მარიკა არევაძე - იმედი მაქვს, საპარლამენტო ოპოზიციის არჩევანი არ შეჩერდება მხოლოდ ერთ კანდიდატზე

სახალხო დამცველის კანდიდატი, მარიკა არევაძე შეფასების სამუშაო ჯგუფის შედეგებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ კანდიდატების მაღალი შეფასებები ცხადყოფს არა ერთი კანდიდატის შესაბამისობას სახალხო დამცველის თანამდებობაზე.

„სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით ომბუდსმენობის მსურველთა მნიშვნელოვან ნაწილს გვაქვს მაღალი შეფასებები, რაც ცხადყოფს არა ერთი კანდიდატის შესაბამისობას სახალხო დამცველის თანამდებობაზე. პროცედურის მიხედვით არაუგვიანეს 21 ოქტომბრისა, საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეარჩიონ მინიმუმ 7 კანდიდატი, რომელთა წარდგენაც მოხდება პარლამენტისათვის დასამტკიცებლად. იმედი მაქვს, რომ კონკურენტუნარიანი გარემოს შესანარჩუნებლად ოპოზიციის მხრიდან ყველა საჭირო ნაბიჯი იქნება გადადგმული და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მათი არჩევანი არ შეჩერდება მხოლოდ ერთ კანდიდატზე.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესი და შედეგი ეხმიანება ევროკომისიის რეკომენდაციების პაკეტის არა მხოლოდ მე-12 პუნქტს, არამედ პირველ პუნქტსაც. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისათვის პირველ პუნქტად პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა არის მითითებული, სადაც აღნიშნულია, რომ „ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით". შესაბამისად, სახალხო დამცვლის არჩევა პრაქტიკულად წარმოადგენს ტესტს ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, შეძლებენ თუ არა ისინი იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და დროებით მაინც გვერდზე გადადონ პოლიტიკური დღის წესრიგი და პარტიული ინტერესები.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფის შეფასებები არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და პარტიებისათვის შეფასებებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ან/და შემზღუდავი ხასიათი, თუმცა ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, საპარლამენტო პოლიტიკური ძალები მეტწილად დაეყრდნობიან შეფასების სამუშაო ჯგუფის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება კანდიდატების წარდგენის პროცესში. ამასთან, ვთვლიდი და ვთვლი, რომ ოპოზიციის მხრიდან კანდიდატების დასახელებამდე ან არ დასახელებამდე მნიშვნელოვანია შედგეს შეხვედრები მინიმუმ იმ კანდიდატებთან, ვინც ამის სურვილი გამოვთქვით და არჩევანის გაკეთებამდე მოისმინონ ჩვენი ხედვები. სწორედ ამიტომ, კანდიდატად რეგისტრაციის შემდგომ მივმართე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს და გამოვთქვი მათთან შეხვედრის სურვილი. გარკვეულ ნაწილთან შეხვედრები შედგა და ვფიქრობ, რომ თითოეული ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, რათა გამეცნო მათთვის ჩემი ხედვები ინსტიტუციის განვითარების შესახებ. ოპოზიციის დარჩენილ ნაწილთან შეხვედრის ორგანიზებას დღემდე ველოდები და იმედს ვიტოვებ, რომ მათთან შეხვედრის საშუალებაც მომეცემა", - აცხადებს სახალხო დამცველის კანდიდატი, მარიკა არევაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო