ქართველი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით „თიბისიმ“, DFC-იმ და USAID-მა 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს

„თიბისიმ“, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს.

„თიბისის“ ინფორმაციით, USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამებთან ერთად, ახალი საგარანტიო პროგრამა თიბისის საშუალებას მისცემს გასცეს 30 მილიონი დოლარის ოდენობის სესხები ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. პროგრამა ორიენტირებულიაქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და საქართველოს რეგიონების განვითარებაზე, რის შედეგადაც შეიქმნება ათასობით მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილი და დაეხმარება ბიზნესებს შემოსავლების გაზრდაში.

აღნიშნული გარანტია თანხვედრაშია „თიბისის“, USAID-ისა და DFC-ის საერთო ინტერესებთან, ხელი შეუწყონ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. USAID-ის მიერ დაფინანსებული და DFC-ის მიერ თიბისი ბანკისთვის მიწოდებული სესხის პორტფელის გარანტია ასევე დაეხმარება იმ ქართველ მეწარმეებს, რომლებიც ცდილობენ ახალი ბიზნესის დაწყებას, ან ახალ სფეროებში გაფართოებას.

„თიბისი ბანკთან“ გაფორმებული საგარანტიო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მცირე ბიზნესებისა და სტარტაპების განვითარებისთვის საჭირო რესურსების მიწოდების გზით, ასევე, შექმნის მეტი თანამშრომლის დაქირავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების შესაძლებლობას. USAID ამაყობს, რომ საქართველოს კერძო სექტორთან პარტნიორობით მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, რეგიონული განვითარებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის, რაც დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე“ - აცხადებს USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში, ჯონ პენელი.

„აღნიშნული საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერა ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს პარტნიორობას DFC-სა და USAID-თან. საგარანტიო პროგრამა თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონში მოქმედ მცირე ბიზნესებზე, სტარტაპებსა და ქალ -მეწარმეებზე. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ამ სეგმენტის მდგრად განვითარებას, რაც თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ DFC-სთან და USAID-თან თანამშრომლობას და იმედი მაქვს, რომ მომავალში არაერთ წარმატებულ ტრანზაქციას განვახორციელებთ ერთად“ - აცხადებს „თიბისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„DFC-ის მიერ „თიბისი ბანკისთვის“ მიწოდებული გარანტია, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით შედგა, გაზრდის ქართული მცირე ბიზნესისთვის მეტად საჭირო დაფინანსებას. ამ რესურსის მობილიზება მოხდება სოფლად მცხოვრებ მეწარმეებზე, ნაკლებად განვითარებულ რეგიონებსა და ქალ მეწარმეებზე, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებს DFC-ის აღმასრულებელი დირექტორი, სკოტ ნათანი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო