ოთარ შამუგია - წლების განმავლობაში, არაერთ პროექტს ვახორციელებთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ ღვინის ხარისხი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია თელავში, საკოორდინაციო შტაბში 2022 წლის რთველის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გადამუშავებულია 120 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, მათ შორის, 65 0000-ზე მეტი რქაწითელი, 50 000 ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიშის ყურძენი.

„ვფიქრობთ, რომ კახეთში დაახლოებით, 25 000 ოჯახი 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სხვა შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, პროცესს თავს კარგად ართმევს. ყურძენს მევენახეები შეუფერხებლად აბარებენ. ვფიქრობთ, რომ პროცესი ასეც გაგრძელდება და წელს ძალიან წარმატებული რთველი გვექნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, ქართული ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რაც მის საერთაშორისო რეპუტაციასა და ფასს განაპირობებს.

„ჩვენ წლების განმავლობაში, არაერთ პროექტს ვახორციელებთ იმისთვის, რომ ღვინის ხარისხი ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ. ასევე ვმუშაობთ მარკეტინგის კუთხით. ბოლო წლების განმავლობაში, ღვინის ექსპორტში მნიშვნელოვანიზრდა გვაქვს, მათ შორის წელსაც, მიუხედავად რეგიონში არსებული მდგომარეობისა, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პოლონეთი, სადაც 40-45%-იანი ზრდა გვაქვს. პოლონეთი ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს. მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთი პროგრამა გვაქვს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება. ასევე გვაქვს ახალი პროექტი, რომელშიც 40-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, სადაც უშუალოდ კომპანიებს ვეხმარებით მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაში. სწორედ ამ ღონისძიებების შედეგად, შარშან, მთლიანობაში, ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ასევე სპირტის ექსპორტის შედეგად, ქვეყანამ, დაახლოებით, 600 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წლებში ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც რთველის შტაბი კოორდინაციას უწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.

რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს რეგიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს