თეა წულუკიანი - საქართველომ „ევრობასკეტის“ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დახარჯა - გვაქვს 800 000 ლარის ეკონომია, რაც შვებაა იმ სპორტული ფედერაციებისთვის, ვისაც სათანადო დაფინანსება წელს ვერ მივეცით

საქართველომ „ევრობასკეტის“ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დახარჯა, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კალათბურთის ფედერაციას საორგანიზაციო ხარჯებისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა მოთხოვნილი, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან 7 850 ათასი ლარი გამოიყო.

„ჩვენ როდესაც გამოვეყავით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაშინ კალათბურთის ფედერაციას მოთხოვნილი ჰქონდა საორგანიზაციო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 000 890 ლარამდე, მაგრამ ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ოდენობა 7 850 ათას ლარამდე და რეალურად საორგანიზაციო ხარჯები დღეისთვის შეადგენს 7 მილიონ ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ არამცთუ საორგანიზაციო ხარჯისთვის არ იყო 13 მილიონი საჭირო, რაც რასაკვირველია სასიხარულოა, არამედ ჩვენ მიმდინარე თვეში გვაქვს 800 000 ლარის ეკონომია. ეს ეკონომია, რომელიც ჩვენ „ევრობასკეტის“ შედეგად გაგვიჩნდა, არის დიდი შვება როგორც ჩვენთვის, ასევე იმ სპორტული ფედერაციებისთვის, ვისაც ჩვენ იმისთვის, რომ „ევრობასკეტი“ მაღალ დონეზე წარმართულიყო, სათანადო დაფინანსება წელს ვერ მივეცით“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან მინისტრის თქმით, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობასა და აღჭურვაზე 96 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„ახალი სპორტის სასახლის პროექტირებასა და მშენებლობაზე დაიხარჯა 90 600 000 ლარი, აღჭურვისა და სხვა თანმდევმა ხარჯებმა შეადგინა 6 100 000 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯამში ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენს სახელმწიფოს დაუჯდა 96 მილიონ ლარზე მეტი. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, მით უმეტეს, რომ კოვიდის პერიოდში დაიწყო მშენებლობა და შემდგომ პერიოდში მსოფლიოში მოხდა უარესი - დაიწყო ომი და სერიოზული ეკონომიკური პრობლემები არაერთ ქვეყანაში“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი დიდი არ არის, თუმცა არც ისეთი მწირია, რომ ბევრი საქმე ვერ აკეთო.

„კულტურის სამინისტრო არის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ერთის მხრივ, ხელი შეუწყოს შემოქმედებას, პროექტების მრავალფეროვნებას, დააფინანსოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ასევე ხელი შეუწყოს იმას, რომ სოფლებში, დაბებსა და რეგიონებში კულტურა და სახელოვნებო პროექტები იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ასევე, მას აქვს არაერთი მნიშვნელოვანი სხვა ფუნქცია სამუზეუმო მიმართულებით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.რაც შეეხება პროექტების დაფინანსებას - ჩვენ სულ გვესმის და მე ვადასტურებ, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არ არის დიდი, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ ის იმდენად მწირი ყოფილა, რომ არ შეიძლება ბევრი საქმე აკეთო. უბრალოდ ალბათ, არ უნდა მოგერიდოს იმის, რომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, იმ ადამიანებს, ვინც მიჩვეულები იყვნენ, რომ ყოველ წელს თანხები გარანტირებულად მიეღოთ, ცოტა აწყენინო და გადარჩენილი თანხებით სხვა პროექტები დააფინანსო, იმიტომ რომ პროექტი ბევრია, საბანი არის ერთი და მაქსიმალურად უნდა შეეცადო, რომ ეს საბანი ბევრ ადამიანს ეყოს, ამ შემთხვევაში პროექტს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო