ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების მართვის დეპარტამენტის ასოცირებულ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამების მართვის დეპარტამენტის ასოცირებულ ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ბრაუნს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რომში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ინტერვენცია მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებით.

„დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთობლივმა პროექტმა ნათლად დაგვანახა მეცხოველეობის სექტორის მხრიდან დიდი ინტერესი და მზარდი მოთხოვნა დამატებით ფინანსურ რესურსზე; გვაჩვენა სექტორის მზაობა, რომ მეტი თანხები აითვისონ, რათა შეძლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რძისა და რძის პროდუქტების წარმოება და გარდაიქმნან კომერციულ მეურნეობებად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება, როგორც რძის პირველადი მწარმოებლებისთვის, ასევე, რძის გადამმუშავებლებისთვის, ვეტერინარული სერვისის მომწოდებლებისა და საკვების მწარმოებელთათვის. ეს საქმიანობები, გარკვეულწილად, მიმდინარე პროექტის ფარგლებშიც ხორციელდება და მასზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოთარ შამუგიას განცხადებით, მაღალხარისხიან ქართულ პროდუქტს დიდი შესაძლებლობები აქვს საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის.

როგორც დონალდ ბრაუნმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო საინტერესო შესაძლებლობების ქვეყანაა. მიმდინარე პროექტები ხელს უწყობს ევროკავშირის ბაზარზე ქართული აგროსასურსათო პროდუქტის დამკვიდრებას. IFAD შესაძლებლობების ფარგლებში გააგრძელებს საქართველოში დარგის განვითარების მხარდაჭერას.

„დღევანდელ მსოფლიოში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში, ინტეგრირებული სამინისტრო სწორედ ამის საშუალებას იძლევა; მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარება და ბალანსის მოძებნა და ამ მიმართულებით თქვენი მთავრობა მუშაობს”, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების მართვის დეპარტამენტის ასოცირებულმა ვიცე-პრეზიდენტმა, დონალდ ბრაუნმა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს გაწეული საქმიანობისთვის და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე სურგულაძე, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ევროპის რეგიონალური დირექტორი დინა სალეჰი ესწრებოდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს