საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებსა და ბიზნესკომპანიებთან პარტნიორობით, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის მასშტაბური ღონისძიება - „დასაქმების ფორუმი - 2022” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

დასაქმების ფორუმში, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით საუნივერსიტეტო ღია სივრცეში მოეწყო, სხვადასხვა პროფილის მქონე 60 მონაწილე ორგანიზაციის სტენდი იყო განთავსებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, ასევე, კურსდამთავრებულებმა მიმდინარე ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს. ახალგაზრდებს, დამსაქმებელთან კონსულტაციის გავლის შედეგად, სასურველი ვაკანსიების შერჩევისა და განაცხადების შევსების შესაძლებლობა ადგილზევე მიეცათ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს, დასაქმებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით, ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს და მათ საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედი ავტორიტეტული ორგანიზაციები და ბიზნესკომპანიები საუნივერსიტეტო სივრცეში გააცნოს.

„უნივერსიტეტში ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილია საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედი 60 ავტორიტეტული კომპანია. ისინი ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს არსებულ ვაკანსიებს სთავაზობენ. ეს წარმატებით დასაქმების უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის. მსგავსი მიდგომების განვითარება ქვაკუთხედია ჩვენი უნივერსიტეტისათვის, რაც ერთი მხრივ, მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მეორე მხრივ, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის უწყვეტი კავშირის შენარჩუნება-განვითარებას ისახავს მიზნად. მოხარული ვართ, რომ დასაქმების ფორუმზე ქართული კომპანიების ასეთი სიმრავლეა. თითოეულ მათგანს, სწორედ უნივერსიტეტის მიერ აღზრდილ კვალიფიციურ კადრებზე დაყრდნობით, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა სტუ-ის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა.

სტუ-ის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმს ესწრებოდა „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს“ (SDSU-G) დეკანი, პროფესორი ჰალილ გიუვენი, რომელმაც უნივერსიტეტს მნიშვნელოვან წამოწყებაში წარმატება უსურვა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩვენი პარტნიორობა 2014 წელს დაიწყო. მას შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთობლივი ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით. შედეგად, სტუდენტები ერთდროულად იღებენ სან დიეგოს სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების დიპლომებს. მივესალმებით ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის ამ მნიშვნელოვან წამოწყებას, რადგან როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაინტერესებული ვართ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პროგრამების ამოქმედებით“, - განაცხადა პროფესორმა ჰალილ გიუვენმა.

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი საზრუნავი სტუდენტი და კურსდამთავრებულია.

ჩვენი უმთავრესი საზრუნავი სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან. ვზრუნავთ, როგორც ახალგაზრდების განათლებაზე, ასევე მათ კარიერულ ზრდასა და ღირსეულად დასაქმებაზე. სწორედ უნივერსიტეტია ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის. ყველა ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა ისწავლოს და განვითარდეს, უნივერსიტეტი კი მზად არის ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ“, - აღნიშნა ნატო ქათამაძემ.

„დასაქმების ფორუმი - 2022”-ის მონაწილე 60 ორგანიზაციას შორის იყვნენ: RMG, საქართველოს რკინიგზა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, „დომუსი“, „ანაგი“, GWP, „ჰაიდელბერგცემენტი“, „ენერგო პრო ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „საქკაბელი“, „თბილისი ენერჯი“ „ჯორჯიან მანგანეზი“, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ღვინის კომპანიები, სასტუმროები - „პარაგრაფი“, „შერატონი“, „ჰილტონი“, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო