საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები საქართველოს მყინვარების დეგრადაციას იკვლევენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ამინდის პროგნოზირების და კატასტროფების მოდელირების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლები საქართველოს მყინვარების დეგრადაციას იკვლევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდება და ბოლო ათწლეულიდან 2022-2025-მდე წლებს მოიცავს.

პროექტის ხელმძღვანელის გიორგი კორძახიას განცხადებით, მეცნიერები შეისწავლიან ყველა მყინვარული აუზის მყინვარების დეგრადაციის დინამიკას და მონაცემთა ბაზას, ასევე, "საქართველოს მყინვარების ელექტრონული ატლასს“ შექმნიან.

„ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდება საქართველოს ყველა მყინვარის ძირითადი მახასიათებლები, განისაზღვრება ფაქტიურად ყველა მყინვარის დნობის დინამიკა, გამოკვლეული იქნება მყინვარული აუზებიდან ყველაზე დიდი მყინვარების უკანდახევის დინამიკა, მომზადდება მყინვარული აუზების სრული დნობის ვადების პროგნოზი, შეიქმნება ორენოვანი (ქართულ-ინგლისურ ენებზე) „საქართველოს მყინვარების ელექტრონული ატლასი“. ეს არის შრომატევადი და მნიშვნელოვანი სამუშაო. პროექტში ჩართულები არიან მკვლევარი გენადი თვაური, ახალგაზრდა მეცნიერები გიორგი გულიაშვილი და სოფიო ბერიძე, პროექტის კოორდინატორია ლარისა შენგელი. ამ ადამიანების შრომის შედეგად ჩვენ მივიღებთ სურათს, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრავს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მყინვარების დრობის 10 წლიანი დინამიკის პირობებში“, - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კორძახია.

სტუ-ის ინფორმაციით, გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ამინდის პროგნოზირების და კატასტროფების მოდელირების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლები განსაზღვრავენ ყველა მყინვარის ძირითად მახასიათებელ სიდიდეს, როგორიცაა, მაგალითად, კონტურები, აბლაციისა და აკუმულაციის ფართობები, მინიმალური და მაქსიმალური სიმაღლე, სიგრძე.

„კლიმატის ცვლილების არაწრფივი ხასიათი მყინვარების უკანდახევის და დნობის ინტენსიფიკაციას იწვევს, რის გამოც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა მყინვარების მახასიათებლები. მაგალითად, მყინვარები გაქრა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში. ამავდროულად მყინვარების დეგრადაციის დინამიკის ეფექტურად დასახასიათებლად საჭიროა ახალი, დეტალური კვლევების ჩატარება უახლესი მონაცემების გამოყენებით, რათა საფუძვლიანი იყოს მიღებული შედეგები და დასკვნები. კლიმატის მიმდინარე ცვლილების ზემოქმედებით მყინვარების დეგრადაციის პრობლემას მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი რომ გაეცეს, საჭიროა მაღალი გარჩევადობის თანამგზავრული დისტანციური ზონდირების (თდზ) გამოყენება, რადგან თდზ დიდი რეგიონებისათვის მყინვარების ერთდროული შესწავლის საშუალებას იძლევა საჭირო დეტალიზაციითა და სიზუსტით შეზღუდული რესურსებისა და დროის პირობებში“, - აცხადებს გიორგი კორძახია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი შეიქმნა 1953 წელს თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური (გეოფიზიკური) ობ­სერ­ვატორიის (1844 წ.) ბაზაზე. ინსტიტუტი ახორციელებს ფუნ­და­მენტური და გამოყე­ნე­ბი­თი ხასიათის გამოკვლევებს მეტეო­როლოგიის (ატმოსფეროს ფიზიკის), აგრომეტეოროლოგიის, ჰიდ­რო­ლოგიის (ჰიდრო­სფეროს ფიზიკის), კლიმატისა და მისი ცვლილების, ბუნებრივი გარემოს გაჭუჭ­ყი­ა­ნების, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და რესურსების შესწავლას, ატმოს­ფე­რული პროცესების რეგულირებას, საშიში ჰიდრომეტეო­რო­ლოგიური მოვლენების კვლევასა და მათთან ბრძოლის მეთოდების დამუშავებას. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ამინდის პროგნოზირების და კატასტროფების მოდელირების განყოფილების მეცნიერ-მკვლევრებმა მარიკა ტატიშვილის ხელმძღვანელობით იმუშავეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „მაღალი გარჩევისუნარიანობის მქონე ლოკალური ატმოსფერული პროცესების მოდელირების სისტემის განვითარება საქარველოს ტერიტორიისათვის“, „ამ­ინ­დის საპ­როგ­ნო­ზო მო­დე­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა სა­ქარვე­ლოს პი­რო­ბე­ბის­თვის“, „ამინდის და კლიმატის რეგიონალური მრავალმოდელიანი საპროგნოზო მეთოდების დამუშავება საქართველოს პირობებისათვის“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს