საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ფაიგ გულიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს, ასევე, სტუ-სა და მეგობარი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის, მისი აღმატებულება ფაიგ გულიევის განცხადებით, აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების ინტერესი ყოველწლიურად მზარდია, რაც ორ ქვეყანას შორის მეგობრობას მნიშვნელოვნად განამტკიცებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ის საგანმანათლებლო კერაა, რომლის მიმართ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დიდ ინტერესს იჩენენ. ჩვენთვის მთავარია, მომავალმა თაობამ მიიღოს მაღალკვალიფიციური უმაღლესი განათლება, როგორც საინჟინრო-ტექნოლოგიური, ასევე სხვა მიმართულებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწორედ ის უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ახალგაზრდები პროფესიონალებად ყალიბდებიან. მოხარული ვარ იმ ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობითა და მეგობრობით, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს, თქვენს უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანელ ხალხს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს აქვს არაჩვეულებრივი გეგმები, რომელთა განხორციელებაში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო და ჩვენი ქვეყნის სამინისტრო, შესაძლებლობის ფარგლებში, არც თუ მცირე წვლილს შეიტანს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, ადმინისტრაციას, თითოეული ფაკულტეტის ხელმძღვანელობას იმ ყურადღებისთვის, რომელსაც ისინი ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების მიმართ იჩენენ“, - განაცხადა ფაიგ გულიევმა.

როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, უნივერსიტეტში გაიხსნება აზერბაიჯანული ენისა და კულტურის ცენტრი, სადაც სტუ-ის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცემათ, უკეთ გაეცნონ აზერბაიჯანულ კულტურას, შეისწავლონ მეგობარი ქვეყნის ენა და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებაში.

„საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ტექნიკურ უნივერსიტეტში რაოდენობრივად ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი ეროვნების სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა სპეციალობებს. სტუდენტებს შორის მრავლად არიან აზერბაიჯანის მოქალაქეებიც. საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო თანამშრომლობა აზერბაიჯანელ კოლეგებთან გაცილებით მრავალმხრივი გახდება. ამ საკითხში, რა თქმა უნდა, ვეყრდნობით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს და პირადად ელჩის, მისი აღმატებულება ფაიგ გულიევის თანადგომას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აზერბაიჯანული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა მნიშვნელოვნად გააღრმავებს ორი ქვეყნის სტუდენტებს შორის კავშირს, სწორედ ეს საუნივერსიტეტო ცენტრი იქნება ჩვენი ორი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის, როგორც ერთობლივი საგანმანათლებლო, ასევე კულტურული ღონისძიებების საუნივერსიტეტო კერა. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს შორის თანამშრომლობა მრავალწლიან პერიოდს მოიცავს და არც ის ფაქტი იყო შემთხვევითი, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავი სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში აღნიშნა. მსურს წარმატებები ვუსურვო მის აღმატებულება ელჩს ჩვენი ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი, მისი აღმატებულება ფაიგ გულიევი, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა