დავით ბერძენიშვილი - 1993 წლის 27-მა სექტემბერმა 2022 წლის 24 თებერვლამდე მიიყვანა მსოფლიო

საქართველომ საგარეო პოლიტიკური კურსი გადღაბნა, რაც, არსებითად, არადასავლურობას ნიშნავს. 27 სექტემბრის გახსენების დღევანდელ განცხადებაშიც კი პრემიერ-მინისტრის როლის შემსრულებელი ღარიბაშვილი რუსეთს, როგორც ოკუპაციის, სოხუმის დაცემის მთავარ შემოქმედს, არც კი ახსენებს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რითაც ეხმაურება სოხუმის დაცემის 29 წლისთავს და ამ კონტექტსში ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს.

„დღეს 27 სექტემბერია - მოდერნიზებული რუსეთის იმპერიის საგარეო აგრესიის, ინტერვენციის, ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის აშკარა გამოვლინების პირველი თარიღი.

სწორედ ამ დღეს დაიპყრო სოხუმი ელცინის რუსეთმა მისი სატელიტების თანხლებით და მეშვეობით. სწორედ მაშინ გამოჩნდა ცივ ომში გამარჯვებული დასავლეთის კატასტროფული ინტელექტუალური და პოლიტიკური შეცდომა, დამარცხებული სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთი გამარჯვებულთა კოალიციაში რომ მიითვალა და „ახლო საზღვარგარეთი“ - ნამდვილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და პიროვნული თავისუფლებისთვის მეოცნებე და მებრძოლი ქვეყნები (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა…) საჯიჯგნად და საკონტროლოდ შერჩა ამ დამცრობილ, ფსევდოდემოკრატიულ იმპერიას - რუსეთის ფედერაციას.

ელცინის საბჭოთა პარტნომენკლატურის ხელისუფლების პუტინის ჩეკისტური ხელისუფლებით სრულად ჩანაცვლება ორ ათეული წლის წინ დასავლეთმა არ შეიმჩნია. პირიქით, გააძლიერა ენერგორესურსების უკონტროლო შესყიდვით. სულ უფრო აგრესიული, დაუსჯელი და ფაქტიურად ხელშეწყობილი რუსეთი 2008 წ. საქართველოში შემოიჭრა და ელცინის დროს მიტაცებულ ტერიტორიებს კოდორის ხეობა, ლიახვის ხეობა და ახალგორი მიუმატა, ათასობით ქართველი მშობლიური ადგილებიდან გამოყარა და მათი სოფლები გაანადგურა.

პასუხად პუტინმა მიიღო ობამას მხრიდან „გადატვირთვის“, ანუ მიტაცებულის შერჩენის პოლიტიკა. 2014-ში ყირიმის ანექსიას და დონბასის ნაწილის ოკუპაციას, სირიაში შეჭრას ტრამპის მხრიდან მორიგი დათბობა მოჰყვა, მერკელის მხრიდან კი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“.

მაგრამ ჩეკისტურ მმართველობას, მითუმეტეს, ძალთა ბალანსის არაადეკვატური შემფასებლის, უვიცი ვლადიმირ პუტინის შემდგომი აგრესიის პირობებში მაინც მოჰყვა, ბოლოსდაბოლოს, დასავლეთის გამოფხიზლება და უმწვავესი პასუხი.

1993 წლის 27-მა სექტემბერმა მიიყვანა მსოფლიო 2022 წლის 24 თებერვლამდე. სამი ათეული წლის განმავლობაში დასავლეთის წაყრუებით გათამამებულმა ჩეკისტურმა რუსულმა იმპერიალიზმმა მსოფლიოს პროცენტნახევრიანი ეკონომიკით დააპირა მასზე ოცჯერ (!!!) ძლიერი და მდიდარი დასავლეთის წინააღმდეგ სვლა და მისი დაშინება.

აღარ შეარჩინეს. უკრაინელთა თავგანწირულმა ბრძოლამ, როგორც იქნა, დაარწმუნა დასავლეთი, რომ პუტინი მტერია. გაიაზრა დასავლეთმა ოკეანეების გაღმა/გამოღმა, რომ რუსეთი დასამარცხებელია, მეტიც - დასანგრევია. ასეთ ისტორიულ მომენტს საქართველო ძალიან დიდ ხანს ელოდა. მაგრამ, სრულიად არასახელმწიფოებრივი მთავრობით შეხვდა.

1992-1993 წლებში უკრაინელი მებრძოლები და ხალხი გვეხმარებოდა, გვგულშემატკივრობდა ქართველებს. 2022-ში ქართველი მებრძოლები და ხალხი ვეხმარებით და ვგულშემატკივრობთ უკრაინელებს. სამი ათეული წლის წინ უკრაინის ხელისუფლება ჯობდა დღევანდელ ქართულს“- აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

მისი თქმით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული ფსევდორეფერენდუმებიც კი არ დაგმო.

„წინა წლებში ეს ხელისუფლება ყირიმის ანექსიას ყოველწლიურად იხსენებდა და გმობდა. დასავლეთის მკვეთრი პოზიცია ფსევდორეფერენდუმებზე საქართველოს ხელისუფლებისთვის აღარაა ორიენტირი. ამერიკის ელჩის და ევროდეპუტატების ლანძღვაა მათი ახალი პოლიტიკა.

საქართველომ საგარეო პოლიტიკური კურსი გადღაბნა, რაც, არსებითად, არადასავლურობას ნიშნავს. 27 სექტემბრის გახსენების დღევანდელ განცხადებაშიც კი პრემიერ-მინისტრის როლის შემსრულებელი ღარიბაშვილი რუსეთს, როგორც ოკუპაციის, სოხუმის დაცემის მთავარ შემოქმედს, არც კი ახსენებს. თითქოს მისი შეიარაღებული ძალების და პოლიტიკის გარეშე გამოგვყარეს აფხაზეთიდან“, - აცხადებს დავით ბერშენიშვილი.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის პროგნოზირებადი მარცხის შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, რომ 1993 წლის 27 სექტემბერი მხოლოდ საქართველოს მარცხის და ტკივილის თარიღი არაა. ესაა დასავლეთის მძიმე შეცდომის მამხილებელი თარიღი მთელი მსოფლიოსთვის.

„ცივი ომის მძიმე და დროში ძალიან (სამი ათწლეულის განმავლობაში) გაწელილი ნარჩენების საწყისი თარიღი სწორედ 27 სექტემბერი გახდება, დასასრულის თარიღი კი - უკრაინაში რუსეთის საბოლოო მარცხის დღე, 2023-ში თუ ცოტა გვიან. რასაც აუცილებლად მოჰყვება იმპერიასთან მებრძოლი ერების გამარჯვება და ქვეყნების დეოკუპაცია. 27 სექტემბერს დაწყებულ პრობლემას აუცილებლად ექნება დასასრულის თარიღიც. მტკივნეულია, ასეთ დროს, ჩვენი სახელმწიფოს სახელით მოქმედი ამ ხელისუფლების მოქმედებების ყურება და შეუკავებლობა. თუმცა, უძრაობისა თუ უკუსვლის ხშირმა და ხანდახან სამართლიანმა განცდამ არ მოგვატყუოს და გვახსოვდეს, ბოლოსდაბოლოს გამოღვიძებული დასავლეთის მიერ მტკიცედ აღებული ანტირუსული გეზის კვალდაკვალ, საქართველოსთვისაც გარდაუვალია მისი ისტორიული როლის აღსრულება, იარების მოშუშება, გაერთიანება და ღირსეულ სახელმწიფოდ შედგომა.

საქართველო, რა თქმა უნდა, განუზომლად მეტია ვიდრე ივანიშვილი. და საქართველო, მეგობარ ქვეყნებთან ერთად, იქნება ცივილიზაციის მიერ იმპერიის ნანგრევებზე გამართული ზეიმის მნიშვნელოვანი მონაწილე.

აფხაზეთი საქართველოა! საქართველო აფხაზეთია!“- აცხადებს ბერძენიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა