ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტზე - ჩვენ ისეთ პორტს მივიღებთ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება - კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს ინტერესები მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი და დაცული

ჩვენ ისეთ პორტს მივიღებთ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება - კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს ინტერესები მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი და დაცული, - ეს განცხადება ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ინვესტორთა შერჩევა გამოცხადდება. მისივე თქმით, საკმაოდ დიდია დაინტერესება, მათ შორის აბუ დაბის პორტების და რამდენიმე კონსორციუმის მხრიდან.

„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი ყველას გვაინტერესებს. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს სწორად.

მას შემდეგ რაც პორტის ინფრასტრუქტურა და ქონება, რაც ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო არსებობს, სახელმწიფოს მფლობელობაში დაბრუნდა, დეტალური კვლევები დაიწყო, რომელიც მიზანშეწონილობას განსაზღვრავდა. აქ იყო ჰოლანდიური კომპანია, რომლის მონაცემებიც დამალვას არ საჭიროებს და შეიძლება მოსახლეობას მივაწოდოთ. ამ ინფორმაციას დაინტერესებულ ინვესტორებს ვუზიარებთ.

კვლევები რეგიონში ომამდე ჩატარდა, რის გამოც გადასახედია. პანდემიის პერიოდში ტვირთნაკადი შემცირებული იყო, პანდემიამ ორი წელი წაიღო. ამის შემდეგ კვლევები განახლდა, რათა სიტუაციის ანალიზი უფრო ადეკვატური ყოფილიყო. დღეისათვის ინფორმაცია დამატებით ანალიზსა და განახლებას საჭიროებს.

ამ ეტაპზე გამოცხადებული გვაქვს შერჩევის პროცესი. შევარჩევთ მაღალი დონის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ასევე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც დაგვეხმარება სწორად ჩამოვაყალიბოთ ინვესტორის შერჩევის პირობები.

პარალელურად სამინისტრომ იმუშავა კანონმდებლობის განახლებაზე იმისთვის, რომ ადეკვატური ყოფილიყო და პროექტი IPP კანონმდებლობის ფარგლებში განგვეხორციელებინა. ჩვენ ინვესტორებთან ურთიერთობა შემდგომში ამ კანონმდებლობის ფარგლებში მოგვიწევს. ეს პერიოდი გამოყენებულ იქნა შიდა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ. დავითაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება