ფოტოხაფანგის საშუალებით, მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ვანდალური ფაქტი გამოვლინდა

კახეთის რეგიონში, სოფელი გრემის მიმდებარედ, ფოტოხაფანგმა ვანდალური ფაქტი დააფიქსირა - დაზიანებულია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურის მკვებავი მზის ენერგიის პანელი და შიდა ელექტრო მოწყობილობები.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იდენტიფიცირებულია ვანდალური ფაქტის განმახორციელებელი პირი. მასალა, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გამოწვეული ფინანსური ზარალი ათეულობით ათას ლარს აღემატება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურები, ძირითადად, განთავსებულია დაუსახლებელ ადგილებზე და მდინარეების მიმდებარედ. არსებული სადგურების დაზიანებისა და ძარცვის გახშირებული შემთხვევების გამო, გასულ წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სადგურებზე ფოტოხაფანგები დაამონტაჟა.

მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ავტომატური სადგურების ფუნქციონირება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. ავტომატური მოწყობილობების საშუალებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მონაცემები სხვადასხვა მდინარის წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ. სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე, ხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძირითადი მახასიათებლების დადგენა.

გარემოს ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, შეწყვიტოს ვანდალიზმი, რომლის შედეგადაც ნადგურდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქლაქისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულების სახელმწიფო ქონება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა