გიგი წერეთელი - საქართველოში ტოტალიტარული ქვეყნისთვის დამახასიათებელი უკანონობა ხდება - ან ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს მეთოდოლოგია ან ხელისუფლება უნდა შეიცვალოს

რაც საქართველოში ხდება, რა თქმა უნდა, არის უკანონობა და ტოტალიტარული ქვეყნისთვის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სავარაუდო უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში ან თავად ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს მეთოდოლოგია, ან ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

„ეს თემა ამ სიუჟეტს არ მოუტანია სადისკუსიოდ, დიდი ხანია არსებობს. საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ როდესაც კანონების მიღება ხდებოდა სხვადასხვა დროს, უზარმაზარი შეტევა იყო ოპოზიციის მხრიდან და კრიტიკა, ნუ აკეთებთ ამასო, რადგან ხელში ჩაგივარდებათ ინსტრუმენტები, ძალაუფლება, რომელიც არ არის საჭირო, რომ ყველაფერს და ყველას უსმენდეთ, ყველა გასაღები იყოს სპეცსამსახურების ხელში და რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს ეს ასეა.

ბოლო პერიოდშიც იყო მოსმენების კანონზე ახალი ტალღა ამ დისკუსიების, მაგრამ ხელისუფლება ჯიუტად ამას აკეთებს, როგორც ჩანს, მას ურჩევნია, რომ მიაღწიოს შედეგს და მან ნახა, რომ ყველა არჩევნებზე, რომ გარკვეულ ვითარებებში, იქნება ეს ოპოზიციის დისკრედიტაცია, ფრაგმენტაცია თუ სხვა, ამით რაღაც შედეგებს აღწევს და შესაბამისად უკან არ იხევს. ეს როგორ შეიცვლება? ან ხელისუფლებამ უნდა შეიცვალოს მეთოდოლოგია ან ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თუკი ხალხს არ მოსწონს ამგვარი რამ, რომ ყველას უსმენენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის შეფასებით, ქვეყანა ისეთ მიჯნაზეა მისული, რომ დასავლელ პარტნიორებს ჩვენგან არაფერი უკვირთ.

„დიპლომატების მოსმენა, დიპლომატების თვალთვალი, ადრეც იყო ამაზე სკანდალი საქართველოში და ამაზე იყო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ისეთ მიჯნაზე ვართ მისული ჩვენ, რომ ჩვენგან არაფერი უკვირთ და დიდი სიახლე არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იკრიბება იმ ნეგატიურ კალათაში, ფაილში, რომელიც საქართველოზე იქმნება. განსაკუთრებით ახლა, როცა დიდი ყურადღებაა ჩვენს ქვეყანაზე გამომდინარე უკრაინაში ომის და რეგიონული უსაფრთხოების გამო და მეორე, ევროინტეგრაციის ამ დაჩქარებული პროცესის გამო, სადაც ძალიან სამწუხაროდ საქართველო ჩამორჩა უკრაინას და მოლდოვას.

ჩვენ უფრო მაგარი მოსმენები შეგვიძლია თუ მაგალითად ფინეთს? ჩვენ უფრო მაგარი ტექნოლოგიები გვაქვს თუ დანიას? ყველგან მუშაობს სპეცსამსახური და კიდევ უფრო აქტიურად აბა ჩვენი სპეცსამსახური რას მუშაობს? სპეცსამსახურის მუშაობა ის არის, რომ აგენტურა გამოავლინოს, ოპოზიციას კი არ უნდა სდიონ, ვინ ვისთან დადის და ვინ ვისთან ჩაის სვამს ან ვინ ვის აკოცა წინა დღეს და ეს გადაიღონ, მათი ამოცანაა, რომ რუსეთს რომ ჰყავს გამოტენილი თავისი აგენტურით ქვეყანა, ერთი ადამიანიც არ არის გამოვლენილი და დაპატიმრებული ამ ათი წლის განმავლობაში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა