სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი თეა წულუკიანის განცხადებაზე - პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მინისტრს არ შევხვედრივართ, შესაბამისად, ვერანაირი დაპირისპირება ვერ იქნება

სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი სპორტის ერთ-ერთ ფედერაციასთან დაპირისპირებაზე საუბრობს.

ავთანდილ ცინცაძე გამორიცხავს, რომ აღნიშნული განცხადება სამბოს ფედერაციას ეხება.

ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, მიუხედავად მათი სურვილისა, ფედერაციასა და მინისტრს შორის კომუნიკაცია ამ ეტაპამდე არ შემდგარა.

მისივე თქმით, დაფინანსების შეწყვეტით უკვე ძალიან ბევრი სპორტსმენი დაზარალდა.

„პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მინისტრს არ შევხვედრივართ. შესაბამისად, ვერანაირი დაპირისპირება ვერ იქნება და პირიქით, სამბოს ფედერაცია და პირადად მე მზად ვართ, რომ შევხვდეთ მინისტრსაც, მოადგილეებსაც, იმ ადამიანებს ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამ საკითხზე, ვისაუბროთ და გავიგოთ ის მიზეზები, თუ სამბოს ფედერაცია და ჩვენი წარმატებული სპორტსმენები რატომ ვერ იღებენ დაფინანსებას, რატომ ვერ იღებენ იმ პირობებს, რომ შესაბამისი მომზადება გაიარონ, შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა. ალბათ, ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი სპორტსმენები წასულიყვნენ ევროპის ჩემპიონატზე, მოვახერხეთ 5 სპორტსმენის გაგზავნა და 4 მედალი მოვიპოვეთ. წინ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი და მაქვს იმედი, რომ გამოიჩენენ გონიერებას და ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ სპორტსმენებს იმისთვის, რომ გაემგზავრონ მსოფლიო ჩემპიონატზე.

გვაქვს სურვილი, რომ ფედერაციას სამინისტროსთან ჰქონდეს კომუნიკაცია და ვისაუბროთ გამოწვევებზე. ამ ყველაფრით სპორტსმენები ზარალდებიან.

ფედერაციის გვერდის ავლით სპორტსმენების მხარდაჭერა არის არარეალური, თუმცა ჩემთვის მთავარია სპორტსმენებს ჰქონდეთ ის პირობები, რომ მოემზადონ და მიიღონ მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე. სპორტსმენები ჩვენთან უკვე დარჩნენ დაზარალებულები, რადგან მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონები ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე ვერ გაემგზავრნენ და ვერ მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე. შესაბამისად, უკვე დაზარალდნენ სპორტსმენები და ამ ადამიანებს რა პასუხი შეიძლება გავცეთ", - განაცხადა ცინცაძემ.

გარდა ამისა, ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნა, რომ სამბოს ფედერაციის ფინანსები გამჭვირვალე იყო და შემოწმებისთვის ნებისმიერ დროს მზად არიან.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, რომ სპორტის რამდენიმე ფედერაციასთან პრობლემები აქვს.

„სამუშაოა, რომ ძალადობა სპორტში არის პრობლემა და მათ შორის არის პრობლემა ისიც, რომ სპორტის სამინისტრო ისე როგორც კულტურის სამინისტრო, არ იყოს მიჩნეული როგორც „მოიტა ფული და არაფერი არ მკითხო“. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს განცდა, რომ შეიძლება ეს ფული როგორც უნდა ისე გამოიყენოს და თუ ვინმე შეეწინააღმდეგება, მათ შორის, მინისტრი, მასზე ხელით გაიწიოს და ა.შ. მაგრამ იქ ვდგავარ სადაც ვდგავარ, ჩემი იმდენი კილოთი, რამდენიც მაქვს და არ გავიწევი! არ მაქვს კუნთები, მაგრამ სხვა რამეები არ მაკლია!“- განაცხადა მინისტრმა.

მას არ დაუკონკრეტებია რომელ ფედერაციაზე საუბარი თუმცა, განმარტა, რომ აღნიშნული სპორტის ფედერაციას დაფინანსება შეწყვეტილი აქვს და არ აღუდგება, ვიდრე არ შეიცვლება სრული ხელმძღვანელობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა