ბექა ლილუაშვილი - ყველა, ვისაც შეიძლება რაიმე წვლილი ჰქონდეს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაში, პასუხისგებაში უნდა მიეცეს, თუმცა ამის გარდა, ვერ წარმომიდგენია თბილისის მერმა როგორ უნდა გააგრძელოს ქალაქის მართვა

ვერ წარმომიდგენია დედაქალაქის მერმა როგორ უნდა გააგრძელოს ამ ქალაქის მართვა , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, აბსოლუტურად ყველა, ვისაც შეიძლება, რამე წვლილი ჰქონდეს ამ საკითხში, უმკაცრესად, შესაბამის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

„აქ უბრალოდ სიტყვები ზედმეტია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. რაც მოხდა, ეს არის წარმოუდგენელი. მე არ მინდა პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, მაგრამ ერთი რამეა, სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საერთოდ არ არის საუბარი, აბსოლუტურად ყველა, ვისაც შეიძლება რაიმე წვლილი ჰქონდეს ამ საკითხში, უმკაცრესად, შესაბამის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. მაგრამ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა... ძალიან მძიმე იქნება და მე ვერ წარმომიდგენია დედაქალაქის მერმა როგორ უნდა გააგრძელოს ამ ქალაქის მართვა. ძალიან ძნელად წარმომიდგენია, თუმცა ეს მისი არჩევანია და როგორც გადაწყვეტს, იმის მიხედვით მოუწევს ამ ტვირთის ტარება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მომხდარი ტრაგედიის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და მექანიზმი არის ინსტრუმენტალიზებული პოლიტიკური, მათ შორის კორუფციული გარიგებების თვალსაზრისით.

„სამწუხაროა ის, რომ სამართლებრივი რეაგირების ნაწილშიც, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ სწორად იქნება პროცესები წარმართული. რამდენადაც მე ვნახე, შემსრულებელი კომპანიის მიმართაც არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს, მისი წარსულის გამოცდილებასთან დაკავშირებით. სამართლებრივი ასპექტები ყოფილა მანამდე, შავი სია... მოკლედ ძალიან ბევრი საკითხია.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, საერთოდ მოცემულობა როგორია? რა იწვევს ასეთ შემთხვევებს, ამ რისკებს? მათ შორის კორუფციული საკითხები არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სხვა მსგავსი შესაძლო და მომხდარი ფაქტების. ჩვენ გვახსოვს გზის გადასასვლელის ჩამონგრევა, მეტროსადგურის ჭერის ჩამონგრევა, გაჩერების წაქცევა, არაერთი სახელმწიფო შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივ ნაწილში პრობლემები, მაგრამ რაც მოხდა ახლა, სამწუხაროდ ასეთი რამ არ მახსენდება.

ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და მექანიზმი არის იმდენად ინსტრუმენტალიზებული პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ მათ შორის კორუფციული გარიგებების თვალსაზრისით, ამის არაერთი შემთხვევა არსებობს, რომ სამუშაო შესრულების მოტივი, გარდა იმისა, რომ პროდუქტი, რასაც ყიდულობს სახელმწიფო, შესრულდეს ხარისხიანად, ეფექტიანად და შედეგიანად ისე, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამის გარდა, როცა კომპანიების შერჩევის, დაკონტრაქტების და გარიგებების ნაწილში მოტივად შემოდის სხვა ასპექტები, მაგალითად პოლიტიკური აფილიაცია, შემოწირულებები თუ სხვა. ასეთ სისტემაში აუცილებლად იქნება რისკი, რომ შემსრულებელმა პოლიტიკური გარიგებების შედეგად არ გამოიყენოს სათანადო მასალა, დანადგარი თუ სხვა და შეიქმნას რისკები, რომელიც გამართული სისტემის შემთხვევაში არ იქნებოდა. მეორე საკითხია, რომ როდესაც განცხადებას აკეთებს მერია, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ჩაიბარა, გამოდის, რომ ჩაბარების მექანიზმი იქნება თუ შემოწმების, ეს მექანიზმიც არ მუშაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენელია, გუშინ ზარ-ზეიმით ჩაბარების შემდეგ, რომლის ფოტომასალაც რატომღაც გაქრა, გუშინდელი ღონისძიების შემდეგ დღეს ასეთი ტრაგედია მომხდარიყო“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო