ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი - რუსეთის ძალების წარმატებულმა ქმედებებმა უკრაინაში, საქართველოში „ცხელი თავები“ გააღვიძა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი - რუსეთის ძალების წარმატებულმა ქმედებებმა უკრაინაში, საქართველოში „ცხელი თავები“ გააღვიძა

რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების წარმატებულმა ქმედებებმა 10 ოქტომბერს უკრაინაში, გარკვეულწილად, გააღვიძა საქართველოში უდავოდ არსებული ცხელი თავები. ამის შესახებ გაზეთ “სამხრეთ ოსეთისთვის" მიცემულ კომენტარში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ანატოლი პლიევმა განაცხადა.

„ჩვენ სრულად ვაკვირდებით სიტუაციას, ამიტომ შეშფოთების მიზეზს ვერ ვხედავთ. მეორე ფრონტს, დღევანდელი პროგნოზით, საქართველო ჯერ არ გახსნის. საქართველოს არ აინტერესებს მონაწილეობა სამხედრო კონფლიქტებში, ქართულ პოლიტიკურ ელიტას ეს მშვენივრად ესმის“, - განაცხადა პლიევმა.

მან გაიხსენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებაზე.

„სიტუაციის ობიექტურად შეფასებისას, მიმაჩნია, რომ უახლოეს მომავალში, რესპუბლიკას, საქართველოს მხრიდან, სამხედრო მოქმედებები არ ემუქრება. თუმცა, რა თქმა უნდა, რთულია გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზების გაკეთება, რადგან არავინ იცის, რას ფიქრობს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი. ამის მაგალითია 2008 წელი. მაგრამ, ვიმეორებ, ამ დროისთვის არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საქართველო დაიწყებს რაიმე სამხედრო ქმედებებს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ ყველანაირ ინფორმაციას, რომელსაც, შესაბამისად, ვაანალიზებთ და ვაცნობებთ ჩვენს რუს კოლეგებს. რუსეთმა იცის ყველაფერი, რაც ხდება. "სამხრეთ ოსეთისთვის" სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, საქართველო მიიღებს საპასუხო ზომებს, მაგრამ არა ისეთს, როგორც 2008 წელს, არამედ უფრო ეფექტურს“, - დაასკვნა ანატოლი პლიევმა.