საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოფელ სვიანა-როსტიანის მოსახლეობის მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით მედიაში გასულ სიუჟეტზე ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სოფელ სვიანა-როსტიანის მცხოვრებთა მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მედიაში გასულ სიუჟეტში დეპარტამენტის თანამშრომლის სახელით სხვა ადამიანის კომენტარი გაავრცელეს.

კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ თანამშრომელს ჟურნალისტთან საუბრისას რეალურად, კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა სიუჟეტში არ გამოიყენა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მიწოდებული წერილობითი განმარტება.

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოგვიწია ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებების გავრცელება, გუშინდელმა შემთხვევამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს.

სიუჟეტში, რომელიც მომზადდა სოფელ სვიანა-როსტიანის მაცხოვრებელთა მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა არ გამოიყენა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მიწოდებული წერილობითი განმარტება და სანაცვლოდ, გაავრცელა დეპარტამენტის თანამშრომლის მოდელირებული კომენტარი.

მოდელირება გამოიხატა იმაში, რომ სხვა ადამიანის სატელეფონო კომენტარის ტიტრებში მითითებული იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა. მეტიც, გამოყენებული იყო თანამშრომლის ფოტოსურათიც.

ამ შემთხვევას შეცდომად ნამდვილად ვერ ჩავთვლით, ვინაიდან, ჟურნალისტს უშუალოდ ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელთან, რომელსაც ამ საკითხზე მისთვის კომენტარი არ მიუცია და სთხოვა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება. სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი, ჟურნალისტი კვლავ დაუკავშირდა დეპარტამენტის თანამშრომელს და უმტკიცებდა რომ გასული კომენტარი ნამდვილად მას ეკუთვნოდა, თუმცა, შესთავაზა სიუჟეტიდან მისი ამოღება მაშინ, როდესაც სიუჟეტი ტელეკომპანიის მთავარ გამოშვებაში უკვე გასული იყო.

გასაგებია, რომ დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება, სიუჟეტს სასურველ სიმწვავეს დაუკარგავდა, მაგრამ, ჟურნალისტური სტანდარტის ასეთი უხეში დარღვევა, სწორედ მაყურებლის, საზოგადოების უკიდურესი უპატივცემულობაა.

ამასთან, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაციას, რომელიც არ იქნა გამოყენებული სიუჟეტის მომზადებისას.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, სვიანა-როსტიანის სოფლის მოსახლეობასთან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია გამართეს. მოისმინეს მათი ყველა პრობლემა დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით. მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ სახლები იმთავითვე დაზიანებული იყო და გზის მშენებლობას ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. უფრო მეტიც, სოფელი სვიანა-როსტიანი მდებარეობს მშენებარე გზიდან 200 მეტრის დაშორებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსახლეობას პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა. კომუნიკაცია მოსახლეობასთან გრძელდება და გაგრძელდება საბოლოო შეთანხმებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო