მამუკა მდინარაძე - მხარს დავუჭერთ ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია

ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის არჩევისდროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ სხდომაზე განხილულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და განათლების მინისტრთან პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაგეგმილი მოსმენა მათი აშშ-ში ვიზიტის გამო გადაიდო, ხოლო ჯანდაცვის მინისტრს პარასკევს მოუსმენენ.

„ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა, კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩევიან ხვალ, საუბარია იმ კანდიდატებზე, რომლებიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ასევე განსახილველი საკითხი იყო რეგლამენტში ცვლილებები. თქვენ იცით, რომ ევრორეკომენდაციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხზეა საუბარი. საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა და მათ შორის საპროცედურო კომიტეტმა იმუშავა ამ თემაზე, შევა არაერთი ცვლილება.

ასევე ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა, მე ამ საკითხს ხვალ დავაყენებ, თუმცა იმასთან დაკავშირებით, რაც უკვე წარმოდგენილი აქვს ლევან იოსელიანს ინიციატივით, ჩვენ შევთანხმდით, რომ კენჭისყრის ღიაობას მხარს დავუჭერთ.

შემდეგი საკითხი იყო ასევე ევრორეკომენდაცია და ამასთან დაკავშირებითაც აქტიურად მუშაობს საქართველოს პარლამენტი, მთელი ზაფხული და სხდომების დაწყების შემდეგაც. საუბარია სტრასბურგის პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და აქაც თითქმის ყველა შენიშვნა NGO სექტორიდან იქნა გათვალისწინებული და უამრავი ცვლილება შედის შესაბამის კანონმდებლობაში.

ასევე გეტყვით, რომ პარასკევს იგეგმებოდა ინტერპელაცია მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, განათლების მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან. მხოლოდ ერთთან ხერხდება ინტერპელაციის წესით მოსმენა, ეს იქნება ჯანდაცვის მინისტრი, იქიდან გამომდინარე, რომ სხვები, ვინც ჩამოვთვალე ისინი არიან აშშ-ში ვიზიტით გაეროში დაგეგმილ შეხვედრებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით და ეს ინტერპელაციები გადაიწევა, ხოლო პარლამენტი მოუსმენს ჯანდაცვის მინისტრს და პარასკევს იქნება ეს მოსმენა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს