დიღომში ყინულის მოედნის აშენება იგეგმება

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თბილისში, დიღომში, ყინულის მოედანი აშენდება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყინულის მოედანი 15 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

„ჩვენ რამდენიმე დღეში ჩავუშვებთ ტენდერს იმისთვის, რომ თბილისში, დიღომში ყინულის საერთაშორისო სტანდარტის მოედანი აშენდეს. ეს არის ჩვენი სამინისტროს ძალიან პრინციპული პოზიცია, როგორც ყინულის ჰოკეისთვის, ასევე ციგურაობისთვის, ვინაიდან გამორიცხულია, ერთ ფედერაციას ჰქონდეს ამხელა ინფრასტრუქტურა და მერე საჭირო იყოს თხოვნა ან ხვეწნა, რომ სხვა ფედერაციას და სპორტის სახეობასაც გაუწია ანგარიში. შესაბამისად, ის რომელიმე ფედერაციის მართვაში ვერ იქნება. ეს იქნება სპორტსერვისის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ორივე ფედერაცია გამოიყენებს.

ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ყინულის ჰოკეის საერთაშორისოო ფედერაციის პრეზიდენტთან თბილისში და მასთან ისევე, როგორც ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით შესაბამის საერთაშორისო ექსპერტებთან ვთანამშრომლობთ. პროექტი არის მზად. გამოყოფილია 16 ათასი კვ. მეტრის ფართობის მიწა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ორი ყინულის მოედნისგან შემდგარი და 15 ათას მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი ექნება ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წელიწადში იმ დათქმით, რომ ტენდერში პასუხისმგებელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და პროცესი არ გაიწელება“,-განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა