იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ყოფილი მოსამართლის განცხადებაზე - ბატონ ბესოს მოვუწოდებ, თუ მას სურვილი აქვს, შეხვდეს იუსტიციის საბჭოს, ისაუბროს ფაქტებზე ღიად და საჯაროდ - მის გვერდით ვიდგები, თუ რაიმე ფაქტი დადასტურდება

მინდა ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდო, რომ ჩვენ გვყოფნის ვაჟკაცობაც, გამბედაობაც, არც საუბარი გვიჭირს ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ, ისევე, როგორც შეუძლია თითოეულ ჩემს კოლეგას ისაუბროს პრობლემებზე. ჩვენ მათი თანადგომა და მხარდაჭერა არ გვჭირდება, ვთხოვ, რომ გაიაზრონ, საქმე ეხება დამოუკიდებელ ორგანოს, ხელისუფლების ერთ-ერთ დამოუკიდებელ შტოს, რომელიც თვითონ დაიცავს თავის უფლებებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში სასამართლო დღეს იმდენად არის ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორიც არ ყოფილა თავისი ისტორიის არცერთ ეტაპზე.

„გარდა ამისა, თუ ამის საჭიროება დაუდგათ, ჩემი თითოეული კოლეგა მზად არის მათი[პოლიტიკოსების] უფლებები კანონის შესაბამისად დაიცვას. ამიტომ, ყველა დამშვიდდეს და დაწყნარდეს. მე ჩემს კოლეგებს თხოვნით მივმართავ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. გარდა ამისა, არაერთგზის აღვნიშნე, რომ ყოველთვის ვცდილობდი თავი შემეკავებინა საჯარო გამოსვლებისგან, რადგან ვფიქრობ, რომ ყოველთვის უპრიანია დიპლომატიური გზებით ურთიერთობის გადაწყვეტა. ალბათ, რაღაც ეტაპზე ზღვარს არავინ უნდა გადავიდეს სასამართლოსთან ურთიერთობაში. სასამართლო დღეს არის იმდენად ძლიერი და დამოუკიდებელი, რომელიც არ ყოფილა თავისი ისტორიის არცერთ ეტაპზე. ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი თავი და ვფიქრობ, რომ ასეთი მდორე სცენარები და უნიჭო შემსრულებლები ცოტა უხერხულია, რომ ამ პოლიტიკური თამაშისთვის იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა ქადაგიძემ.

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე სხდომაზე ასევე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, მოსამართლეებზე ზეწოლაა.

„ეს არის არამარტო სასამართლოს, არამედ ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, იქიდან გამომდინარე, რომ ვიღაც- ვიღაცებს ჰგონიათ საზოგადოებამ ანალიზის უნარი დაკარგა და არ შეუძლია ფაქტების შეჯერება. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მიწევს საუბარი, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ბატონი ბესო არ იყო მომხსენებელი მოსამართლე და ბუნებრივია, ამ საქმეში მოსამართლეთა შორის გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ხმა ჰქონდა და ბუნებრივია, ის ამ საქმეზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. ცოტა უცნაურია, როცა მომხსენებელი მოსამართლე არ საუბრობს ამაზე, ყველა მოსამართლე გამორიცხავს მსგავსი ფაქტის არსებობას და რატომ იყო არჩეული, მაინც და მაინც ბესო ალავიძე, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება. მე ბატონ ბესოს საჯაროდ მოვუწოდებ, რომ თუ მას სურვილი აქვს, შეხვდეს იუსტიციის საბჭოს, ისაუბროს ამ ფაქტებზე ღიად და საჯაროდ. მე მის გვერდით ვიდგები, თუ რაიმე ფაქტი დადასტურდება“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა.

„ჩემთვის უფრო მტკივნეული გახლავთ ის, რომ პირადად ჩემი ინიციატივით, ბესო ალავიძესთან შეთანხმებით მქონდა მასთან საუბარი და უზენაეს სასამართლოში მას უფლებამოსილების ვადა 6 თვე გაუგრძელდა. პირადად მე მივმართე იუსტიციის საბჭოს თხოვნით, რომ 6 თვე გაგრძელებოდა ვადა“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ზეწოლის შემთხვევაში მოსამართლეს უნდა ეყოს ღირსება, ვაჟკაცობა და მედეგობა, რომ ზეწოლის შესახებ განცხადება თავის დროზე გააკეთოს და არა წლების შემდგომ, როგორც ეს მოსამართლე ბესო ალავიძემ გააკეთა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს