც ჩაქრა და ღარიბაშვილიც უშუალო კონტაქტში შედის ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. სავარაუდოდ, სტრატეგიული იდეები იცვლება. ასე რომ, გაბუტვის საფრთხემ გადაიარა

დღეს ხელისუფლებამ სცადა თავიდან აეცილებინა „ვარდების რევოლუცია 2“ და, მე მგონია, ჯერჯერობით ეს მოახერხა. რაც შეეხება ქვეყნის ინტერესებს, ვთვლი რომ ასეთი რევოლუცია და ბრძოლაში ჩართვა უფრო მეტ ვნებას მოუტანდა ქვეყანას, ვიდრე ელჩის უკმაყოფილება.

ახლა ვხედავთ, რომ დეგნანის უკმაყოფილებაც ჩაქრა და ღარიბაშვილიც უშუალო კონტაქტში შედის ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. სავარაუდოდ, სტრატეგიული იდეები იცვლება. ასე რომ, გაბუტვის საფრთხემ გადაიარა.

- როგორც დამკვირვებელთა უმეტესობა შენიშნავს, უკრაინის ომმა ბევრი თვალსაზრისით შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა. მისი დასრულების შემდეგ, ეს უფრო ცხადი იქნება.

რაა საჭირო იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოიყენოს საქართველომ, ეფექტური საგარეო და საშინაო პოლიტიკა აწარმოოს?

- მართლაც ბევრი რამ იცვლება, ამასთანავე ჩვენთვისაც. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოსთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება რუსეთი, როგორც მოძალადე, და ნაკლებად მოსალოდნელი მეჩვენება, რომ მან ახალი ძალადობა განახორციელოს ჩვენი მიმართულებით. ცნობილია, რომ არის საწინააღმდეგო მოსაზრებაც.

საქართველოს შანსს ბევრი მიმართულებით ზრდის ისიც, რომ დასავლეთთან ერთად ჩინეთიც გახდება აბრეშუმის გზით და ჩვენი უსაფრთხოებით დაინტერესებული

გარდა ამისა, საქართველოსთვის ყველაზე სერიოზული მნიშვნელობის შესაძლებლობა არის ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი ტვირთების სატრანზიტო ხაზის კავკასიაში გადმოტანა რუსეთიდან, რადგან მას სანქციების დაუწესეს. თუ კარგად გამოვიყენებთ ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდის ამ შანსს, იგი მოიტანს რუსეთის აგრესიისგან ჩვენი ტერიტორიის დაცვის და ოკუპირებულ მოსახლეობასთან თანაცხოვრების აღდგენის შანსს.

საქართველოს შანსს ბევრი მიმართულებით ზრდის ისიც, რომ დასავლეთთან ერთად ჩინეთიც გახდება აბრეშუმის გზით და ჩვენი უსაფრთხოებით დაინტერესებული. „აზია-ევროპის ხიდის“ ეს რამდენიმე შტრიხი აღვნიშნე მხოლოდ.

მეც ვთვლი, რომ უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პალიტრა შეიქმნება საქართველოში მას შემდეგ, რაც უკრაინის გამარჯვება ჩამოაყალიბებს მსოფლიოს ახალ წესრიგს.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა