რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა - ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა. შეიარაღებულმა მოქმედებებმა კონფლიქტის ორივე მხარეს მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. უამრავი ადამიანი საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად და დევნილად იქცა. დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას თავი შესწირეს. ჩვენ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მივაგებთ.

წარსულის მწარე გამოცდილებით ჩვენ ყველა ნათლად ვაცნობიერებთ, რომ ამ დაპირისპირებას გამარჯვებული არ ჰყავს და აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია. უთანხმოების მოგვარების ერთადერთი შესაძლებლობა კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაა.

ჩვენი გმირების სამშობლოსათვის თავგანწირვის სულისკვეთებით, გაძლიერებული ძალისხმევით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მივაღწიოთ შერიგებას, დეოკუპაციას, აფხაზეთში დაბრუნებას და ჩვენი სამშობლოს ერთიანობას. მჯერა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, დაპირისპირების მძიმე შედეგებიდავძლიოთ და აფხაზთა და ქართველთა საერთო ევროპული მომავლისა და კეთილდღეობისათვის ვიშრომოთ“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირების შედეგად 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს