დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერიას დაქვემდებარებულ უწყებებს ავალებს, ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება განახორციელონ, რომლის ექსპერტიზაც შპს „მშენ ექსპერტმა“ შეასრულა.
კახა კალაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი აღარასდროს განმეორდეს.
„მინდა დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენ ექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნას გვავალდებულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.